დიმიტრი ქუმსიშვილი: აუთვისებელი გრანტები და კრედიტები მომავალ წელს ჩაირიცხება

საქართველო, თბილისი - 18:28 | 24.11.2016
ნანახია: 1270

ფინანსთა მინისტრობის კანდიდატმა დიმიტრი ქუმსიშვილმა განაცხადა, რომ თანხა, რასაც წელს ვერ მივიღებთ, გადავა შემდეგ წელს. ბიუჯეტის მხარდამჭერი გრანტებისა და კრედიტების აუთვისებლობასთან დაკავშირებით რომან გოცირიძის მიერ დასმულ კითხვაზე ქუმსიშვილმა აღნიშნა ასევე, რომ დიმიტრი ქუმსიშვილის თქმით, საქართველო წლის ბოლომდე დაახლოებით 340 მილიონის საერთაშორისო დაფინანსების მიღებას ელოდება.

"ჩვენ კიდევ უნდა მივიღოთ 340 მილიონი ლარი გრანტების სახით, საიდანაც აზიის განვითარების ბანკიდან უნდა მივიღოთ 240 მილიონი ლარი და მე დიდი იმედი მაქვს, რომ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე რატიფიცირებისთვის გამოვა ეს ხელშეკრულება, იმიტომ რომ დანარჩენი პროცედურები ყველაფერი დასრულებულია და ასევე უკვე ევროკავშირის გრანტი იქნება მისაღები, რომელიც იქნება 100 მილიონი. დანარჩენი თანხა ნამდვილად გადავა შემდეგ წელს და შემდეგ წელს ჩვენ მივიღებთ 285 მილიონს", - ამბობს ქუმსიშვილი.

სახელმწიფო ხაზინის მიერ გამოქვეყნებული ბიუჯეტის შესრულების ანგარიშის მიხედვით, საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებიდან მისაღები ბიუჯეტის მხარდამჭერი გრანტების/კრედიტების მხოლოდ 1.5%-ია მიღებული.

0%-ზეა ბიუჯეტის დამხმარე კრედიტების შესრულება, საიდანაც წელს საქართველოს $164 მილიონი უნდა მიეღო. ბიუჯეტის დამხმარე გრანტების სახით ქვეყანას $52 მილიონი უნდა მიეღო, ამ თანხის მხოლოდ 6.2%-ია ჩარიცხული. საერთო ჯამში, ბიუჯეტის მხარდამჭერი გრანტების/კრედიტების მხოლოდ 1.5%-ია მიღებული.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე