პრეზიდენტმა ონლაინ-სესხების, მიკროსაფინანსოებისა და ბანკების ახალი რეგულაციების საკანონმდებლო პაკეტს ხელი მოაწერა

საქართველო, თბილისი - 12:32 | 13.01.2017
ნანახია: 1429

საქართველოს პრეზიდენტმა ონლაინ-სესხების, მიკროსაფინანსოებისა და ბანკების ახალ რეგულაციებთან დაკავშირებულ საკანონმდებლო პაკეტს ხელი მოაწერა. აღნიშნულ საკითხზე დღეს გამართულ ბრიფინგზე პრეზიდენტის ეკონომიკურმა მრჩეველმა მაია მიქელაძემ ისაუბრა.

მისი თქმით, კანონპროექტები ძალიან დეტალურად იქნა განხილული პრეზიდენტის ადმინისტრაციაში და ჩამოაყალიბეს გარკვეული შენიშნვები. მიქელაძის განმარტებით, შეჯერდნენ, სებ-თან შეთანხმებაზე, რომ ყველა ტექნიკური ხასიათის ხარვეზი აღმოფხვრილი იქნება.

,,ისინი უპირველეს ყოვლისა ეხება ლარიზაციას, ონლაინ სესხების შეზღუდვას, გალარების პოლიტიკას, საქართველოს სამოქალაქო კოდექსში შესულ ცვლილებებს, რომლებიც დაკავშირებულია მიკროსაფინანსო ორგანიზაციებთან და ამასთანავე, კომერციულ ბანკებთან. ჩვენ დეტალურად განვიხილეთ აღნიშნული კანონპროექტები და ჩამოგვიყალიბდა გარკვეული შენიშვნები: ამ რეგულაციების პირობებში დასაშვებია, რომ ფინანსურმა ინსტიტუტებმა გარკვეული პროდუქტები გააუქმონ, რაც ნეგატიურად აისახება საფინანსო სექტორზე. ამასთანავე, დასაშვებია, რომ საპროცენტო განაკვეთმა ლარში გაცემულ სესხებზე მომავალში აიწიოს. მნიშვნელოვანია ისიც, რომ ფულზე მოთხოვნა ამ რეგულაციების პირობებში არ შემცირდება და ალბათობა იმისა, რომ ამ მოთხოვნამ გადაინაცვლოს ჩრდილოვან სექტორში, საკმაოდ დიდია. ამათანავე, გვაქვს კითხვები საქართველოს პარლამენტის მხრიდან ამ კანონპროექტების ფორსირებულ რეჟიმში განხილვასა და მიღებასთან დაკავშირებით იმის ფონზე, რომ არ არსებობდა სათანადო კომუნიკაცია საფინანსო სექტორის წარმომადგენლებთან საკანონმდებლო ინიციატორების მხრიდან. ჩვენ გვქონდა ძალიან აქტიური კომუნიკაცია საფინანსო სექტორის წარმომადგენლებთან და საქართველოს ეროვნულ ბანკთან, მოვისმინეთ აბსოლუტურად ყველა მხარის შეხედულება და შევჯერდით საქართველოს ეროვნულ ბანკთან შეთანხმებაზე, რომ ყველა ის ტექნიკური ხასიათის ხარვეზი, რომელიც თან სდევს ამ კანონპროექტებს, საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ აღმოფხვრილი იქნება. ჩვენ ძალიან აქტიურად დავაკვირდებით ამ პროცესს” - განაცხადა მაია მიქელაძემ.





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე