სასტუმრო ინდუსტრიის განვითარების პროგრამის ბენეფიციარების რიცხვი შესამჩნევად მატულობს

საქართველო, თბილისი - 16:13 | 29.07.2016
ნანახია: 1113

სახელმწიფო პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ახალი, სასტუმრო ინდუსტრიის განვითარების კომპონენტით დაინტერესება ყოველდღიურად იზრდება. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, მეწარმეობის განვითარების სააგენტოს მხარდაჭერით, კიდევ ერთი ბენეფიციარი შპს „ჯეოტექინვესტი“ შეძლებს ახალი სასტუმროს მშენებლობასა და კეთილმოწყობას.

შპს „ჯეოტექინვესტი“, ახალი პროგრამის „უმასპინძლე საქართველოში“ ფარგლებში, ფინანსური მხარდაჭერით სარგებლობს, რაც იმას ნიშნავს, რომ პირველი 2 წლის განმავლობაში პროცენტის თანადაფინანსებას მეწარმეობის განვითარების სააგენტო განახორციელებს.

სააგენტოს დახმარებით განხორციელებული პროექტის ინვესტიციის ჯამური მოცულობა 703 500 ლარს შეადგენს. სასტუმრო კი, რომლის გახსნაც 2017 წლის მაისის თვეში იგეგმება, 15 ადამიანს დაასაქმებს.

ახალი სასტუმრო „შაორი“, სოფელ ნიკორწმინდაში, ტყიბული-ამბროლაურის გზის მონაკვეთზე განთავსდება და მომხმარებელს მაღალი დონის მომსახურებას შესთავაზებს. აღსანიშნავია, რომ სასტუმროს მშენებლობა ხელს შეუწყობს ტურისტების ნაკადის ზრდასა და მათთვის ხელსაყრელი გარემოს შეთავაზებას. რაც ზოგადად, ტურიზმის სფეროს განვითარებასა და ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებაზეც აისახება.

მოცემული ეტაპისათვის, სასტუმრო ინდუსტრიის განვითარების კომპონენტს „უმასპინძლე საქართველოში“ ფარგლებში სახელმწიფომ უკვე მხარი დაუჭირა ქვეყნის მასშტაბით 7 მაღალი სტანდარტის მქონე სასტუმროს მშენებლობას, რომელიც დამატებით შექმნის 197 ოთახს, როგორც საერთაშორისო, ასევე ადგილობრივი ვიზიტორებისთვის და დაასაქმებს 179-ზე მეტ ადამიანს.

2016 წლიდან სახელმწიფო პროგრამას „აწარმოე საქართველოში“ ახალი კომპონენტი დაემატა, რომელიც მეწარმეებს შესა­ძლებლობას აძლევს რეგიონებში განავითაროს სასტუმრო ბიზნესი, შექმნას სამუშაო ადგილები, მოიზიდოს მეტი დამსვენებელი და ხელი შეუწყოს რეგიონის განვითარებას.

ახალი კომპონენტი რეგიონული მეწარმეებისათვის ხელმისაწვდომს ხდის ფინანსებსა და საკონსულტაციო მომსახურებას და ამასთანავე ხდება წარმატებული საერთაშორისო ბრენდების გამოცდილების დანერგვა ე.წ „ფრანჩაიზინგის“ ხელშეკრულებით გათვალისწინებული გადასახადების თანადაფინანსებით.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე