ფოსტის ყოფილი შენობა 5 მლნ 750 ათას ლარად გაიყიდა

საქართველო, თბილისი - 12:43 | 01.11.2016
ნანახია: 1455

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ „სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ“ პირობიან ელექტრონულ აუქციონზე ქალაქ თბილისში, დავით აღმაშენებლის გამზ. N44–ში მდებარე უძრავი ქონება 5 750 001 ლარად გაყიდა. აუქციონზე გამარჯვებულად 575 ბიჯით შპს „ნევადა“ გამოვლინდა. აღნიშნული უძრავი ქონება „50 ქონება შენი სასტუმროსთვის“ პროექტის ფარგლებში იქნა შერჩეული და შეთავაზებული დაინტერესებული პირებისთვის.

აუქციონის პირობების მიხედვით, განახლებულ აღმაშენებლის გამზირზე თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი მინიმუმ 30 ნომრიანი სასტუმრო კომპლექსი მოეწყობა. აღნიშნულ უძრავ ქონებაზე ინვესტორი 5 300 000 ლარის ინვესტიციას განახორციელებს. სასტუმრო კომპლექსში სულ მცირე 30 საქართველოს მოქალაქე დასაქმდება.

აღნიშნულ სასტუმროში „საქართველოს ფოსტის“ ექსპონატებისთვის განკუთვნილი საგამოფენო დარბაზი მოეწყობა. რომლითაც 20 წლის ვადით უსასყიდლოდ ისარგებლებს „საქართველოს ფოსტა. პირველ სართულზე ასევე უსასყიდლოდ განთავსდება საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის წარმომადგენლობაც.

საქართველოში ბოლო დროს დაფიქსირებულმა ტურისტული ნაკადების რაოდენობის ზრდამ კიდევ უფრო აქტუალური გახადა ქვეყანაში შესაბამისი ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარება. მიმდინარე წლის სექტემბერში პირველმა ვიცე–პრემიერმა, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა ბიზნესსექტორს წარუდგინა ტურიზმის განვითარების კუთხით არსებული საინვესტიციო შესაძლებლობები, მათ შორის პროექტი „50 ქონება შენი სასტუმროსთვის“. აღნიშნული პროექტი ინვესტორებს აძლევს შესაძლებლობას საქართველოს ტერიტორიაზე უკვე არსებული ინფრასტრუქტურის გამოყენებით მოაწყონ სასტუმრო კომპლექსები და გზებზე გასაჩერებელი/მოსასვენებელი ინფრასტრუქტურა.

პროექტი „50 ქონება შენი სასტუმროსთვის“ და „გასაჩერებელი ადგილები საქართველოს გზებზე“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითრების სამინისტროს სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს და ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინიციატივით არის შემუშავებული.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე