დიმიტრი ქუმსიშვილი ჟურნალ „ანაკლიის“ პრეზენტაციას დაესწრო

საქართველო, თბილისი - 20:45 | 18.07.2016
ნანახია: 1497

პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა ჟურნალ „ანაკლიას“ პრეზენტაციაში მიიღო მონაწილეობა, რომელიც თიბისი გალერეაში გაიმართა. ჟურნალის გამომცემელია ანაკლიის განვითარების კონსორციუმი.

სიტყვით გამოსვლისას, პირველმა ვიცე-პრემიერმა დიმიტრი ქუმსიშვილმა განაცხადა, რომ ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტის განხორციელებას საქართველოს მომავლისთვის უდიდესი მნიშვნელობა აქვს. მისი განცხადებით, აღნიშნული პროექტი შეძლებს, საქართველო გაცილებით მიმზიდველი გახადოს სატრანზიტო ტვირთების გატარების თვალსაზრისით.

ამასთან, დიმიტრი ქუმსიშვილის შეფასებით, არაკლებ მნიშვნელოვანია, ანაკლიის პორტის პროექტის მიმდინარეობა მაქსიმალურად გამჭვირვალედ მიმდინარეობდეს. „ჟურნალი „ანაკლია“ ემსახურება იმას, რომ მოხდეს მნიშვნელოვანი გზავნილების მიტანა როგორც საქართველოს მოსახლეობამდე, ისე იმ ინვესტორებამდე, რომლებსაც აინტერესებთ ანაკლიის პორტის განვითარება,“ - განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.

ჟურნალის პრეზენტაციას ასევე დაესწრნენ განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა, ანაკლიის განვითარების კონსორციუმის თანადამფუძნებელი მამუკა ხაზარაძე, ამავე კონსორციუმის აღმასრულებელი დირექტორი ლევან ახვლედიანი, სახელმწიფო სტრუქტურებისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები.    




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე