საქართველო და თურქეთი თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმების მაქსიმალურად გაფართოებაზე შეთანხმდნენ

საქართველო, თბილისი - 14:41 | 23.05.2017
ნანახია: 1249

საქართველო და თურქეთი თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმების მაქსიმალურად გაფართოებაზე შეთანხმდნენ. როგორც საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა საქართველოსა და თურქეთის პრემიერ-მინისტრების ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა, აღნიშნულით  ქართული პროდუქცია უფრო ფართოდ გავა თურქეთის ბაზარზე.

„გამოვხატეთ განსაკუთრებული დაინტერესება თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმების მაქსიმალურად გაფართოებასა და მის ორმხრივ სარგებელთან დაკავშირებით, რაც საშუალებას მოგვცემს, ქართული პროდუქცია უფრო ფართოდ გავიტანოთ თურქეთის ბაზარზე და რა თქმა უნდა, ჩვენი მხრიდანაც მაქსიმალურად გავხსნათ კარი ორმხრივი თანამშრომლობისთვის“, განაცხადა კვირიკაშვილმა.

როგორც პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, შეხვედრაზე ორი ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა

მსხვილ სატრანსპორტო-ენერგეტიკულ პროექტებში წარმატებულ თანამშრომლობასა და პერსპექტივებზე იმსჯელეს.

„ამ თვალსაზრისით, აღინიშნა ბაქო-თბილის-ყარსის პირველი განშტოების დასრულების მნიშვნელობა 2017 წლის ზაფხულისთვის, რაც კიდევ უფრო აამაღლებს ევროპა-აზიის დამაკავშირებელი სატრანსპორტო დერეფნის კონკურენტუნარიანობას. დავაფიქსირეთ მხარეთა მზაობა, განვაგრძოთ მჭიდრო ურთიერთობა სამხრეთის ენერგეტიკული დერეფნის პროექტის რეალიზაციისა და კასპიის ენერგორესურსების დასავლეთისაკენ ტრანსპორტირების უზრუნველსაყოფად.

კმაყოფილებით აღვნიშნეთ მჭიდრო თანამშრომლობა და მისი შემდგომი გაღრმავების პერსპექტივები კულტურის, იუსტიციის, საბაჟო და სხვა სფეროებში. ამ კონტექსტში მისასალმებელია დღეს ხელმოწერილი ორმხრივი დოკუმენტები ეკონომიკის, იუსტიციის, კიბერუსაფრთხოებისა და კულტურის სფეროებში, რაც კიდევ უფრო  გააფართოებს ისედაც საფუძვლიან ორმხრივ სამართლებრივ ბაზას“, აღნიშნა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე