„უმასპინძლე საქართველოში“ - „ბარაკონი“ გუდაურში სასტუმროს გახსნის

საქართველო, თბილისი - 11:58 | 27.07.2016
ნანახია: 1194

სახელმწიფო პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ახალი, სასტუმრო ინდუსტრიის განვითარების  კომპონენტში ჩართული ბენეფიციარების რიცხვი ყოველდღიურად მატულობს. ახალ პროგრამას ამოქმედებიდან სულ მცირე პერიოდში  უკვე 6 ბენეფიციარი ჰყავს, რომლებიც საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მეწარმეობის განვითარების სააგენტოს მხარდაჭერით სასტუმროს მშენებლობის დასრულებასა და ინვენტარით აღჭურვას შეძლებენ.

შპს „ბარაკონი“ ახალი კომპონენტის „უმასპინძლე საქართველოში“  ფარგლებში ფინანსური მხარდაჭერით სარგებლობს, რაც იმას ნიშნავს, რომ პირველი 2 წლის განმავლობაში პროცენტის თანადაფინანსებას მეწარმეობის განვითარების სააგენტო განახორციელებს.

სააგენტოს დახმარებით განხორციელებული პროექტის ჯამური ინვესტიცია 600,000 აშშ დოლარს შეადგენს, ხოლო სასტუმროში, რომელიც 2016 წლის აგვისტოს თვეში გაიხსნება, დასაქმებულთა რიცხვი  13 ადამიანს გაუტოლდება.  

ახალი სასტუმრო  ყაზბეგის რაიონ სოფელ გუდაურში გაიხსნება. კომპანიის გაყიდვების სტრატეგიის მთავარი მიზანია, ფასდაკლებების სისტემითა და სეზონური ღონისძიებებით მოიზიდოს სასურველი მომხმარებლები, შექმნას სასიამოვნო გარემო  და შეინარჩუნოს ერთგული მომხმარებლები.    

2016 წლიდან სახელმწიფო პროგრამას „აწარმოე საქართველოში“ ახალი კომპონენტი დაემატა, რომელიც მეწარმეებს შესა­ძლებლობას აძლევს რეგიონებში განავითაროს სასტუმრო ბიზნესი,

შექმნას სამუშაო ადგილები, მოიზიდოს მეტი დამსვენებელი და ხელი შეუწყოს რეგიონის განვითარებას. ახალი კომპონენტი რეგიონული მეწარმეებისათვის ხელმისაწვდომს ხდის ფინანსებსა და საკონსულტაციო მომსახურებას და ამასთანავე ხდება წარმატებული საერთაშორისო ბრენდების გამოცდილების დანერგვა ე.წ „ფრანჩაიზინგის“ ხელშეკრულებით გათვალისწინებული გადასახადების თანადაფინანსებით.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე