განმარტება: როგორ შევიძინოთ სახელმწიფო ფასიანი ქაღალდი?!

საქართველო, თბილისი - 16:47 | 11.08.2016
ნანახია: 1398

ბოლო პერიოდში, როგორც რეზიდენტი, ისე უცხოელი არასაბანკო კლიენტების მხრიდან გაიზარდა სახელმწიფო ფასიანი ქაღალდებისადმი ინტერესი. გაჩნდა კითხვები თუ როგორ შეიძლება შეიძინოს ფასიანი ქაღალდი ფიზიკურმა თუ იურიდიულმა პირმა? ვის შეუძლია მიიღოს მონაწილეობა სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების პირველად აუქციონებზე და რა არის ფასიანი ქაღალდების ის მინიმალური მოცულობა, რომელიც პირველად აუქციონზე შეიძლება შეიძინოს პირმა?

სახელმწიფო ფასიანი ქაღალდი, ისევე როგორც ნებისმიერი ფინანსური ინსტრუმენტი, ფიზიკურ და იურიდულ პირს შეუძლია შეიძინოს კომერციული ბანკის მეშვეობით, პირველად ან მეორად ბაზარზე. ამისათვის მან უნდა უნდა მიმართოს იმ კომერციულ ბანკს, რომელიც ყველაზე საუკეთესო პირობებს სთავაზობს და მხოლოდ ამის შემდეგ მოხდება ფასიანი ქაღალდის ანგარიშის გახსნა.

პირველად აუქციონებზე (იხ.კალენდარი) მონაწილეობა შეუძლია ყველას. ამისათვის საჭიროა დაინტერესებულმა პირებმა მიმართონ კომერციულ ბანკებს ან საბროკერო კომპანიებს. კომერციული ბანკები კლიენტების სახელით წარადგენენ განაცხადებს ფასიანი ქაღალდების აუქციონზე. განაცხადის დაკმაყოფილების შემთხვევაში კი, ფასიანი ქაღალდი პირდაპირ ჩაირიცხება კლიენტის პირად ანგარიშზე.

რაც შეეხება იმას, თუ რამდენი ფასიანი ქაღალდის ყიდვაა შესაძლებელი პირველად აუქციონზე, აღსანიშნავია, რომ პირს შეუძლია მინიმუმ ერთი ფასიანი ქაღალდის ყიდვა, რომლის ნომინალური ღირებულება 1 000 ლარს შეადგენს. ამ შემთხვევაში, კლიენტმა უნდა წარადგინოს არაკონკურენტული განაცხადი, რომელიც ძირითადად  განკუთვილია წვრილი ინვესტორებისთვის და ასეთი განაცხადით ისინი ფასიან ქაღალდებს ყიდულობენ აუქციონზე დაფიქსირებული საშუალო შეწონილი ფასით. აუქციონის დასრულებისას, არაკონკურენტული განაცხადები პირველ რიგში კმაყოფილდება ანუ მათ კონკურენტულთან შედარებით პრიორიტეტი აქვთ მინიჭებული. მათთვის "დაჯავშნილია" მთლიანი ემისიის მეოთხედი (25%), რაც იმის გარანტიას იძლევა, რომ წვრილი ინვესტორების განაცხადები პირველ რიგში და პრაქტიკულად, გარანტირებულად დაკმაყოფილდება.

ხოლო იმ შემთვევაში თუ კლიენტს კონკურენტული განაცხადით სურს მონაწილეობა, მაშინ მისი მინიმალური მოცულობა 50 000 ლარია. კონკურენტული განაცხადები არის მსხვილი ინვესტორებისთვის, რომლებიც უკეთ არიან გათვითცნობიერებული ბაზრის კონიუნქტურაში და შეუძლიათ დამოუკიდებლად გადაწყვიტონ თუ რა ფასით შეიძლება გაიმარჯვონ აუქციონზე. თუმცა ამ შემთხვევაში განაცხადის დაუკმაყოფილებლობის რისკი გაცილებით დიდია.

ბანკებს ეკრძალებათ თავიანთი კლიენტების განაცხადების ინფორმაცია გამოიყენონ აუქციონზე საკუთარი განაცხადის გაკეთების პროცესში. ბანკმა შიდა პროცედურებით უნდა უზრუნველყოს თავისი კლიენტების განაცხადების დამუშავება ისე, რომ არ მოხდეს ამ ინფორმაციის გამოყენება ბანკის მიერ აუქციონზე საკუთარი სახელით სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების ყიდვაზე გადაწყვეტილებების მიღებისას. ეს ასევე უზრუნველყოფილია ტექნიკურადაც, სისტემის მეშვეობით. ბლუმბერგის აუქციონის სისტემაში ბანკის კლიენტის და ბანკის საკუთარი განაცხადების წარდგენა ხდება ცალ-ცალკე. ბანკის თანამშრომელი, რომელიც საკუთარ განაცხადებს აგზავნის, ვერ ხედავს კლიენტის განაცხადებს და პირიქით. აღსანიშნავია, რომ ისეთ შემთხვევას, როდესაც კლიენტის განაცხადი არ დაკმაყოფილებულიყოს ბანკის განაცხადის გამარჯვების ხარჯზე დღემდე ადგილი არ ჰქონია.

და ბოლოს, ინფორმაცია იმის შესახებ თუ როგორია აქტივობა მეორად ბაზარზე და რამდენად ლიკვიდურია სახელმწიფო ფასიანი ქაღალდები. ზოგადად, მეორად ბაზარზე ძირითადი აქტივობა ფიქსირდება რეპო ოპერაციებზე. ინფორმაციისთვის, 2015 წელს რეპო ბაზარზე წლიურმა ბრუნვამ დაახლოებით 4,5 მილიარდი ლარი შეადგინა, რაც 2,6-ჯერ აღემატება ფასიანი ქაღალდების საერთო მოცულობას (1,7 მილიარდი ლარი). აღნიშნული ინფორმაცია განთავსებულია ეროვნული ბანკის ვებგვერდზე სტატისტიკის რუბრიკაში.

გარდა ამისა, ეროვნული ბანკი შეუზღუდავად იღებს სახელმწიფო ფასიან ქაღალდებს გირაოდ მონეტარულ ოპერაციებში კომერციული ბანკებისთვის ლიკვიდობის მიწოდებისას, რაც უზრუნველყოფს აღნიშნული ფასიანი ქაღალდების მაღალ ლიკვიდურობას.

ასევე, კლიენტს საჭიროების შემთხვევაში, შეუძლია დააგირაოს ფასიანი ქაღალდი ბანკთან და ისესხოს მოკლევადიანი თანხა ეროვნული ბანკის პოლიტიკის განაკვეთთან მიახლოებული პროცენტით ანუ ლიკვიდობის სამართავად გამოიყენოს ეროვნული ბანკის რეფინანსირების ინსტრუმენტი, ისევე როგორც ამას აკეთებენ კომერციული ბანკები.  

დამატებითი ინფორმაცია სახელმწიფო ფასიან ქაღალდებზე შეგიძლიათ იხილოთ,ეროვნული ბანკისა და ფინანსთა სამინისტროს ვებგვერდებზე. აღნიშნული ინფორმაცია, ასევე განთავსებულია ეროვნული ბანკის საიტზე ხშირად დასმული კითხვების რუბრიკაში.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე