13-14 აგვისტოს აჭარაში თაფლის ფესტივალი გაიმართება

საქართველო, თბილისი - 17:56 | 22.07.2016
ნანახია: 1335

თაფლის ფესტივალის ორგანიზების მიზნით დღეს, აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროში ა(ა)იპ აგროსერვის ცენტრსა და აჭარის მეფუტკრე ბიზნეს ასოციაციას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა, რომელსაც ხელი აგროსერვის ცენტრის დირექტორმა გოჩა ბერიძემ და ბიზნეს ასოციაციის თავმჯდომარემ როლანდ კეჟერაძემ მოაწერეს. მემორანდუმის ხელმოწერას სავაჭრო სამრეწველო პალატის, აჭარის კულტურული მემკვიდროების დაცვის სააგენტოს, არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები და მეფუტკრე ფერმერები ესწრებოდნენ. 2016 წლის 13-14 აგვისტოს აჭარაში უკვე მეორედ ჩატარდება თაფლის ფესტივალი, სადაც თაფლის პროდუქციას წარმოადგენენ მეფუტკრეები აჭარიდან და საქართველოს სხვა რეგიონებიდან. თაფლის ფესტივალი ტარდება ქართული თაფლის პოპულარიზაციისა და ცნობადობის გაზრდის მიზნით, როგორც ადგილობრივ ისე საერთაშორისო ბაზარზე. ფესტივალი ტარდება აჭარის სავაჭრო-სამრეწველო პალატასთან არსებული "აჭარის მეფუტკრეობის ბიზნეს ასოციაციის" მეშვეობით.

,,მეფუტკრეობის დარგის აღორძინება და ქართული თაფლის ევროპულ ბაზარზე გასვლა ჩვენი მთავარი ამოცანაა, რეგიონში მეფუტკრეობის განვითარების ხელშეწყობის მიზნით, აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტრომ განახორციელა არა ერთი მიზნობრივი პროგრამა. პროგრამის მიზანი იყო რეგიონში მეფუტკრეობის დარგის განვითარების ხელშეწყობა და მეფუტკრეობის საკვები ბაზის ათვისება, რომლის შედეგადაც გაიზრდება ფუტკრის პროდუქტების წარმოება, სამომხმარებლო ბაზარზე ადგილს დაიმკვიდრებს ეკოლოგიურად სუფთა თაფლის ნატურალური პროდუქტები, გაუმჯობესდება მეფუტკრე ფერმერების შემოსავლები. ჩვენი მიზნია სასოფლო-სამეურნეო კოოპერტივებისთვის მატერიალურ-ტექნიკური ბაზის გაუმჯობესება, წარმოებული თაფლისა და მეფუტკრეობის სხვა პროდუქტების ხარისხისა და რაოდენობის გაზრდა’’. -განაცხადა მემორანდუმის გაფორმების შემდეგ ა(ა)იპ აგროსერვის ცენტრის დირექტორმა გოჩა ბერიძემ.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე