ახმეტის მუნიციპალიტეტში აბრეშუმის პარკიდან ძაფის საჩვენებელი ამოხვევა ჩატარდა

საქართველო, თბილისი - 14:18 | 19.09.2016
ნანახია: 1392

ახმეტის მუნიციპალიტეტის  სოფელ ზემო ხოდაშენში აბრეშუმის პარკიდან ძაფის ამოხვევის საჩვენებელი ღონისძიება გაიმართა. ღონისძიებას საქართველოს პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე გელა სამხარაული, ახმეტის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილე დავით ფოცხვერიშვილი და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის თანამშრომლები ესწრებოდნენ.

ღონისძიების მონაწილეებმა  თუთის  ახლადგაშენებული პლანტაციები დაათვალიერეს და საქართველოში მეაბრეშუმეობის განვითარების მნიშვნელობაზე ისაუბრეს.  აღინიშნა,  რომ მომავალი წლისათვის  აბრეშუმის პარკის მოსავლის მნიშვნელოვანი ზრდა იქნება შესაძლებელი.

აღსანიშნავია, რომ სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ  სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის მუშაობის ერთ-ერთ მიმართულებას  თუთის აბრეშუმხვევიას გენოფონდის შენარჩუნება და მეაბრეშუმეობის დარგის აღორძინების ხელშეწყობა წარმოადგენს. დღეისათვის,  საქართველოში    მეაბრეშუმეობის  განვითარების ხელშემწყობი ღონისძიებები დაწყებულია და წარმატებით მიმდინარეობს.   დაირგო ასი ათასი ძირი თუთის ნერგი, რომელიც საქართველოში ბიზნესმენმა, ჯიმშერ ჩხაიძემ  შემოიტანა და  მარტივი ტიპის პარკსახვევ ორ დაზგასთან ერთად სახელმწიფოს უსასყიდლოდ გადასცა.

ერთი  დაზგა და 2000  ძირი თუთის ნერგი,  ახმეტის მეაბრეშუმეობის სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივს „აბრეშუმხვევიას“ გადაეცა. სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითმა  ცენტრმა აღნიშნულ კოოპერატივს    100 გ. პირველი ასაკის აბრეშუმის ჭიაც  გადასცა. მეაბრეშუმეებს კონსულტაციებს ცენტრის სპეციალისტი უწევდა.  ამჟამად,  მიღებული აბრეშუმის პარკის  ახალ პარკსახვევ დაზგაზე ამოხვევა მიმდინარეობს.





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე