საქართველოში რადიოაქტიური ნარჩენების მართვის ახალი ინფრასტრუქტურა შეიქმნება

საქართველო, თბილისი - 15:38 | 21.12.2016
ნანახია: 1470

პირველმა ვიცე-პრემიერმა, ფინანსთა მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის მოადგილესთან მაია ბითაძესთან ერთად გამართულ შეხვედრაზე, რომელსაც ესწრებოდნენ შვედეთის ელჩი, ევროკავშირის მისიის და შვედეთის რადიაციული უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლები, რადიოაქტიური ნარჩენების მართვის სტრატეგიის დამტკიცების და მასში გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელებასთან დაკავშირებული საკითხები განიხილეს.
თხუთმეტწლიანი სტრატეგია შვედეთის მარეგულირებელი ორგანოს დახმარებით შემუშავდა მიმდინარე წელს და მისი მიღება იგეგმება უახლოეს მომავალში.
სტრატეგიის ძირითად მიზნებს წარმოადგენს რადიოაქტიური ნარჩენების ობიექტების ერთ ლოკაციაზე განთავსება, ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოებისა და დაცულობის დონის გაზრდა, რადიოაქტიური ნარჩენების გადამუშავება და მათი უსაფრთხო შენახვა.
აღსანიშნავია, რომ ევროკომისიის მხრიდან გამოითქვა მზადყოფნა მთავრობის მიერ სტრატეგიის მიღების შემდგომ, პირველ ეტაპზე გამოყოს 1.200 000 ევროს ოდენობით გრანტი სტრატეგიით გათვალისწინებული ღონისძიებების განსახორციელებლად, რომლის ფარგლებშიც განხორციელდება საქართველოში არსებული რადიოაქტიური ნარჩენების და ინფრასტრუქტურის ანალიზი, მისი შემდგომი განვითარების მიზნით.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე