95 ეკომიგრანტ ოჯახს სასოფლო-სამეურნეო მიწები და საცხოვრებელი სახლები დაუკანონდათ

საქართველო, თბილისი - 13:33 | 03.08.2016
ნანახია: 1243

95 ეკომიგრანტ ოჯახს საცხოვრებელი სახლები და სასოფლო-სამეურნეო მიწები საკუთრებაში გადაეცათ - შესაბამისი განკარგულების პროექტი, ეკონომიკის სამინისტროს ინიცირებით, 3 აგვისტოს მთავრობის სხდომაზე დამტკიცდა.

ეკომიგრანტებისთვის გადაცემული ქონება საქართველოს რამდენიმე რაიონშია განლაგებული, კერძოდ: წალკის, თეთრიწყაროს, ნინოწმინდის, ლაგოდეხის, სიღნაღის, გურჯაანის, ახმეტისა და ხონის მუნიციპალიტეტებში, ასევე ქალაქ წალკაში, ქალაქ დუშეთში, ქალაქ ხონში, ქალაქ მარნეულსა და ქალაქ თეთრიწყაროში.   როგორც დიმიტრი ქუმსიშვილმა ჟურნალისტებთან განმარტა, თითოეულ ოჯახს გადაეცა საშუალოდ 2600 კვ.მ. სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და დაახლოებით 40-50 კვ.მ. შენობა-ნაგებობა.

„ეს ადამიანები იქ საკმაოდ დიდი ხანია ცხოვრობენ და მათი პრობლემები იყო მოუგვარებელი.  ჩვენ მოგვეცა ამ პრობლემების მოგვარების შესაძლებლობა და, შესაბამისად, ეს ქონებები მათ გადაეცათ საკუთრებაში“ - აღნიშნა საქართველოს პირველმა ვიცე-პრემიერმა.

ეკომიგრანტებისთვის სახელმწიფო ქონების გადაცემის განკარგულების პროექტი ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების  სამინისტრომ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს შუამდგომლობის საფუძველზე მოამზადა.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე