მთავრობამ გალარების ერთჯერადი პროგრამა დაამტკიცა

საქართველო, თბილისი - 15:49 | 11.01.2017
ნანახია: 1289

საქართველოს მთავრობამ მიიღო დადგენილება და დაამტკიცა უცხოური სესხების გალარების ერთჯერადი პროგრამა. მისი მოქმედება 2017 წლის 17 იანვარს დაიწყება და 2 თვეს გასტანს.  მთავრობის დადგენილებით, გალარების პროგრამის განხორციელება საქართველოს ფინანსთა სამინისტროს და ეროვნულ ბანკს დაევალა.

მთავრობის სხდომის შემდეგ, საქართველოს პირველმა ვიცე-პრემიერმა, ფინანსთა მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა მედია საშუალებებისთვის კომენტარი გააკეთა.

პირველი ვიცე-პრემიერის, ფინანსთა მინისტრ დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, „2017 წლის ბიუჯეტის შესახებ კანონის შესაბამისად, საქართველოს მთავრობა უნდა დაედგინა წესი, რომლის მიხედვითაც მოხდებოდა ერთჯერადი გალარების სუბსიდირება. ამის შესაბამისად, დღეს ჩვენ საქართველოს მთავრობას წარვუდგინეთ ის კრიტერიუმები, რომლის მიხედვითაც მთავრობა მოახდენს სესხების გალარების სუბსიდირებას. მინდა  მინდა გამოვყო რამდენიმე მნიშვნელოვანი კრიტერიუმი.  აღნიშნული შეეხება ფიზიკურ პირებს, რომელთა წლიური შემოსავალი არ აღემატებოდა 100 ათას ლარს 2015 წლის განმავლობაში. ამავე დროს,  მათი მთლიანი სესხის ნაშთი არ იყო 40 ათას დოლარზე მეტი 2015 წლის 1-ლი იანვრისთვის, თუმცა, იმ შემთხვევაში, თუ მათ 2015 წლის 1-ლი იენვრიდან 2016 წლის 28 ნოემბრამდე სესხი დაფარეს, ამ შემთხვევაში, 28 ნოემბრისათვის არსებული ნაშთის სუბსიდიას განახორციელებს საქართველოს მთავრობა. აქვე მინდა აღვნიშნო, რომ შესაძლებელია მსესხებელს ჰქონდეს მეტი სესხი, თუმცა იმ ნაწილზე საქართველოს მთავრობა სუბსიდირებას არ განახორციელებს და ეს იქნება მსესხებლის გადაწყვეტილება,“ - განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.

პირველი ვიცე-პრემიერის განცხადებით, აღნიშნულით ეროვნულ ვალუტაზე ზეწოლა შემცირდება  იმიტომ, რომ მსესხებლებს, რომლებსაც ყოველთვიურად უწევდათ ვალუტის შეძენა მათი შემოსავლების კვალდაკვალ სესხის დასაფარავად, ამის გაკეთება არ მოუწევთ. ეროვნული ბანკი პირდაპირ მიაწვდის გალარებისთვის საჭირო ვალუტას კომერციულ ბანკებს და ამისთვის საჭირო ლარის რესუსს.

დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, სტატისტიკურად ერთჯერადი გალარების სუბსიდია შესაძლებელია დაახლოებით 33 ათას სესხს შეეხოს. რაც შეეხება მსესხებლების რაოდენობას, მისი თქმით, მათი ოდენობა დაზუსტდება მას შემდეგ, რაც გადამოწმდება კონკრეტულ მსესხებლებზე შემოსავლების და მიმართვიანობის რაოდენობა.

„საბოლოო ჯამში, პროგრამის მიზანია ვალუტის რყევების მიმართ მოსახლეობის დამოკიდებულების შემცირება სესხების მომსახურების ნაწილში, რაც, საბოლოო ჯამში, გამოიწვევს იმას, რომ ჩვენს მოსახლეობას აღარ გაეზრდება და შეუმცირდება ყოველთვიური გადასახადი, რასაც ისინი, ვალუტის რყევის შემთხვევაში, სესხის ძირის და პროცენტის მომსახურებაში იხდიდნენ,“ - განაცხადა პირველმა ვიცე-პრემიერმა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე