ბოლო 6 - თვეში, ტურისტთა რაოდენობა 29%–ით გაიზარდა - პრემიერი

საქართველო, თბილისი - 11:37 | 06.07.2017
ნანახია: 1203

„ბოლო 6 თვის მონაცემებით, ტურისტთა რაოდენობა არის 29%–ით გაზრდილი, რაც კარგი მაჩვენებელია”, - ამის შესახებ პრემიერ–მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა. 

პრემიერის თქმით, ივნისში საქართველოს 330 000-მდე ტურისტი ეწვია და შედეგად, ივნისის თვეში ტურისტების რაოდენობის ზრდის უპრეცედენტო მაჩვენებელი - 43%-იანი ზრდა დაფიქსირდა.

„ეს არის იმ ტურისტების რიცხვი, რომლებმაც 24 საათი და მეტი დაჰყვეს საქართველოში და მათი რაოდენობა თითქმის 99 000-ით მეტია 2016 წლის ივნისის მაჩვენებელზე. ბოლო 6 თვის მონაცემებით, ტურისტთა რაოდენობა არის 29%–ით გაზრდილი, რაც კარგი მაჩვენებელია. ასევე მნიშვნელოვანია, რომ ტურისტების შემოსვლა ჩვენს ქვეყანაში იზრდება როგორც რეგიონის, ასევე ევროკავშირის ქვეყნებიდან - ავსტრია +54%, ნიდერლანდები +36%, გერმანია +32%, გაერთიანებული სამეფო +28% და მე დიდი იმედი მაქვს, რომ მას შემდეგ რაც ჩვენ გვაქვს პირდაპირი ფრენები ლონდონის მიმართულებით, როგორც ქუთაისიდან, ასევე თბილისიდან, კიდევ უფრო მეტი ტურისტი შემოვა გაერთიანებული სამეფოდან. საფრანგეთიდან გვაქვს 23%–იანი ზრდა და ლიტვა 17%. ამასთან, მნიშვნელოვნად არის გაზრდილი ტურისტების რიცხვი აზიის ქვეყნებიდანაც. თითოეული დამატებით შემოსული ტურისტი ნიშნავს დამატებით შემოსავალს ჩვენი მოსახლეობის პირად ბიუჯეტში და იმ ადამიანების ბიუჯეტში, რომლებიც სხვადასხვა ფორმით იღებენ სარგებელს ტურიზმიდან–ვაჭრობა, მცირე სასტუმროები, ტრანსპორტი, სოფლის მეურნეობა, სხვადასხვა ტიპის მომსახურება", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა. 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე