დიმიტრი ქუმსიშვილი: ჩვენი ამოცანაა, მთის მოსახლეობას ხელი შევუწყოთ ადგილზე განვითარებისათვის

საქართველო, თბილისი - 13:33 | 22.03.2017
ნანახია: 1136

მთის განვითარების საბჭომ, რომლის სხდომას პირველი ვიცე-პრემიერი, ფინანსთა  მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი ხელმძღვანელობდა, 2017 წელს მაღალმთიანი დასახლებების განვითარების ფონდიდან თანხის განაწილების საკითხზე იმსჯელა. გადაწყდა, რომ ბიუჯეტიდან ამ მიზნით გათვალისწინებული 20 მილიონი ლარიდან, 10 მილიონი ლარი მაღალმთიან დასახლებებში მიკრო და მცირე მეწარმეობის მხარდასაჭერად გამოყოფა, დანარჩენი თანხით კი ინფრასტრუქტურული პროექტები დაფინანსდება.

სხდომის დასაწყისში, პირველმა ვიცე-პრემიერმა დიმიტრი ქუმსიშვილმა დადებითად შეაფასა მაღალმთიანი დასახლებების განვითარების ფონდიდან 2016 წელს განხორციელებული პროექტები. მისი განცხადებით, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ მიკრომეწარმეობის მხარდაჭერის მიმართულებით 1102 პროექტი და 1713 ბენეფიციარი დააფინანსა.

„ესაა კონკრეტული სამუშაო ადგილები; ესაა კონკრეტულად დაწყებული მცირე ბიზნესი და რაც მთავარია, ეს არის ის მიზანი, რაც მაღალმთიანი დასახლებების განვითარების ფონდს გააჩნია. ჩვენი ამოცანაა, დავამაგროთ ჩვენი მოსახლეობა მთაში და ხელი შევუწყოთ მას ადგილზე განვითარებისათვის,“ - განაცხადა პირველმა ვიცე-პრემიერმა დიმიტრი ქუმსიშვილმა. 

პირველმა ვიცე-პრემიერმა ასევე ისაუბრა რეგიონების განვითარების ფონდიდან 2016 წელს დაფინანსებულ პროექტებზე. კერძოდ, გასულ წელს 20 მუნიციპალიტეტში 33 ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდა.

მთის განვითარების საბჭოს სხდომას ასევე დაესწრნენ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი გახარია, სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი, გარემოსა და ბუნებრივი რესურსების მინისტრი გიგლა აგულაშვილი, აგრეთვე სხვა სამინისტროების ხელმძღვანელი პირები, მხარეების გუბერნატორები, საპარლამენტო კომიტეტებისა და ფრაქციების ხელმძღვანელები.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე