საქსტატის საბჭომ ეკონომიკური საქმიანობის სახეების ეროვნული კლასიფიკატორი დაამტკიცა

საქართველო, თბილისი - 14:10 | 03.08.2016
ნანახია: 2001


საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის საბჭომ „ეკონომიკური საქმიანობის სახეები“-ს (რედაქცია  2) ეროვნული კლასიფიკატორი  დაამტკიცა. დოკუმენტი წარმოადგენს ეკონომიკური საქმიანობის სახეების ეროვნული სტატისტიკური კლასიფიკატორის ოფიციალურ ვერსიას, რომელიც შემუშავებულია ევროკავშირის  ეკონომიკური საქმიანობის სახეების სტატისტიკური კლასიფიკატორის NACE Rev. 2 Statistical classification of economic activities in the European Community-ს ბაზაზე.
ეკონომიკური საქმიანობის სახეების კლასიფიკატორის ახალი რედაქციის  შემუშავების აუცილებლობა განპირობებული იქნა მსოფლიოს სტატისტიკოსების (მათ შორის გაეროსა და ევროკავშირის სტატისტიკური სამსახურების) მოთხოვნილებით კიდევ უფრო აემაღლებინათ სხვადასხვა სახელმწიფოებში წარმოებული ოფიციალური სტატისტიკის თავსებადობისა და ჰარმონიზების დონე. ეკონომიკური საქმიანობის კლასიფიკატორის 2006 წლის ოქტომბერში მიღებული იქნა ევროკავშირის გადაწყვეტილება სტატისტიკურ საკლასიფიკაციო სისტემაში ცვლილებების შეტანის შესახებ. მისი გადამუშავება განპირობებული იქნა მსოფლიოში ტექნოლოგიების და საერთაშორისო ნორმების განვითარებითა და ცვლილებებით.
კლასიფიკატორის ევროპული ვერსია ადაპტირებულია გაეროს საქმიანობის სახეების კლასიფიკატორთან (ISIC). მისი სტრუქტურა მნიშვნელოვნად იქნა დეტალიზებული ევროკავშირის ქვეყნების ეკონომიკური საქმიანობების სახეების წარმოსაჩენად, რომლებიც არასაკმარისად იყო ასახული ძველ ვერსიაში. ამასთან ერთად გათვალისწინებული იქნა ეროვნული კლასიფიკატორების სპეციფიკური მახასიათებლები.
ძირითადი ყურადღება მიექცა საქმიანობის განვითარებად სახეებს, რომელთა როლი მკვეთრად გაიზარდა (მაგალითად, საქმიანობები, დაკავშირებული ინფორმაციულ ტექნოლოგიებთან, არაფორმალური საქმიანობები, ნარჩენების მოცილებასთან და რესტრუქტურიზაციასთან დაკავშირებული საქმიანობები, შინამეურნეობების საქმიანობები და სხვ.) და პარალელურად აღიარებული იქნა ის გარემოებაც, რომ რიგი საქმიანობების სახეების როლი შემცირდა (მაგალითად, იმ საქმიანობების, რომლებიც დაკავშირებულია მოპოვებით მრეწველობასთან).

კლასიფიკატორის ახალ რედაქციაზე გადასვლას ითვალისწინებს ევროკავშირთან ასოცირების შესახებ შეთანხმების 287-ე მუხლი (სტატისტიკის ნაწილი). მისი შემუშავება საქსტატს დაევალა აგრეთვე "ერთის მხრივ, ევროკავშირს და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებსა და, მეორეს მხრივ, საქართველოს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებისა და საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების დღის წესრიგის განხორციელების  ეროვნული სამოქმედო გეგმით".




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე