ბათუმში, გმირთა ხეივანში კიდევ ერთი სასტუმროს მშენებლობა იგეგმება

საქართველო, თბილისი - 10:36 | 03.08.2016
ნანახია: 1272

ბათუმში, გმირთა ხეივანში კიდევ ერთი სასტუმროს მშენებლობა იგეგმება. სასტუმროს მშენებლობისთვის აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო ტბ. აბუსერიძის ქუჩა N15/ ფიროსმანის ქუჩა N5/ტბ. აბუსერიძის ქუჩა N17-ში მდებარე 3047 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთს განმეორებით, პირობებიან  აუქციონზე ყიდის.

ლოტის საწყისი ღირებულება 1 მლნ 138 ათასი ლარია.

პირობების მიხედვით, ინვესტორმა მინიმუმ 60 ნომერზე გათვლილი სასტუმრო უნდა ააშენოს. მყიდველის სურვილის შემთხვევაში შენობის ნაწილში დასაშვებია დამატებით საცხოვრებელი აპარტამენტების განთავსდებაც.

ინვესტორის ვალდებულება ხდება ასევე მინიმუმ 1500 კვ.მ ფართზე გადაჭიმული  მიწისქვეშა ავტოსადგომის მშენებლობა, რომელიც შემდგომ საზოგადოებრივი და კომერციული დანიშნულებით იქნება გამოყენებული.

პირობების მიხედვით, მრავალფუნქციური შენობის მშენებლობა ხელშეკრულების გაფორმებიდან 54 თვის ვადაში უნდა დასრულდეს და მასში ინვესტორმა მინიმუმ 10 მლნ 700 ათასი აშშ დოლარის ინვესტიცია უნდა განახორციელოს.

ობიექტის გასხვისება 15 აგვისტოსთვის ჩანიშნულ აუქციონზე იგეგმება.

შეგახსენებთ, რომ გმირთა ხეივნის განვითარების კონცეფციაზე აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ იმუშავა. ტერიტორიის ფართობია 3 ჰა. დაგეგმარების მიხედვით ხეივანი 14 საინვესტიციო მიწის ნაკვეთად დაიყო, რომლის ათვისება 3 ეტაპად განხორციელდება.

კონცეფციის მიხედვით შენობის მაქსიმალური სიმაღლე 140, ხოლო მინიმალური 30 მეტრი განისაზღვრა. ტერიტორიაზე სასტუმროების, აპარტამენტების, რესტორნების, სხვადასხვა გასართობი ობიექტებისა და სპორტული ცენტრების განთავსება იქნება შესაძლებელი. გმირთა ხეივნის განვითარების კონცეფციის მიზანი საინვესტიციო გარემოს გაუმჯობესება, ბიზნესის/ტურიზმის ხელშეწყობა,სამუშაო ადგილების შექმნა და ქალაქის ინფრასტრუქტურის განვითარებაა.

იმავდროულად, გმირთა ხეივანში 4 ახალი ინვესტიციის განხორციელება უკვე დაიწყო.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე