„უმასპინძლე საქართველოში“-ს ახალი ბენეფიციარი ჰყავს

საქართველო, თბილისი - 15:11 | 02.08.2016
ნანახია: 1246

სახელმწიფო პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ახალი, სასტუმრო ინდუსტრიის განვითარების

კომპონენტს კიდევ ერთი ბენეფიციარი დაემატა.  ახალი პროგრამის ამოქმედებიდან სულ მცირე დროში, პროგრამის ბენეფიციარების რიცხვი საგრძნობლად მატულობს. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მეწარმეობის განვითარების სააგენტოს მხარდაჭერით, მორიგი ბენეფიციარი, შპს „პი-ემ-ჯი“  სასტუმროს მშენებლობისა და რემონტის დასრულებას შეძლებს.

შპს „პი-ემ-ჯი“, პროგრამის „უმასპინძლე საქართველოში“  ფარგლებში, ფინანსური მხარდაჭერით  სარგებლობს, რაც იმას ნიშნავს, რომ პირველი 2 წლის განმავლობაში კომპანიის საპროცენტო განაკვეთის უმეტეს ნაწილს,  მეწარმეობის განვითარების სააგენტო თანადაფინანსების სახით დაფარავს.

სააგენტოს დახმარებით განხორციელებული პროექტის ჯამური ინვესტიცია 810 000 აშშ დოლარს შეადგენს.  სასტუმროში კი, რომელიც 2016 წლის დეკემბრის თვეში გაიხსნება, დასაქმდება 37 ადამიანი.  

ახალი სასტუმრო დაბა ბაკურიანში გაიხსნება და სამშენებლო სამუშაოების დასრულების შემდეგ მომხმარებელს მაღალი ხარისხის მომსახურებასთან ერთად კეთილმოწყობილ გარემოს  შესთავაზებს.

მოცემული ეტაპისათვის, სასტუმრო ინდუსტრიის განვითარების კომპონენტის „უმასპინძლე საქართველოში“ ფარგლებში  სახელმწიფომ უკვე მხარი დაუჭირა ქვეყნის მასშტაბით 7 მაღალი სტანდარტის მქონე სასტუმროს მშენებლობას, რომელიც დამატებით შექმნის 200-ზე მეტ ოთახს, როგორც საერთაშორისო, ასევე ადგილობრივი ვიზიტორებისთვის და დაასაქმებს 180-მდე მეტ ადამიანს.

2016 წლიდან სახელმწიფო პროგრამას „აწარმოე საქართველოში“ ახალი კომპონენტი დაემატა, რომელიც მეწარმეებს შესა­ძლებლობას აძლევს რეგიონებში განავითაროს სასტუმრო ბიზნესი,შექმნას სამუშაო ადგილები, მოიზიდოს მეტი დამსვენებელი და ხელი შეუწყოს რეგიონის განვითარებას.

ახალი კომპონენტი რეგიონული მეწარმეებისათვის ხელმისაწვდომს ხდის ფინანსებსა და საკონსულტაციო მომსახურებას და ამასთანავე ხდება წარმატებული საერთაშორისო ბრენდების გამოცდილების დანერგვა ე.წ „ფრანჩაიზინგის“ ხელშეკრულებით გათვალისწინებული გადასახადების თანადაფინანსებით.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე