რამაზ ბოლქვაძე: "გოდერძს" უდიდესი პოტენციალი აქვს და ჩვენ მას მაქსიმალურად გამოვიყენებთ

საქართველო, თბილისი - 12:49 | 12.08.2016
ნანახია: 1433

კურორტ "გოდერძს" უდიდესი პოტენციალი აქვს და ჩვენ მას მაქსიმალურად გამოვიყენებთ, აღნიშნულის შესახებ განცხადებას აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი რამაზ ბოლქვაძე აკეთებს, რომელმა „გოდერძზე“ მიმდინარე სამუშაოები დაათვალიერა და ვითარებას ადგილზე გაეცნო.

 

მინისტრი ამბობს, რომ მთავრობა აქტიურად მუშაობს რათა კურორტის პოტენციალი მაქსიმალურად იყოს გამოყენებული.

 

„აჭარა არ არის მხოლოდ ზღვა და ეს კურორტი, თავისი შესანიშნავი მდებარეობით და კლიმატით ამის კიდევ ერთი ნათელი მაგალითია. „გოდერძს“ გასული წლის სეზონზე 4 ათასზე მეტი ვიზიტორი ესტუმრა და ეს საკმაოდ დიდი ციფრია. ჩვენ უკვე გვაქვს პირველი ახალი საკმაოდ მსხვილი საინვესტიციო პროექტი ტერიტორიაზე ,რომელიც 250 ნომრიანი სასტუმროს მშენებლობას ითვალისწინებს. სამუშაოები ძალიან აქტიური ტემპებით მიმდინარეობს და მინდა წარმატებები ვუსურვო კომპანიას. ჩვენ ველოდებით დამატებით არაერთ საინტერესო პროექტს „გოდერძზე“. შედეგად არამარტო აჭარაში, არამედ მთლიანად საქართველოში ზამთარში დასვენების ერთ-ერთ ყველაზე საუკეთესო დანიშნულების ადგილს მივიღებთ“, აცხადებს რამაზ ბოლქვაძე.

 

ამ დროისთვის კურორტზე შიდა საკურორტო გზების პროექტირება მიმდინარეობს,პარალელურად ტერიტორიის კეთილმოწყობა ხორციელდება.

კურორტზე უკვე დაწყებულია მზადება ზამთრის სეზონისთვის. სპეციალისტთა ჯგუფი საბაგიროების და სათხილამურო ტრასების ტექნიკურ შემოწმებას აწარმოებს.


სამთო-სათხილამურო კურორტ „გოდერძზე’’ 1 თვის წინ დასასვენებელ კომპლექს „ალიანს რეზორტის“ მშენებლობას ჩაეყარა საფუძველი. ამ დროისთვის დასკვნით ეტაპზეა სასტუმროს საძირკვლის მოწყობის სამუშაოები. „ალიანს რიზორტსის“ პროექტის ფარგლებში ჯამში 100 ადგილობრივი დასაქმდება. 100 ნომრიანი სასტუმრო 3 120 კვ.მ ტერიტორიაზე აშენდება და ერთდროულად 250-მდე დამსვენებლის მიღებას შეძლებს.
საერთაშორისო ხარისხისა და სტანდარტების კომპლექსში საცურაო აუზი, ტენისის კორტები, ბავშვთა გასართობი ცენტრი, ბარი, რესტორანი, გამაჯანსაღებელი კომპლექსი, კაზინო, საკონფერენციო დარბაზი, მიწისქვეშა და მიწისზედა ავტოსადგომი და სხვა ობიექტები განთავსდება.
კურორტ „გოდერძზე“ ამ ეტაპზე 1 სასტუმრო ,7 საცხოვრებელი სასტუმროს ტიპის კოტეჯი და ადმინისტრაციული შენობაა განთავსებული.

 

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე