ქვესადგურ „მარნეული 500"-ის მშენებლობა დასრულდა

საქართველო, თბილისი - 14:09 | 12.12.2016
ნანახია: 1256

თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი ქვესადგურ  „მარნეული 500"-ის მშენებლობა დასრულდა. ქვესადგური თბილისის და ქვემო ქართლის ელექტრომომარაგებას მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს.

პროექტი „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემამ“, „რეგიონული ელექტროგადაცემის გაუმჯობესების პროექტის“ ფარგლებში, აზიის განვითარების ბანკის (ADB) ფინანსური მხარდაჭერით განახორციელა.

ქვესადგურის მშენებლობის დასრულებისადმი მიძღვნილ ღონისძიებას საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი და ვიცე-პრემიერი, ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე დაესწრნენ. "მარნეული 500“-ის მშენებლობის პროექტის ღირებულებამ 20 მლნ აშშ დოლარი შეადგინა.

"საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობისკენ გადადგმული კიდევ ერთი ნაბიჯი", - ასე შეაფასა მთავრობის მეთაურმა ახალი ქვესადგურის მშენებლობის დასრულება.

"ვფიქრობთ, ეს ქვესადგური უმნიშვნელოვანესი შენამატი იქნება ქვეყნის ენერგოსისტემისთვის. ეს პროექტი 50-მილიონიანი „რეგიონალური ელექტროგადამცემის გაუმჯობესების პროექტისა“ და საქართველოს მთავრობის ათწლიანი ელექტროგადაცემის განვითარების სისტემის სტრატეგიული გეგმის ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილია. ამ გეგმის თანახმად, 735 მლნ ევროს ინვესტირებაა გათვალისწინებული ქვეყნის ელექტროგადაცემაში. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, როგორც ადგილობრივი გენერაციის ობიექტებისთვის, მოსახლეობისა და ეკონომიკის მომარაგებისთვის, ასევე, საქართველოს, როგორც სატრანზიტო ჰაბის როლის გაძლიერებისთვის", - განაცხადა პრემიერმა და მადლობა გადაუხადა ყველას, ვინც ამ მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელებაში მიიღო მონაწილეობა.

გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, აზიის განვითარების ბანკი, რომლის მხარდაჭერით პროექტი განხორციელდა, საქართველოს მთავრობის მნიშვნელოვანი პარტნიორია.

პრემიერ-მინისტრმა ასევე მადლობა გადაუხადა ენერგეტიკულ პროექტებში საქართველოს მმთავრობის პარტნიორ სხვა საფინანსო ინსტიტუტებს, მათ შორის - KFW-ს, მსოფლიო ბანკსა დაევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს.

"ეს ინვესტიციები მნიშვნელოვნად აძლიერებს ჩვენი ქვეყნის ენერგოუსაფრთხოებას და სტაბილურს ხდის ქვეყნის ენერგომომარაგებას. ჩვენი ქვეყანა, ასეთ საერთაშორისო მნიშვნელობის პროექტებში ჩართულობით, კიდევ უფრო განამტკიცებს ენერგოსტაბილურობას ქვეყანაში და ელექტროენეერგიით ქვეყნის სტაბილურ მომარაგებას", - აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა. „მარნეული 500“-ის სამშენებლო სამუშაოები თურქულმა კომპანიამ BEST/BETAS განახორციელა. ქვესადგური "მარნეული-500"-ის აშენებით, “საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემამ“ დაასრულა 50 მლნ აშშ დოლარის ღირებულების „რეგიონული ელექტროგადაცემის გაუმჯობესების პროექტი“, რომელიც "აზიის განვითარების ბანკის" (ADB) ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე