დიმიტრი ქუმსიშვილი: ბათუმის განახლებული სატრანსპორტო სისტემა კიდევ უფრო უკეთ მოემსახურება როგორც ადგილობრივ მოსახლეობას, ასევე ტურისტებს

საქართველო, თბილისი - 19:12 | 13.07.2017
ნანახია: 1214

„მთელი გულით მინდა ბათუმს მივულოცო ეს შენაძენი, რომელიც უახლესი 1-1,5 წლის განმავლობაში ამ ქალაქში გამოჩნდება. ის შესაძლებლობას მისცემს ბათუმის სატრანსპორტო სისტემას კიდევ უფრო უკეთ მოემსახუროს როგორც ადგილობრივ მოსახლეობას, ასევე ტურისტებს“, - განაცხადა პირველმა ვიცე-პრემიერმა, ფინანსთა მინისტრმა, დიმიტრი ქუმსიშვილმა ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკთან (EBRD) ხელშეკრულების ხელმოწერის ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას.

ხელშეკრულების თანახმად, ბათუმის საქალაქო სატრანსპორტო პარკი 10 ელექტრო და 20 დიზელზე მომუშავე ავტობუსით შეივსება.

პირველი ვიცე-პრემიერის, დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, ეს უნდა იყოს დასაწყისი ბათუმში სატრანსპორტო რეფორმისა, რომელიც აღნიშნულ ქალაქს ეკოლოგიური თვალსაზრისით უფრო მიმზიდველს გახდის, სადაც, მისი თქმით, ეკოლოგია იქნება მაქსიმალურად დაცული და სადაც, რაც შეიძლება მეტი ქუჩა იქნება საფეხმავლო ან იმოძრავებენ მხოლოდ ელექტრო ავტობუსები.

თავის გამოსვლაში, პირველმა ვიცე-პრემიერმა მადლობა გადაუხადა პროექტში მონაწილე ყველა მხარეს. დიმიტრი ქუმსიშვილმა განსაკუთრებით გამოყო საქართველოში ევროკავშირის ელჩი როლი.

„მადლობა მინდა გადავუხადო ევროკავშირის ელჩს ჩვენს ქვეყანაში.  მისი მხარდაჭერით, იმ პროექტით, რომელიც ბათუმის მერიამ EBRD-თან ერთად მოამზადა, საბოლოო ჯამში, საგრანტო კომპონენტის თანადაფინანსება მივიღეთ“, - განაცხადა პირველმა ვიცე-პრემიერმა. 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე