ბათუმში, მეწარმე ქალთა პირველ ბიზნესფორუმი გაიმართება

საქართველო, თბილისი - 18:08 | 30.01.2017
ნანახია: 1354

31 იანვარს, 10 საათზე, ბათუმში, სასტუმრო შერატონში “აჭარის ქალ ბიზნესმენთა ასოციაცია” საქართველოსა და აჭარის სავაჭრო-სამრეწველო პალატებთან ერთად მართავს  მეწარმე ქალთა პირველ ბიზნეს ფორუმს აჭარაში. მასში ოთხმოცამდე მეწარმე ქალი მიიღებს მონაწილეობას. ასევე მოწვეულნი არიან ადგილობრივი, რეგიონული და ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლები, არასამთავრობო და კერძო ორგანიზაციები. ღონისძიებას საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტი - ნინო ჩიქოვანიც დაესწრება.

ბიზნეს ფორუმის მიზანია:

ქალთა შესაძლებლობების გაძლიერება ქვეყნის ეკონომიკაში, კერძოდ კი, მცირე და საშუალო ბიზნესში, მათი ჩართულობის გაზრდით, საქმიანი ურთიერთობების გაღრმავებით და ახალი ბიზნეს კონტაქტების შეძენით;

ფორუმის თანაორგანიზატორები და მხარდამჭერები ასევე არიან რეგიონის ადგილობრივი თვითმმართველობები და მათი ახალი მუნიციპალური სერვისი „ქალთა ოთახი“. „აჭარის ქალ ბიზნესმენთა ასოციაციამ“ მუნიციპალურ ,,ქალთა ოთახებთან’’ პარტნიორობით უკვე დაიწყო მუშაობა სოფლად მცხოვრები ქალების მცირე და საშუალო ბიზნესში ჩართვაზე. სოფლად მცხოვრები მოსახლეობის ეკონომიკური შესაძლებლობებისა და ფინანსურ რესურსებზე ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით მუნიციპალიტეტის ,,ქალთა ოთახების’’ კოორდინატორებს ჩაუტარდათ ბიზნეს გეგმისა და ბიზნეს პროექტის წერის ტრენინგები, რამაც შემდგომში განაპირობა  მოსახლეობის ეკონომიკური და სოციალური აქტიურობა.

ორგანიზატორების განცხადებით, ფორუმი ხელს შეუწყობს ბიზნესში ჩართული ქალების ცნობიერების ამაღლებას ბიზნესის რეგულაციებზე და ქალთა როლზე ქვეყნის ეკონომიკის განვითარებაში; მათ გაუჩნდებათ სტიმული და მოტივაცია გაიჩინონ ახალი ბიზნეს პარტნიორები და განახორციელონ ახალი ბიზნეს იდეები.

მეწარმე ქალთა ბიზნეს ფორუმი შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს (SDC) მიერ დაფინანსებული და საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაცია „მერსი ქორფსი“-ს მიერ იმპლემენტირებული „მცირე კავკასიის ალიანსების პროგრამის“ ფასილიტაციით ჩატარდება.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე