EBRD საქართველოში ფინანსური დახმარებების მოცულობის ზრდას გეგმავს

საქართველო, თბილისი - 18:13 | 20.01.2017
ნანახია: 1455

პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა და ევროპის რეკონსტრუქციის და განვითარების ბანკის ( EBRD) პრეზიდენტმა სუმა ჩაკრაბარტიმ დავოსის მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში გამართულ შეხვედრაზე, საქართველოში ინვესტიციების ზრდის, კერძო სექტორის სტიმულირებისა და ბიზნესგარემოს განვითარების პერსპექტივები განიხილეს.
მხარეებმა ისაუბრეს EBRD-ის როლზე საქართველოს ეკონომიკის განვითარებაში და იმ ინვესტიციებზე, რომლებსაც ევროპის რეკონსტრუქციის და განვითარების ბანკი საქართველოში ახორციელებს. 
შეხვედრაზე აღინიშნა, რომ 2016 წელს EBRD-მა საქართველოში ინვესტიციების რეკორდული ოდენობა, დაახლოებით 250 მილიონი ევროს მოცულობით განახორციელა.
საუბრის ერთ-ერთი მთავარი თემა საქართველოს მთავრობის მიერ შემუშავებული რეფორმების გეგმა და მისი შემადგენელი ნაწილი-ქვეყნის სივრცითი მოწყობა იყო. 
სუმა ჩაკრაბარტის განცხადებით, EBRD-ი მხარდაჭერს უჭერს საქართველოში მიმდინარე რეფორმებს და ინვესტიციებისა და ფინანსური დახმარებების მოცულობის ზრდას გეგმავს. 
“პირველ რიგში, მე და პრემიერ-მინისტრი შევთანხმდით, რომ ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკსა და საქართველოს შორის თანამშრომლობა ძალიან კარგად ვითარდება. 2017 წლის გეგმები კიდევ უფრო ფართომასშტაბიანია. გამოვთქვამ იმედს, რომ წელს შევძლებთ 300 მილიონი ევროს ინვესტირებას საქართველოში. ასე რომ, ჩვენ ძალიან წარმატებული ურთიერთობა გვაკავშირებს და ეს ურთიერთობა მხოლოდ ინვესტიციებს არ მოიცავს. აქ ლაპარაკია ახალი სტრატეგიების მიღებაზე, ცვლილებების განხორციელებაზე, რის წყალობითაც საქართველო კიდევ უფრო მიმზიდველი გახდება ინვესტორებისთვის. 
საქართველოს ინვესტორთა საბჭო, რომელსაც თავმჯდომარეობს პრემიერ-მინისტრი, ძალიან გამართულად მუშაობს. ასევე აღსანიშნავია კონკურენციის სააგენტო და ენერგორესურსების ეფექტიანად გამოყენების გეგმა. ყველა ეს სფერო ძალიან წარმატებული და სასარგებლოა საქართველოსა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს შორის არსებული ურთიერთობებისთვის“, -განაცხადა სუმა ჩაკრაბატიმ.
დავოსში პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის ოფიციალური ვიზიტი დასრულდა.

 

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე