მთავრობამ ოპტიკურ-ბოჭკოვანი ინფრასტრუქტურის განვითარების პროგრამა დაამტკიცდა

საქართველო, თბილისი - 16:12 | 21.07.2016
ნანახია: 1246

21 ივლისის მთავრობის სხდომაზე, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინიცირებით,  ფართოზოლოვანი ინფრასტრუქტურის განვითარების სახელმწიფო პროგრამა დამტკიცდა. პროექტის დეტალები მედიის წარმომადგენლებს სხდომის დასრულების შემდეგ საქართველოს პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა გააცნო:

„აღნიშნულ პროგრამაზე კარგა ხნის წინ დავიწყეთ მუშაობა. მთელი ამ პერიოდის მანძილზე ჩვენ გვქონდა ძალიან ინტენსიური მოლაპარაკებები კერძო სექტორთან, რათა, საბოლოო ჯამში,  სახელმწიფო კერძო სექტორის მონდომებისა და ინვესტიციების, ასე ვთქვათ,  შემავსებელი გამოსულიყო და საბოლოოდ, კერძო სექტორისთვის გადაგვეცა ის ინფრასტრუქტურა, რომელშიც დონორის ფული დაიხარჯებოდა“ - განუცხადა ჟურნალისტებს დიმიტრი ქუმსიშვილმა.

პირველმა ვიცე-პრემიერმა მედიას განუმარტა ის პროცედურები, რომელსაც პროგრამით განსაზღვრული სამოქმედო გეგმა ითვალისწინებს. მისი თქმით, მოხდება ინტერესთა გამოხატვის გამოცხადება, სადაც    საქართველოს ტერიტორია  3 ძირითად გეოგრაფიულ არეალად იქნება დაყოფილი.  დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, თუ დღეს არსებული კომერციული ოპერატორები იტყვიან, რომ ისინი ან უკვე არიან ამ გეოგრაფიულ არეალში,  ან აპირებენ მომდევნო 3 წლის განმავლობაში შესვლას, ამაზე ისინი აიღებენ სახელმწიფოსთან გარკვეულ ვალდებულებებს და განახორციელებენ თავიანთ საქმიანობას ისე, რომ აქ  სახელმწიფო და და დონორი ორგანიზაცია არანაირ ძალისხმევას არ დახარჯავს.

 გეოგრაფიული არეალის მეორე ბლოკი იქნება ის სოფლები და დასახლებული პუნქტები, სადაც კომერციული ოპერატორები შევლენ იმ პირობით, რომ დონორი ორგანიზაცია მათ დაუფინანსებს  კომერციული ბანკიდან აღებული სესხის საპროცენტო განაკვეთს 120 თვის განმავლობაში.  პირველი ვიცე-პრემიერის შეფასებით, პრაქტიკულად,  კომერციული ოპერატორები  უფასო ფულს მიიღებენ იმისთვის, რომ მათ ააშენონ თავიანთი ინფრასტრუქტურა და მათთვის უფრო მიმზიდველი გახდეს  აღნიშნული მიმართულება.

რაც შეეხება მესამე ბლოკს, ეს არის გეოგრაფიული არეალი,  სადაც კომერციული ოპერატორებისთვის არამომგებიანი იქნება შესვლა  საპროცენტო განაკვეთის დაფინანსების შემთხვევაშიც კი. ამ ნაწილში უკვე ეკონომიკის სამინისტროს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს ინიციატივით დაფუძნებული კომპანია „ოუფენ ნეტი“ გამოაცხადებს პროექტირების, მშენებლობის და ოპერირების შესახებ ინტერესთა გამოხატვას და ამ გზით შეარჩევს  კომპანიებს, რომლებიც ააშენებენ ფართოზოლოვან ინფრასტრუქტურას და შემდგომ ოპერირებას გაუწევენ შესაბამის მონაკვეთს.

„ამ პროექტისა და ასევე კომპანიებისთვის საპროცენტო განაკვეთის სუბსიდირებისთვის „ოუფენ ნეტს“ დაახლოებით 100 მილიონ აშშ დოლარამდე გრანტს გამოუყოფს ფონდი „ქართუ“ და მე მინდა მათ ძალიან დიდი მადლობა გადავუხადო.  მსურს ჩემი მკაფიო გზავნილი მივიდეს  ყველასთან იმის შესახებ, რომ საუბარია მხოლოდ გრანტის გაცემაზე და არც ფონდი და არც სახელმწიფო არ დარჩებიან  ოპერირებასა და მართვაში, ამას მთლიანად კერძო სექტორი გააკეთებს“ - განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.   

პირველი ვიცე-პრემიერის ინფორმაციით, სახელმწიფო არ გაწევს საოპერაციო ხარჯებს და დონორი ორგანიზაციისა და კერძო სექტორის ჩართულობით  შეიქმნება ინფრასტრუქტურა, რომელიც მთლიანად დაფარავს საქართველოს, ყველა დასახლებულ პუნქტს, სადაც 200-ზე მეტი ადამიანი ცხოვრობს. ფართოზოლოვანი ოპტიკურ-ბოჭკოვანი ინფრასტრუქტურა საქართველოს მასშტაბით აშენდება და მივა ისეთ დასახლებულ ადგილებამდე, სადაც აქამდე ან არ ყოფილა ინტერნეტი, ან დაბალი ხარისხით და შეზღუდულად მიეწოდებათ. მნიშვნელოვანია, რომ ტერიტორიებზე მოეწყობა ე.წ. „ღია დაშვების წერტილები,“ რომელიც საშუალებას მისცემს ნებისმიერ პროვაიდერს და ოპერატორს, მოსახლეობა უზრუნველყოს მაღალხარისხიანი ინტერნეტით, ტელევიზიით და სხვა შესაბამისი სერვისებით.

„აქვე მინდა შეგახსენოთ, რომ შარშან მსოფლიო ბანკთან გავაფორმეთ 40 მილიონ დოლარიანი კრედიტი, რომელიც ემსახურება საქართველოში ინოვაციური ეკოსისტემის შექმნას. პროექტის მიხედვით, ეს 40 მილიონი დოლარი წლების განმავლობაში უნდა დაიხარჯოს იმაზე, რომ საქართველოს  რეგიონებში შეიქმნას ინტერნეტის მოთხოვნა და ამასთან ერთად განვითარდეს ინოვაციური ინფრასტრუქტურა. ეს იქნება ინოვაციის ცენტრები, სადაც ჩვენ მოსახლეობას ვასწავლით, თუ სწორად როგორ უნდა ისარგებლონ  ინტერნეტით და მიიღონ მაქსიმალური სარგებელი. პროექტით ასევე გათვალისწინებულია ინტერნეტით სარგებლობისთვის საჭირო მოწყობილობა-დანადგარების მიწოდება“ - აღნიშნა დიმიტრი ქუმსიშვილმა.

 

 

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე