ნოდარ ხადურის განცხადებით, პროგრამა „ცხოვრება გრძელდება“ ეხება ყველა პენსიონერს

საქართველო, თბილისი - 15:52 | 09.08.2016
ნანახია: 1251

ფინანთა მინისტრ ნოდარ ხადურის განცხადებით პროგრამა „ცხოვრება გრძელდება“ ჰუმანურად, სოციალურად და, რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია, ეკონომიკურად გამართლებული ინიციატივაა.  „ცხოვრება მართლაც გრძელდება და პრემიერ მინისტრის, გიორგი კვირიკაშვილის ინიციატივით გუნდში დაიწყო მუშაობა იდეაზე - პენსიონერებსა და იმ კომპანიებს,  რომლებშიც შესაძლებელია პენსიონერთა შრომის გამოყენება, მიეცეთ მეტი სტიმული თავიანთი  შესაძლებლობების მაქსიმალურად გამოყენებისთვის,“ - აღნიშნა ნოდარ ხადურმა.

ფინანსთა მინისტრის თქმით, სამწუხაროდ, ხშირ შემთხვევაში, შედარებით ასაკოვანი ადამიანების შესაძლებლობები რეალურად გამოუყენებელია, ახალი პროგრამა კი, მათ საშუალებას აძლევს პენსიასთან ერთად მიიღონ დამატებითი შემოსავალი და სწორი მიმართულებით წარმართონ მათ ხელთ არსებული რესურსი.

„ეს არის იმ ერთიანი სოციალური და ეკონომიკური პოლიტიკის ნაწილი, რომელსაც მთავრობა ახორციელებს - ადამიანი არის ჩვენი მთავარი ღირებულება, მიუხედავად მისი ასაკისა. შესაბამისად, ყველა პენსიონერი, რომელსაც დღეს ნაკლები შესაძლებლობა აქვს, უნდა ჩაერთოს იმ ფერხულში, რომელსაც ეკონომიკის აღმავლობა ჰქვია. მთავრობის ხედვა და სტრატეგიული არჩევანია, რომ წაიშალოს ზღვარი, რომელიც არსებობს თაობათა შორის,“ - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა.

ფინანსთა მინისტრის განმარტებით, პროგრამა მნიშვნელოვანია, როგორც სოციალური თვალსაზრისით - ითვალისწინებს   ადამიანების ცხოვრების პირობების გაუმჯობესებას და მათთვის ღირსეული აწმყოს შექმნას, ისე ეკონომიკური კუთხით - მოხდება ადამიანური რესურსისა და მათი ცოდნის სწორი და ეფექტიანი გამოყენება.

ნოდარ ხადურის განცხადებით, პროგრამა „ცხოვრება გრძელდება“ ეხება ყველა პენსიონერს.  „ყველა იმ პენსიონერ ადამიანს, რომელმაც გადააბიჯა საპენსიო ასაკს და აქვს რესურსი, უნარი, გამოცდილება და ენერგია, შესაძლებლობა ეძლევა სახელმწიფოს სწორი და ჯანსაღი მიდგომის წყალობით, ჩაერთოს პროგრამაში და გამოიყენოს საკუთარი რესურსები“ - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე