საქართველო-ყაზახეთის ბიზნეს-ფორუმი გაიმართა

საქართველო, თბილისი - 17:23 | 03.07.2017
ნანახია: 1433

სასტუმრო „რედისონ ბლუ ივერია“-ში საქართველო-ყაზახეთის ბიზნეს-ფორუმი გაიმართა.  ყაზახეთის ბიზნეს-დელეგაციის ვიზიტს ორგანიზება  საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატამ,  სს „ყაზახ-ინვესტმა“ და ყაზახეთის რესპუბლიკის ინვესტიციების და განვითარების სამინისტრომ გაუწიეს.   

ღონისძიება  ყაზახეთის საგანგებო და სრულუფლებიანმა  ელჩმა საქართველოში- ერმუხამეტ ერტისბაევმა და საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტმა- ნინო ჩიქოვანმა გახსნეს.  პირველ ნაწილში გაკეთდა   ყაზახური კომპანიების პრეზენტაციები, ღონისძიების მეორე ნაწილში კი ორი ქვეყნის ბიზნეს-სექტორებს საშუალება ჰქონდათ  ორმხრივი შეხვედრები გაემართათ  და სამომავლო თანამშრომლობის შესახებ პოტენციურ ბიზნეს-პარტნიორებთან ესაუბრათ.

ყაზახურ ბიზნეს-დელეგაციაში რამდენიმე სექტორი იყო  წარმოდგენილი: საკვები პროდუქტები, სამშენებლო მასალები, საინჟინრო სექტორი, ფარმაცევტიკა, მეტალურგია, შეფუთვა  და ქიმწმენდა. ფორუმში მონაწილეობის მისაღებად საქართველოში 20-მდე ყაზახური კომპანია ჩამოვიდა.   ფორუმზე დასწრებისა და ბიზნესის ორმხრივ შეხვედრებში მონაწილეობის სურვილი 75-მდე ქართულმა კომპანიამ გამოთქვა.

ბიზნეს ფორუმი პარალელურად, ყაზახეთის ბიზნეს-დელეგაცია ვიზიტის ფარგლებში შეხვედრებს მართავს სახელმწიფო ორგანოებთან. ერთ-ერთი მთავარი თემა  სახელმწიფო შესყიდვებში ყაზახური კომპანიების მონაწილეობაა.  ასევე, იგეგმება შეხვედრა საქართველოს პირველ ვიცე-პრემიერთან, ფინანსთა მინისტრ- დიმიტრი ქუმსიშვილთან. ყაზახურ მხარეს ასევე ექნება შესაძლებლობა სოფლის მეურნეობის სამინისტროში აქვაკულტურის თემაზე შეხვედრა გამართოს.

საკვები სურსათის შესაფუთი მასალის მწარმოებელი კომპანიები სამომავლო  თანამშრომლობაზე სამსჯელოდ  საპრეზენტაციო შეხვედრას გამართავენ „გუდვილი-დიღომი“-ს წარმომადგენლებთან.

ეს უკვე მეოთხე ღონისძიებაა, რომელიც საქართველოში „ყაზახ ინვესტის“ ხელშეწყობით ტარდება. ჩატარებული სამი ღონისძიების შედეგად ქართულ და ყაზახურ კომპანიებს შორის 10 მილიონ ამერიკულ დოლარამდე ღირებულების კონტაქტები გაფორმდა.

2016 წლის მონაცემებით,  საქართველოსა და ყაზახეთს შორის სავაჭრო ბრუნვა 41,2 მლნ. ამერიკულ დოლარს აღწევდა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე