საქართველოს მაღალი მწვერვალები ზეცას აახლოებს ქვეყანას - ტალებ რიფაი

საქართველო, თბილისი - 14:21 | 05.04.2017
ნანახია: 1377

საქართველო გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის ევროპისა და აზიის მთის კურორტების მესამე კონფერენციაზე, რომელიც საქართველოში იმართება, კონფერენციის მონაწილეებს სიტყვით მიმართა გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალურმა მდივანმა. ტალებ რიფაიმ ესპანეთში გიორგი კვირიკაშვილის ვიზიტი გაიხსენა და აღნიშნა, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ყველაზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა.

„თქვენი აქ ყოფნა, პრემიერ-მინისტრო, ძლიერი და ნათელი გზავნილია, რომელიც ჩვენ გვესმის, პატივს ვცემთ და ვაფასებთ. ტურიზმის განვითარების არც ერთი წინაპირობა არ იქნება ეფექტური, თუ პოლიტიკურ ლიდერებს ამის არ სწამთ. ჩვენს პირად გამოცდილებაზე დაყრდნობით, ამ კუთხით თქვენ შესანიშნავი ლიდერი ბრძანდებით. დიდი მადლობა, პრემიერ-მინისტრო“, - მიმართა ტალებ რიფაიმ გიორგი კვირიკაშვილს.

გენერალურმა მდივანმა აღნიშნა, რომ გაეროს ტურიზმის მსოფლიო ორგანიზაცია  საქართველოსთან უაღრესად მნიშვნელოვანი, ხანგრძლივი, და თვალსაჩინო თანამშრომლობით ამაყობს.

ტალებ რიფაის შეფასებით, ეს პარტნიორობა ემყარება ერთიან ხედვას, რომლის თანახმადაც ტურიზმს ტრანსფორმაციული უნარი, ხალხისა და პლანეტისათვის უკეთესი მომავლის შექმნის პოტენციალი აქვს.

მისივე თქმით, საქართველოს ხელისუფლების ძალისხმევისა და ხედვის ეფექტურობაზე სამი უმნიშვნელოვანესი მიღწევა მიუთითებს - უცხოელ ტურისტთა რაოდენობა განუწყვეტლივ ზრდა; მოგზაურობის გამარტივება და სავიზო რეჟიმის ცვლილება და სამთო კურორტების განვითარებისკენ მიმართული ძალისხმევა.

„ჩვენ ვერ გავუწევთ ქვეყანას პოპულარიზაციას, თუ ხალხი ამ ქვეყანაში ჩასვლას საზღვრის კვეთასთან დაკავშირებული ფორმალობებისა თუ გზების არასაკმარისი რაოდენობის გამო მარტივად ვერ ახერხებს. პრემიერ-მინისტრო, თქვენ მნიშვნელოვანი შრომა გასწიეთ. ჩვენ დავეხმარებით საქართველოს, ჩამოყალიბდეს ღირსეულ მნიშვნელოვან სამთო დანიშნულების ცენტრად.

„ჩამოდით საქართველოში, ჩამოდით კავკასიაში. ხელით შეეხეთ ღრუბლებს. ღრმად ჩაისუნთქეთ, გაიუმჯობესეთ განწყობა. მიუახლოვდით ღმერთებს და იცხოვრეთ მაღლა“. თითოეული ამ წინადადებათაგანი სრულად ასახავს იმას, თუ რა არის საქართველო და რა შეუძლია იყოს - ძალიან მნიშვნელოვანი სამთო დანიშნულების ადგილი“, - განაცხადა ტალებ რიფაიმ.

გენერალური მდივნის განცხადებით, მას ეამაყება, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრი საკუთარ თავს სამთო კურორტების განვითარების მენეჯერად მოიხსენიებს.

„საქართველოს ტერიტორიის 65%-ს მთები წარმოადგენს. ქართველებს უყვართ თავიანთი მთები. ქართველები ძალიან ამაყები, პატიოსანი და კეთილნი არიან. ეს უჩვეულო კომბინაციაა - როდესაც ამაყი ადამიანი ამავდროულად კეთილი და სტუმართმოყვარეა. უნდა იამაყო იმით, რაც გაქვს და ამავდროულად, უნდა იყო კეთილი და მორიდებული, რათა ვიზიტორების მიღება შეძლო და ქართველები სწორედ ასეთები არიან. საქართველომ უნდა გააცნოს თავი მსოფლიოს, როგორც ღრმა კულტურისა და მაღალი მწვერვალების ქვეყანამ - ღრმა კულტურა ქვეყნის ფესვებშია განსხეულებული, მაღალი მწვერვალები კი ზეცას აახლოებს ქვეყანას. ეს საქართველოს ნამდვილი ძალაა“, - განაცხადა ტალებ რიფაიმ.

გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალური მდივნის შეფასებით, საქართველოს საუკეთესო მახასიათებელი ქართველები არიან, რაც მას განასხვავებს.

„თქვენ ნამდვილად განსაკუთრებული ადამიანები ხართ და უნდა იამაყოთ ამით. სწორედ ამიტომ განაგრძობს ხალხი საქართველოში ვიზიტს და ამ ინდუსტრიის განვითარებას, რადგან მიუხედავად იმისა, თუ რას ვაკეთებთ, ჩვენი უმთავრესი დანიშნულება ამ სამყაროს უკეთეს ადგილად ქცევა უნდა იყოს. მიუხედავად ამისა, ეს მხოლოდ მაშინ მოხდება, თუ მოგზაურობის დროს ჩვენ არ დავივიწყებთ ბუნების, კულტურის, მასპინძელი საზოგადოების პატივისცემას. სწორედ ამიტომ, ამ წლის დევიზია:“ იმოგზაურე, ისიამოვნე, პატივი ეცი“. პატივი ეცი ხალხს, საქართველოს, ღმერთმა დაგლოცოთ, ეს შესანიშნავი ქვეყანაა“,- აღნიშნა გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალურმა მდივანმა.

ორდღიანი კონფერენციის თემაა - ინოვაციური სტრატეგიები სამთო ტურიზმის მდგრადი განვითარებისთვის. კონფერენცია მიზნად ისახავს  მთის კურორტების უფრო ფართო ფორმატით მიმოხილვას და სამ მნიშვნელოვან თემას მოიცავს - მდგრადი განვითარება და დაგეგმვა; ინვესტიციები და სტიმულირება; ოპერაციული საკითხები. კონფერენციაში სამთო ტურიზმის მსოფლიოში ცნობილი ექპერტები და სფეროს წარმომადგენლები მონაწილეობენ.

 



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე