დიმიტრი ქუმსიშვილმა მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებთან შეხვედრაში მონაწილეობა მიიღო

საქართველო, თბილისი - 17:35 | 30.08.2016
ნანახია: 1320

პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილისა და მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლების შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა, რომელიც ავსტრიული ინვესტიციით აშენებული ლოგისტიკური ცენტრის „გებრუდერ ვაისის“ ტერიტორიაზე გაიმართა. შეხვედრაზე მოწვეულ ბიზნესმენებს შესაძლებლობა ჰქონდათ, უშუალოდ პირველი პირებისგან მიეღოთ პასუხები შეკითხვებზე, რომელიც მათ გააჩნდათ საქართველოს ეკონომიკაში მიმდინარე პროცესების თაობაზე.

შეხვედრაზე საუბარი წარიმართა იმ შესაძლებლობებზე, რომელიც საქართველოს აქვს როგორც იმპორტ-ექსპორტის, ასევე წარმოებისა და გადამუშავების მიმართულებით. პირველი ვიცე-პრემიერის დიმიტრი ქუმსიშვილის შეფასებით, შეხვედრაზე დასახელებული ყველა მნიშვნელოვან იდეას სათანადო ყურადღება მიექცევა.

პირველი ვიცე-პრემიერის დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, შეხვედრაზე კიდევ ერთხელ აღინიშნა, რომ საქართველოში ერთერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პრობლემა ცოდნისა და კვალიფიკაციის დეფიციტია. ამდენად, მისი განცხადებით, პრემიერ-მინისტრის 4-პუნქტიანი გეგმის დუალური განათლების ნაწილი აუცილებლად წარმატებული უნდა იყოს. დიმიტრი ქუმსიშვილის ინფორმაციით, შეხვედრაზე პრაქტიკულად ყველა მეწარმემ აღნიშნა, რომ როგორც წარმოების, ისე სერვისის მიწოდების ნაწილში პროფესიონალების ნაკლებობაა და ამ პრობლემის მოსაგვარებლად სახელმწიფოს დახმარება მნიშვნელოვანია.

პირველი ვიცე-პრემიერის თქმით, ბიზნესის წარმომადგენლებთან შეხვედრები მომავალშიც გაგრძელდება. ერთერთი ასეთი შეხვედრა ტრანსპორტის სექტორის წარმომადგენლებთან გაიმართება, რომლის დროსაც აღნიშნულ სფეროში არსებული ვითარებასა და მიმდინარე რეფორმებს განიხილავენ.ასევე გაიმართება მიზნობრივი შეხვედრები, რომლის დროსაც საუბარი წარიმართება საერთაშორისო მასშტაბით საქართველოს პოპულარიზების, მათ შორის, ქართული სამზარეულოსა და ქართული ყველის პრომოუშენის საკითხებზე.

პირველი ვიცე-პრემიერის დიმიტრი ქუმსიშვილის ინფორმაციით, სექტემბერში დაგეგმილია კიდევ ერთი შეხვედრა მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებთან. შეხვედრის თანაორგანიზატორი სავაჭრო-სამრეწველო პალატა იქნება.

 

 





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე