სოფელ ზედა აჭყვაში სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები დაწყებულია

საქართველო, თბილისი - 10:23 | 27.07.2016
ნანახია: 1205

მიმდინარე წლის 8-9 ივლისს ძლიერი წვიმის შედეგად განვითარებულმა მეწყრულმა პროცესებმა ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელი ზედა აჭყვა დააზიანა. მიწის მასების ჩამოშლის შედეგად დაზიანდა კონცელიძეებისა და ჯინჭარაძეების საცხოვრებელ სახლთან მისასვლელი გზა. მეწყერმა ასევე საფრთხე შეუქმნა რამდენიმე ოჯახის საცხოვრებელ სახლს. გაწმენდითი სამუშაოების დაწყება მეწყრული პროცესების დასტაბილურებამდე ვერ ხერხდებოდა. 
 
აჭარის მთავრობის ინფორმაციით, ადგილზე სამუშაოებს უკვე მეორე დღეა აწარმოებს აჭარის საავტომობილო გზებისა და სამელიორაციო სისტემების მართვის დეპარტამენტის მძიმე ტექნიკა,  მიმდინარეობს გზის სავალი ნაწილის მიწის მასებისაგან განთავისუფლება. 
 
რაც შეეხება იმ ოჯახებს, რომელთა საცხოვრებელი სახლებიც მეწყერმა დააზიანა, სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო ადგილობრივი კომისიის დასკვნამდე საფრთხის თავიდან ასაცილებლად მიღებულ იქნა გადაწყვეტილება სოფელ ზედა აჭყვის მკვიდრი სამი ოჯახის ალტერნატიულ ფართში ქირით გაყვანის თაობაზე. ავთანდილ გორგილაძის, ზიანი ცინარიძისა და ამირან კონცელიძის ოჯახები დაბა ჩაქვში იცხოვრებენ. საცხოვრებელი ფართის ქირავნობის თანხას სრულად ანაზღაურებს ქობულეთის მუნიციპალიტეტი.



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე