საქართველოს ბიზნესსექტორში დასაქმებულთა რაოდენობა იზრდება

საქართველო, თბილისი - 11:49 | 05.12.2016
ნანახია: 1360

რეგიონში არსებული მძიმე ეკონომიკური რეალობისა და არსებული გამოწვევების მიუხედავად, საქართველოს ბიზნესსექტორი იზრდება. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ  გამოქვეყნებული კვარტალური კვლევის შედეგების მიხედვით,  ეს ტენდენცია ასახულია ბიზნესსექტორის გამოშვებისა და დასაქმების მაჩვენებლებში.

წლის დასაწყისიდან მოყოლებული, ბიზნესი განაგრძობს სამუშაო ადგილების გენერირებას. „საქსტატის“ მიერ დღეს გამოქვეყნებული ოფიციალური მონაცემების მიხედვით, ბიზნესსექტორში დასაქმებულთა საშუალო რაოდენობა, 2016 წლის მე-3 კვარ­ტალ­ში, გა­სული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 6.6%-ით გაიზარდა და 606.0 ათასი ადამიანი შეად­გინა.

აღსანიშნავია, რომ ბიზნესში დასაქმებული ადამიანების ზრდის მაღალი ტემპით ხასიათდებოდა 2016 წლის პირველი ნახევარიც:

  • 2016 წლის 1-ელ კვარტალში, ბიზნეს სექტორში დასაქმებული ადამიანების რაოდენობა 2015 წლის 1-ელ კვარტალთან შედარებით გაიზარდა 32 257 ადამიანით (6%-ით).
  • 2016 წლის მე-2 კვარტალში, 2015 წლის მე-2 კვარტალთან შედარებით ბიზნეს სექტორში დასაქმებულთა რაოდენობა გაიზარდა 32 521 ადამიანით (5.7%-ით).

რაც შეეხება დასაქმების სექტორულ დინამიკას, 2016 წლის მე-3 კვარტალში დასაქმების ზრდის ყველაზე დიდი მაჩვენებელი დაფიქსირდა შემდეგ სექტორებში:

  • თევზჭერა, მეთევზეობის დარგი - დასაქმებულთა რაოდენობა გაიზარდა 30.9%-თ, რაც ძირი­თა­დად უკავშირდება თევზჭერისა და მეთევზეობის სფეროში წარმოების მოცულობის გაზრდას.
  • ასევე მნიშვნელოვანი ზრდა დაფიქსირდა მშენებლობის დარგში (4.5%), რაც განაპირობა შედარებით დიდი მოცულობის სამუშაოების შესრულებამ ავტომაგისტრალებსა და შიდა გზებზე, ასევე ჰიდროელექტროსადგურების, გაზსადენების, საყოფაცხოვრებო მრავალფუნქციური ნაგებობების მშენებლობამ.
  • სასტუმროებისა და რესტორნების დარგში დასაქმებულთა რაოდენობა გაიზარდა 7.7%-ით, რაც მომსახურებაზე გაზრდილ მოთხოვნასთან ერთად, ახალი საწარმოების ამოქმედებას და ადგილობრივი ერთეულების მატებას უკავშირდება.

მნიშვნელოვანია, რომ დასაქმების ზრდა ძირითად შემთხვევაში დაკავშირებულია სექტორის მიერ გამოშვებული პროდუქციის მოცულობის ზრდასთან. ბიზნესსექტორის პროდუქციის გამოშვების მოცულობა, 2016 წლის მე-3 კვარტალში, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 15.8%-ით გაიზარდა და 8.2 მლრდ. ლარი შეადგინა.

აღსანიშნავია, რომ ზრდის მაღალი მაჩვენებლით ხასიათდებოდა 2016 წლის პირველი ნახევარიც. კერძოდ, 2016 წლის 1-2 კვარტალში ბიზნესის მიერ გამოშვებული პროდუქცია 15%-ით და 7.5%-ით გაიზარდა.

გამოშვებული პროდუქციის ზრდის მაჩვენებლის მიხედვით შემდეგი სექტორები ლიდერობს: თევზჭერა, მეთევზეობა - 150%, მშენებლობა - 37%, სასტუმროები - 40%, რესტორნები  - 30%, განათლება - 20%, ჯანდაცვა - 76%.

 

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე