სახელმწიფო ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილი დაგეგმილთან მიმართებაში 100,5%-ით შესრულდა

საქართველო, თბილისი - 16:44 | 20.01.2017
ნანახია: 1390

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახურმა საქართველოს პარლამენტს წარუდგინა და საკუთარ ვებგვერდზე გამოაქვეყნა 2016 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების მაჩვენებლები.

ფინანსთა მინისტრის მოადგილის, სახაზინო სამსახურის უფროსის, ცოტნე ყავლაშვილის განცხადებით, სახელმწიფო ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილი შესრულებულია გადაჭარბებით, 100,5%-ით და ნომინალურ გამოსახულებაში 10 მილიარდ 374.0 მილიონი ლარია. მისი თქმით, შესრულებულია სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილიც და ნომინალურ გამოსახულებაში შეადგენს 10 მილიარდ 292,2 მილიონ ლარს,  გეგმა შესრულებულია  99,9%-ით.

„მნიშვნელოვანია, რომ 2016 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი შესრულებულია როგორც საშემოსავლო, ისე ხარჯვით ნაწილში და სახელმწიფოს მიერ დაფინანსებულია ბიუჯეტით გათვალისწინებული ყველა მნიშვნელოვანი პროექტი და ვალდებულება. ცალკე უნდა აღინიშნოს დონორების მიერ გამოყოფილი სახსრების ათვისების მაჩვენებლები, რაც გრანტების ნაწილში 120,3%-ით არის შესრულებული, ხოლო დაფინანსების ნაწილში - 100,4%-ით“,  - აღნიშნა ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, ცოტნე ყავლაშვილმა.  

ამასთან, სახელმწიფო ბიუჯეტის ანგარიშებზე არსებულმა თანხამ 2016 წლის 31 დეკემბრისთვის 704,2 მლნ ლარი შეადგინა, რაც 81,8 მლნ ლარით აღემატება წლის დასაწყისისთვის არსებულ მაჩვენებელს, ხოლო 61,8 მლნ ლარით - ბიუჯეტით განსაზღვრულ გეგმურ მაჩვენებელს.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე