ნაჰიან ბინ მუბარაკ ალ ნაჰიანი: „საქართველო გახდა ჰაბი ტურიზმისა და ბიზნესისთვის“

საქართველო, თბილისი - 20:34 | 01.08.2016
ნანახია: 1327

საქართველოში სტუმრად მყოფმა არაბეთის გაერთიანებული საემიროების შეიხმა, ნაჰიან ბინ მუბარაკ ალ ნაჰიანმა დიმიტრი ქუმსიშვილთან ერთად გონიოში, ყოფილი პოლიგონის ტერიტორია დაათვალიერა, რომლის საინვესტიციო პოტენციალი სამ მილიარდ დოლარს აღწევს. ტერიტორიის დათვალიერებისა და პრეზენტაციის შემდეგ შეიხმა კომენტარი გააკეთა და განმარტა, რომ საქართველო გახდა ჰაბი ტურიზმისა და ბიზნესისათვის.

„აქ მეგობრული გარემოა, რომელსაც ლმობიერი საკანონმდებლო რეგულაციები განაპირობებს და სწორედ ეს წაახალისებს ადამიანებს, რომ ჩამოვიდნენ და ინვესტიციები განახორციელონ. ცალსახაა პროგრესი ტურიზმის, საგანმანათლებლო, ჯანდაცვის, უსაფრთხოებისა და უშიშროების თვალსაზრისით. ყოველივე ამის გამო, საქართველო უაღრესად მიმზიდველია როგორც ინვესტორებისთვის, ისე ვიზიტორებისა და ტურისტებისთვის.

დღეს ჩვენ ბათუმში ჩამოვედით. მე აქ აქამდეც ვყოფილვარ და ახლა ნათლად ვხედავ, რომ ბათუმი კიდევ უფრო გაიზარდა და განვითარდა. მას შეემატა მრავალი მშვენიერი სასტუმრო და ვხედავთ კიდეც უამრავ ადამიანს ზღვის სანაპიროზე.

ჩვენ დავათვალიერეთ მიწის ნაკვეთი, რომელიც არა მხოლოდ უძრავი ქონების ბიზნესისთვისაა შესაფერისი, არამედ მრავალი დანიშნულებისთვის შეიძლება იყოს გამოყენებული, მათ შორის რეკრეაციული, სავაჭრო, საფინანსო, სპორტული, მათ შორის გოლფის კორტების ან სხვა დანიშნულების ცენტრების მოსაწყობად.

ჩვენზე ძალიან დიდი შთაბეჭდილება მოახდინა ბათუმის განვითარების დონემ. ბათუმი ხდება რეგიონის მოსახლეობის ტურისტული ცენტრი და ამას აქაური მშვენიერი ამინდებიც განაპირობებს.

ჩვენ კვლავაც განვაგრძობთ ამ ქვეყანაში ინვესტიციების განხორციელებას. გვჯერა საქართველოს მომავალი კეთილდღეობის, ასევე გვჯერა დიდებული ქართველი ხალხისა და მათი ქვეყნის შესაძლებლობების. ქართველები მეგობრული და სტუმართმოყვარე ხალხია, რომლებიც მიმზიდველ ატმოსფეროს ქმნიან ტურისტებისთვის“, განაცხადა შეიხმა.

მისივე თქმით, უსაფრთხოება, უშიშროება, საკანონმდებლო სისტემა - ეს ყველა ის ფაქტორია, რომელიც განაპირობებს ქვეყნის ეკონომიკურ ზრდასა და კეთილდღეობას.

„შესაბამისად, ინვესტორებს ისეთივე ნდობა ექნებათ ქვეყნისა და მთავრობის მიმართ, როგორც ჩვენ გვაქვს. პირადად ჩემი რამდენიმე მეგობარი დაინტერესებულია საქართველოში განახორციელოს ინვესტიციები როგორც საგანმანათლებლო, ისე უძრავი ქონების მიმართულებით. ჩვენ კვლავ განვაგრძობთ წვლილის შეტანას ზოგადად საქართველოს და, კონკრეტულად, ბათუმის ეკონომიკურ განვითარებაში, ვინაიდან გვაქვს მთავრობის მხარდაჭერა და ხელშეწყობა, რაც უაღრესად მნიშვნელოვანია.

ეს არაჩვეულებრივი ქვეყანაა მდიდარი ტრადიციებით, კულტურითა და ღირებულებებით, ასევე მეგობრული, გულღია და კეთილგანწყობილი ადამიანებით. მინდა საქართველოსა და ქართველ ხალხს წარმატება ვუსურვო.

მსურს კიდევ ერთხელ დავადასტურო ჩვენი ნდობა საქართველოს, ქართველი ხალხისა და ქვეყნის მთავრობის მიმართ და იმედი გამოვთქვა, რომ ჩვენ კიდევ უფრო მეტ ინვესტიციას განვახორციელებთ მომავალში“, აცხადებს ნაჰიან ბინ მუბარაკ ალ ნაჰიანი.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე