აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო ცდილობს ხეივანს უფრო მეტი ტურისტული პოტენციალი შესძინოს

საქართველო, თბილისი - 11:01 | 03.08.2016
ნანახია: 1247

ბათუმის გმირთა ხეივნის საინვესტიციო მიმზიდველობა იზრდება. აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო ცდილობს ხეივანს უფრო მეტი ტურისტული პოტენციალი შესძინოს და ამიტომ ხეივანში მიწის ნაკვეთებს ძირითადად სასტუმროების და აპარტამენტების მშენებლობის პირობით ყიდის.  სამინისტროს მიერ აუქციონზე უკვე გამოტანილია ტბ. აბუსერიძის ქ. N15/ფიროსმანის ქ. N5-/აბუსერიძის ქუჩა 17-ში მდებარე 4169 კვ.მ არასასოფლო- სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, სადაც სამომავლოდ მინიმუმ 60 ნომერზე გათვლილი სასტუმრო უნდა აშენდეს.

ობიექტის საწყისი ღირებულება 1 მლნ 560 ათასი ლარია, ხოლო აუქციონი 15 აგვისტოსთვისაა ჩანიშნული.

სასტუმროსთან ერთად შენობის ნაწილში დასაშვებია საცხოვრებელი აპარტამენტების განთავსებაც. ინვესტორის ვალდებულებაა ასევე მინიმუმ 2000 კვ.მ-ზე მიწისქვეშა ავტოსადგომის მშენებლობა, რომელიც გამოყენებულ უნდა იქნას საზოგადოებრივი და კომერციული დანიშნულებით.

სასტუმრო ინვესტორმა ექსპლუატაციაში, ხელშეკრულების გაფორმებიდან 54 თვის ვადაში უნდა შეიყვანოს.

მრავალფუნქციური შენობა-ნაგებობის ექსპლუატაციაში მიღებიდან 6 თვის განმავლობაში შენობა-ნაგებობის ნაწილში, არანაკლებ 2000 კვ.მ ფართზე თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი „ჰიპერმაკეტი“  უნდა ამოქმედდეს.

შეგახსენებთ, რომ გმირთა ხეივნის განვითარების კონცეფციაზე აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ იმუშავა. ტერიტორიის ფართობია 3 ჰა. დაგეგმარების მიხედვით ხეივანი 14 საინვესტიციო მიწის ნაკვეთად დაიყო, რომლის ათვისება 3 ეტაპად განხორციელდება.

კონცეფციის მიხედვით შენობის მაქსიმალური სიმაღლე 140, ხოლო მინიმალური 30 მეტრი განისაზღვრა. ტერიტორიაზე სასტუმროების, აპარტამენტების, რესტორნების, სხვადასხვა გასართობი ობიექტებისა და სპორტული ცენტრების განთავსება იქნება შესაძლებელი. გმირთა ხეივნის განვითარების კონცეფციის მიზანი საინვესტიციო გარემოს გაუმჯობესება, ბიზნესის/ტურიზმის ხელშეწყობა,სამუშაო ადგილების შექმნა და ქალაქის ინფრასტრუქტურის განვითარებაა.

იმავდროულად, გმირთა ხეივანში 4 ახალი ინვესტიციის განხორციელება უკვე დაიწყო.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე