ქუმსიშვილი: თურქეთთან სტრატეგიული პარტნიორობის ჩარჩოში მნიშვნელოვან შეთანხმებებს გავაფორმებთ

საქართველო, თბილისი - 14:21 | 19.07.2016
ნანახია: 1193

დღეს სტრატეგიული პარტნიორობის ჩარჩოში ჩვენ რამოდენიმე მნიშვნელოვან შეთანხმებას მოვაწერთ ხელს. მათ შორის იქნება განახლებული ინვესტიციების დაცვისა და წახალისების შეთანხმება, რომელიც პასუხობს დღევანდელ გამოწვევებსა და რეალობებს, - განაცხადა ანკარაში ეკონომიკის მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა.

მისი თქმით, გაფორმებული ხელშეკრულების შედეგად, მოწესრიგებული იქნება ურთიერთობა როგორც მგზავრთა გადაყვანისათვის, ასევე ტვირთების გადატანისათვის.

„აქვე მინდა აღვნიშნო, რომ როგორც სატრანზიტო ქვეყნები ჩვენც და თურქეთიც ძალიან დაინტერესებულები ვართ კორიდორების განვითარებაში. ამ მიმართულებით დღეს ჩვენ ორ დამატებით ხელშეკრულებას მოვაწერთ ხელს, ერთი იქნება საერთაშოროსო კომბინირებული ტვირთების გადაზიდვა, რომლის მიხედვითაც ჩვენს ტერიტორიებზე გავლით შესაძლებელი იქნება მულტიმოდალური ტრანსპორტის გამოყენება, როგორც სარკინიგზო, ისე სახმელეთო და ისე საზღვაო და ამ შემთხვევაში ერთ ხელშემკვრელ მხარესთან გვექნება საქმე, რაც რა თქმა უნდა გააიოლებს ტვირთმფლობელებისათვის აღნიშნულ კორიდორში ტვირთის გატარებას. აქვე მინდა აღვნიშნო, რომ მეორე შეთანხმება იქნება საქართველოსა და თურქეთს შორის სარკინიგზო სატვირთო გადაზიდვებისა და მგზავრთა გადაყვანის შესახებ შეთანხმება, რომელიც მოაწესრიგებს იმ სივრცეს, რასაც ჰქვია რკინიგზებს შორის ურთიერთობა, როგორც ტვირთის გადაზიდვის, ასევე მგზავრის გადაყვანის მიმარტულებით, ასევე საზღვრის კვეთის მიმართულებით და ბარგთან მიმართებაში ურთიერთობებს. მინდა აღვნიშნო, რომ ეს არის პრაქტიკულად წინმსწრები შეთანხმება, ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო მაგისტრალისა, იმიტომ რომ როგორც მოგეხსენებათ წლის ბოლოსთვის ჩვენ აუცილებლად გავუშვებთ აღნიშნულ რკინიგზას და შესაბამისად უკვე მოწესრიგებული გვექნება ურთიერთობა როგორც მგზავრთა გადაყვანისათვის, ასევე ტვირთების გადატანისათვის“,- განაცხადა ქუმსიშვილმა.

საქართველოს მთავრობის დელეგაცია ოფიციალური ვიზიტით თურქეთში იმყოფება




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე