მსოფლიო ბანკის ვიცე-პრეზიდენტი საქმიანი ვიზიტით ტექნოპარკს ეწვევა

საქართველო, თბილისი - 10:16 | 05.12.2016
ნანახია: 1410

5 დეკემბერს 16:00 საათზე საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს ტექნოპარკში (ინოვაციების ქუჩა #7, თბილისი, ოქროყანა) საქმიანი ვიზიტით მსოფლიო ბანკის ვიცე-პრეზიდენტი სირილ მიულერი ეწვევა. შეხვედრას დაესწრება ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ქეთევან ბოჭორიშვილი, საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ავთანდილ კასრაძე, მსოფლიო ბანკის წარმომადგენლები და სტარტაპ საქართველოსა და ინოვაციების სააგენტოს პროგრამა ,,ბიზნეს ინკუბატორის" გუნდები.

ვიზიტის ფარგლებში სირილ მიულერი საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოსა და ტექნოპარკის ძირითად პროგრამებს, პროექტებს, სერვისებსა და სამუშაო პროცესებს გაეცნობა. შეხვედრის სამუშაო თემები შეეხება სახელმწიფოს ხედვას ცოდნაზე დაფუძნებული ეკონომიკის მშენებლობის კუთხით, საქართველოს გლობალურ ინდექსებში გაუმჯობესების შედეგებს, სტარტაპების ეკოსისტემის განვითარებას, მისი ფორმირების პროცესებსა და ინოვაციების სააგენტოს ძირითად მიმართულებებსა და სამომავლო გეგმებს. დამწყებ ბიზნესმენებს საშუალება მიეცემათ მსოფლიო ბანკის ვიცე-პრეზიდენტს წარუდგინონ საკუთარი ბიზნეს იდეები, გააცნონ ის გამოწვევები, რომლის წინაშეც დღეს აღნიშნული სფერო დგას. შეხვედრაზე ასევე განიხილება ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მეწარმეობის და ინოვაციების სტრატეგია.

მსოფლიო ბანკის ვიცე-პრეზიდენტისათვის აღნიშნული თემების წარდგენა, ურთიერთობის გაღრმავება და მომავალ პროგრამებზე ზრუნვა მნიშვნელოვანია ქვეყნისათვის.  ორგანიზაციის მიერ საქართველოს მთავრობის მხარდაჭერა ახალ ფაზაში გადავიდა.  აღსანიშნავია, რომ მსოფლიო ბანკის აღმასრულებელ დირექტორთა საბჭოს გადაწყვეტილებით 2015 წელს საქართველოს სახსრები გამოეყო ეროვნული ინოვაციების ეკოსისტემის (GENIE) პროექტისთვის, რომლის განმახორციელებელია საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო.  პროექტი ხელს უწყობს მთავრობის სტრატეგიის განხორციელებას მომავალზე ფოკუსირებული, კონკურენტული და ინოვაციური ეკონომიკის ასაშენებლად. მისი ძირითადი მიზანი ფირმების და ფიზიკური პირების ინოვაციური საქმიანობის ხელშეწყობა და  ციფრულ  ეკონომიკაში მათი მონაწილეობის მხარდაჭერაა, რისი მიღწევაც სათემო ცენტრებში ინვესტირების გზით ხდება.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე