სტატუსი „რეკომენდებულია ტურიზმის დეპარტამენტის მიერ“ უცხოელ ტურისტებს ხიბლავს

საქართველო, თბილისი - 16:13 | 25.07.2016
ნანახია: 2062

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ახალ პროექტს „რეკომენდებულია ტურიზმის დეპარტამენტის მიერ“ დადებითად აფასებს კერძო სექტორი. ბიზნესი ამბობს, რომ სტატუსი უცხოელ ტურისტებს ხიბლავს, რაც საბოლოო ჯამში მათ გაყიდვებზეც აისახება.

ერთ-ერთი „რეკომენდებული“ კაფეს „კოფიტოპიას“ მენეჯერი ლიკა ბაკურაძე ამბობს, რომ ეს წოდება პირველ რიგში თვალშისაცემია უცხოელებისთვის, რაც პირდაპირი მნიშვნელობით ასოცირდება ტურისტების მიერ ობიექტის ნდობასთან. მისი განმარტებით, უცხოელი ტურისტები დიდ ყურადღებას აქცევენ მსგავს წოდებებს.

იგივეს ფიქრობს რესტორან „აჭარას“ მენეჯერი გიორგი ჭიჭილეიშვილიც. „მისასალმებელია, რომ შესაძლებელია ხარისხის ნიშნის აღება. ეს ერთგვარი ნდობის გარანტიაა. ამიტომაც ყოველდღიურად ვცდილობთ, ჩვენი რესტორანი მეტად განვავითაროთ, შევმატოთ გარკვეული ნიუანსები, რაც ყველაზე მეტად იზიდავს ტურისტებს.“

„რეკომენდებულია ტურიზმის დეპარტამენტის მიერ“ აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის მიერ წამოწყებულია პროექტია, რომელიც რეგიონში არსებულ ტურისტულ ობიექტებზე მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებას ისახავს მიზნად.

ეს სტატუსი, ერთის მხრივ მომხმარებელს ამცნობს მაღალ ხარისხზე და არის სტანდარტის გარანტი, მეორეს მხრივ კი პროექტში ჩართული ყველა ობიექტი ცდილობს იყოს დადგენილი სტანდარტების შესაფერისი.

“პროექტის არსი მდგომარეობს იმაში, რომ განთავსებისა და კვების ობიექტებზე დაკმაყოფილებული იყოს ყველა  კრიტერიუმები, რაც აუცილებელია შემდგომი განვითარებისთვის“- აცხადებს აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის ტურისტული სერვისების განყოფილების უფროსი თამარ კაიკაციშვილი.

პროექტში მონაწილეობა ნებაყოფლობითია. პროექტის პირველ ეტაპზე დარეგისტრირდა 34 ობიექტი, რომელთაგან  სტატუსი 18 ობიექტს მიენიჭა. რაც შეეხება მეორე ეტაპს, აქ უკვე რეგისტრირებულია 45 ობიექტი, თუმცა თუ რამდენს მიენიჭება ამ ეტაპზე  „რეკომენდებულიას“  სტატუსი ჯერ-ჯერობით უცნობია. 

პროექტში ჩაერთვნენ და შესაბამისი სტატუსის მფლობელები უკვე არიან: „კოლიზეუმ მარინა“ ; „როიალ პალასი“ ; „ლე პორტი“; „ინტურისტ პალასი“ და სხვა სასტუმროები.

რაც შეეხება კვების ობიექტებს,“ რეკომენდებულიას“ სტატუსი მიენიჭა რესტორნებს: „რედ კაფე“; „ვაილდ ვესტი“ ; „ლოფტი“ ; „გრილ თაუნი“.

როგორც აჭარის ტურიზმის დეპარტამენტში აცხადებენ, მონიტორინგის მეორე ეტაპზე, შემოწმებას გაივლიან ის ტურისტული ობიექტებიც, რომლებსაც მიეცათ გარკვეული დრო პრობლემების აღმოსაფხვრელად. ერთ-ერთი ამ ობიექტთაგან არის სასტუმრო „ევრაზია“, რომელმაც უკვე მოაწესრიგა მიმდებარე გზის პრობლემა. სასტუმროს მფლობელის გია დავითაძის თქმით, პროექტმა გაზარდა მათი მოტივაცია შეესაბამებოდნენ სტანდარტებს.

იმისათვის რომ საბოლოო მიზნისთვის მიეღწიათ და სტატუსი მიეღოთ აღნიშნულმა განთავსებისა და კვების ობიექტებმა გაიარეს სპეციალური ტექნიკური შემოწმება, რომელიც მსოფლიოში აღიარებულ HotRec, Hot Star union 21 პრინციპს ემყარება. ასევე შემოწმდა სანიტარული და სურსათ-უვნებლობის სტანდარტები სურსათის ეროვნული სააგენტოსა და სანიტარული ზედამხედველობის სამსახურის წარმომადგენლების მიერ.

„რეკომენდირებულია“ ობიექტები, რომლებშიც დაცულია:
1.სახანძრო უსაფრთხოება

2.სურსათის უვნებლობა

3.სანიტარულ-ჰიგიენური ნორმები

4.ობიექტზე დასაქმებულთა შრომის უსაფრთხოება

5.განთავსების და კვების ობიექტების ოპერირების ძირითადი სტანდარტები.

თუ თქვენ გადაწყვეტთ ბათუმში დასვენებას, სასტუმროს შერჩევისას ესტუმრეთ აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის ოფიციალურ ვებ-გვერდს http://adjara.gov.ge/branches/default.aspx?gid=7 და გადაამოწმეთ, არის თუ არა ის რეკომენდებული.

ავტორი - მარიამ ნაცარიშვილი

სპეციალურად PrimeNewsGeorgia-სთვის ბათუმიდან.

 

 

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე