მაღალმთიან რეგიონებში ისეთი გენეტიკის მეცხოველეობის განვითარება იგეგმება, რომელიც აქამდე საქართველოში არ იყო

საქართველო, თბილისი - 12:23 | 09.08.2016
ნანახია: 2867

 მაღალმთიან რეგიონებში  ისეთი გენეტიკის მეცხოველეობის განვითარება იგეგმება, რომელიც აქამდე საქართველოში არ იყო. როგორც ცნობილია ქართულ-შვეიცარიული კომპანიის ,,ბლაუენშტაინ საქართველოს“ ხელშეწყობით, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის  რეგიონის სოფლებში აშენდა მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის ფერმები, რომლებიც სახელმწიფო შეღავათიანი აგროკრედიტით სარგებლობენ. მეცხოველეობის ფერმებში ხელოვნური განაყოფიერების გზით მაღალპროდუქტიული შვიცისა და სიმენტალის ჯიშებით ადგილობრივი კავკასიური წაბლა ჯიშის ძროხების გენეტიკური გაუმჯობესება ხორციელდება. აღნიშნული ჯიშის საქონლის წონა 800-1100 კგ-მდე აღწევს.

საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის ოთარ დანელიას განცხადებით, სოფლის მეურნეობის სამინისტროს ერთ-ერთი პრიორიტეტი მაღალმთიან რეგიონებში  წარმოების წახალისებაა. 

„ქართულ-შვეიცარიული კომპანიის საქმიანობა არის მოდელი, რომელიც გვინდა, რომ მთელი ქვეყნის  მასშტაბით გამოვიყენოთ, განსაკუთრებით მაღალმთიან რეგიონებში; საუბარია ისეთი გენეტიკის მეცხოველეობაზე, რომელიც აქამდე საქართველოში არ იყო“,- განაცხადა ოთარ დანელიამ. 

ქართულ-შვეიცარიული ინვესტიციით შექმნილი კომპანია  რეგიონში მესაქონლეობის დარგის წახალისების მნიშვნელოვანი პროექტია. კომპანიამ „ბლაუენშტაინ საქართველო“ საერთო ჯამში 15 მლნ ლარზე მეტი ინვესტიცია განახორციელა და უკვე 600-მდე მსხვილფეხა პირუტყვს ფლობს. კომპანიაში კი  100-მდე ადგილობრივია  დასაქმებული.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე