ნიკოლოზ გაგუამ მედიის წარმომადგენლებს იანვარ-ივლისის მაჩვენებლები გააცნო

საქართველო, თბილისი - 15:32 | 19.08.2016
ნანახია: 1516

 

საქართველოს ეკონომიკაში მიმდინარე ტენდენციებზე და„საქსტატის“ მიერ გამოქვეყნებულ მონაცემებზე ისაუბრა დღეს გამართულ ბრიფინგზე საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, ნიკოლოზ გაგუამ. მისი განცხადებით, საქართველოს საგარეო ვაჭრობა 17%-ით არის გაზრდილი, ფულად გზავნილებში 2016 წლის იანვარ-ივლისში  აღარ ფიქსირდება შემცირება, წმინდა საერთაშორისო ფულადი ნაკადები მიმდინარე ანგარიშის ნაწილში (პირდაპირი უცხოური ინვესტიციების გამოკლებით) გაზრდილია დაახლოებით 210 მლნ აშშ დოლარით, ხოლო  პირდაპირი უცხოური ინვესტიციები მიმდინარე წლის პირველ კვარტალში გაზრდილია  30 პროცენტით (მეორე კვარტლის მონაცემები ჯერ არ არის  ცნობილი). ნიკოლოზ გაგუას თქმით, 2016 წლის 7 თვეში სავაჭრო ბალანსი  84 მლნ აშშ დოლარით არის გაუმჯობესებული.

„უნდა აღინიშნოს,რომ საგარეო ვაჭრობის ოფიციალურ მონაცემებზე დიდ გავლენას ახდენს ც ჰეპატიტის წამლები, რომელიც სრულად გრანტით ფინანსდება, ამიტომ ვთვლით, რომ სწორი იქნება მათი გამოყოფა ანალიზიდან“ - აღნიშნა ნიკოლოზ გაგუამ.

მინისტრის მოადგილემ ასევე დეტალურად ახსნა ექსპორტისა და იმპორტის შემცირების რეალური მიზეზები:

„ექსპორტი შემცირდა 12 პროცენტით და 1 121.8 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა. ასევე შემცირდა იმპორტი 6 პროცენტით და 3 868.2 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა.ექსპორტის ხსენებული მონაცემი არის ნომინალური მონაცემი.უკეთესი ანალიზისთვის მნიშვნელოვანია შევხედოთ ასევე რეალურ მონაცემებს ანუ ექსპორტის დინამიკას ფასის ეფექტის გამოკლებით.ხაზი უნდა გაესვას, რომ ექსპორტში კლება გამოწვეულია მხოლოდ ფასისმიერი ეფექტით. პირველ და მეორე კვარტალში გვქონდა პრაქტიკულად ნულოვანი კლება, ხოლო ივნისში გვაქვს რეალური ზრდა 2.9 პროცენტი.

რაც შეეხება იმპორტის შემცირებას. აქ კიდევ ერთი პოზიტიური გარემოებაა ის, რომ  გაიზარდა საინვესტიციო საქონლის იმპორტი. შესაბამისად, შემცირება მოდის სამომხმარებლო და შუალედურ საქონელზე და  ეს არის ძალიან ჯანსაღი სახის შემცირება“ - განაცხადა ნიკოლოზ გაგუამ.

მინისტრის მოადგილის ინფორმაციით, საერთაშორისო ტურიზმიდან შემოსავლები 13 პროცენტით გაიზარდა და მიმდინარე წლის იანვარ-ივლისში 130 მილიონი აშშ დოლარით მეტი სავალუტო შემოდინება გვაქვს  წინა წელთან შედარებით.

„2016 წლის იანვარ-ივლისში შემცირება პრაქტიკულად აღარ გვაქვს ფულად გზავნილებში (იკლო0.6 პროცენტით). ბოლო თვეების დინამიკის ანალიზის ფონზე გვაქვს ზრდის დამაიმედებელი მოლოდინები. ჩვენი პროგნოზით, 2016 წელს ფულადი გზავნილები უნდა გაიზარდოს.წმინდა საერთაშორისო ფულადი ნაკადები მიმდინარე ანგარიშის კუთხით (პირდაპირი უცხოური ინვესტიციების გამოკლებით) გაზრდილია დაახლოებით 210 მლნ აშშ დოლარით. ასევე 30 პროცენტით გაიზარდაპირდაპირი უცხოური ინვესტიციები პირველ კვარტალში.  მე-2 კვარტლის მონაცემები ჯერჯერობით არ არის ცნობილი, თუმცა, თუ გავითვალისწინებთ პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებსა და საინვესტიციო საქონლის იმპორტს შორის მაღალ კორელაციას, მეორე კვარტლის იმპორტთან დაკავშირებით გვაქვს საკმაოდ მაღალი და მეტად პოზიტიური მოლოდინები“ - აღნიშნა გაგუამ.იესტიციე

ნიკოლოზ გაგუამ მედიის წარმომადგენლებთან ლარიზაციის მაჩვენებლებზეც ისაუბრა. მისი თქმით, გაზრდილია ლარიზაციის მაჩვენებელი და ეს პროცესი მიმდინარე წლის მარტიდანდაიწყო.„მას შემდეგ, რაც გასული წლის ბოლოს დოლარიზაციის მაჩვენებელი მნიშვნელოვნად გაიზარდა, იგი ნელ-ნელა უკან იხევს. მნიშვნელოვანია ეს ტენდენცია გაგრძელდეს. გარდა ამისა, მინდა ავღნიშნო, რომ მთავრობა მუშაობს ლარიზაციის კომპლექსურ გეგმაზე, რამაც უნდა შექმნას ქმედითი სტიმულები ეკონომიკის ლარიზაციისთვის.მნიშვნელოვნად მიმაჩნია კიდევ ერთხელ ხაზი გავუსვა ლარიზაციის მნიშვნელობას. ეს არის ეკონომიკის სწრაფი და სტაბილური განვითარების აუცილებელი წინაპირობა“ - განაცხადა მინისტრის მოადგილემ.

გაგუას შეფასებით, ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი გაუმჯობესდა და დღესდღეობით, დაახლოებით, 3 პროცენტის ფარგლებში ფიქსირდება თუმცა, ეს კმაყოფილების საფუძველს არ იძლევა. „ჩვენი პროგნოზით, წლის ბოლოს 3,5 პროცენტამდე უნდა გაიზარდოს ეს მაჩვენებელი, რაც არ არის მაღალი, მაგრამ არსებული პროგნოზებით, ეს მაჩვენებელი აღმოსავლეთ ევროპის რეგიონში ერთ-ერთი ყველაზე მაღალი იქნება. ამ მხრივ მნიშვნელოვანი ღონისძიებები იქნება გასატარებელი და პირველ რიგში, აღნიშნავ პრემიერ-მინისტრის მიერ ინიცირებულ ოთპუნქტიან გეგმის მნიშვნელობას - ეკონომიკას სჭირდება სტრუქტურული რეფორმები, რათა გაცილებით უფრო მაღალი ეკონომიკური ზრდა გვქონდეს“ - აღნიშნა გაგუამ.

როგორც პრესკონფერენციაზე ითქვა, მიმდინარე წელს, განსაკუთრებით მარტის შემდეგ ინფლაციის მაჩვენებელი არის დაბალი, დაახლოებით  1-2 პროცენტის ფარგლებში ფიქსირდება, ხოლო საშუალო წლიური მაჩვენებელი, დაახლოებით 3,3 პროცენტია. „პოზიტიურია დინამიკა სახაზინო ფასიან ქაღალდებზე. მთავრობის ფასიანი ქაღალდების საპროცენტო განაკვეთი  ქვეყნის ეკონომიკისადმი და მისი მაკროეკონომიკური პოლიტიკისადმი ნდობისკარგი საზომია. დაბალი საპროცენტო განაკვეთი ნიშნავს უფრო სანდო და სტაბილურ ეკონომიკას. 5-6 პროცენტული პუნქტით დაიკლო  საპროცენტო განაკვეთმა სხვადასხვა ვადიანობის მიხედვით. შედარებით მნიშვნელოვანი კლებაა გრძელვადიან (5 წლიან) ფასიან ქაღალდებზე, რაც ნიშნავს, რომ ქვეყნის მაკროეკონომიკური მდგრადობას მაღალი სანდოობა აქვს“, - განაცხადა მინისტრის მოადგილემ.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე