ღვინის ტურიზმის პირველი გლობალური კონფერენცია საქართველოში

საქართველო, თბილისი - 18:09 | 06.09.2016
ნანახია: 1705

7-9 სექტემბერს გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაცია საქართველოში ღვინის ტურიზმის პირველ საერთაშორისო კონფერენციას გამართავს. ღონისძიებები  თბილისში, ყვარელსა  და „შატო მუხრანში" ჩატარდება.

ღვინის ტურიზმის პირველ გლობალურ კონფერენციაზე დასასწრებად საქართველოში გაეროს  მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალური მდივანი ტალებ რიფაი ჩამოდის. ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ მაღალი რანგის სტუმრები 42 ქვეყნიდან (250  დელეგატი, 50 % უცხოელი სტუმარი). ღონისძიებაზე 150-ზე მეტი ორგანიზაცია იქნება წარმოდგენილი.

კონფერენციის პარალელურად,  გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალური მდივანი შეხვედრებს გამართავს  საქართველოს პრემიერ მინისტრთან  გიორგი კვირიკაშვილთან, საქართველოს პრეზიდენტთან  გიორგი მარგველაშვილთან,  პირველ ვიცე-პრემიერთან,  ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრთან დიმიტრი ქუმსიშვილთან და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან მიხეილ ჯანელიძესთან.

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის გიორგი ჩოგოვაძის თქმით, ხაზგასასმელია, რომ ღვინის ტურიზმის საერთაშორისო კონფერენციას მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაცია პირველად ატარებს და ისიც საქართველოში.             ,,ჩვენთვის დიდი პატივია ხსენებული ღონისძიების მასპინძლობა. ჩვენი მხრიდან  ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ მაქსიმალურად მოხდეს საქართველოს, როგორც ღვინის სამშობლოს, პოტენციალის საუკეთესოდ  წარმოჩენა.  მოგეხსენებათ რომ საქართველოს ღვინის კულტურასთან 8 ათას წლიანი უწყვეტი ისტორია  აკავშირებს, ქართული ღვინის ქვევრი იუნესკოს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის  ნუსხაშია შეყვანილი და კულტურული ვაზის 500 ზე მეტი ქართული ჯიშია აღწერილი" - აცხადებს გიორგი ჩოგოვაძე.

კონფერენცის პირველი  სესია ჩატარდება კახეთში მეღვინეობა ,,ხარებაში". დელეგატები ,,ხარებას" უნიკალურ ღვინის საცავსაც დაათვალიერებენ,და ალავერდის მონასტერსაც  ეწვევიან.

9 სექტემბერს ღვინის ტურიზმის კონფერენცია უკვე „შატო მუხრანში" გაგრძელდება. დღის მეორე ნახევარში დელეგატები შატო მუხრანის  გვირაბსაც დაათვალიერებენ.





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე