რამაზ ბოლქვაძე აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის ახალი მინისტრია

საქართველო, თბილისი - 15:48 | 18.07.2016
ნანახია: 1526

12 ხმით აჭარის ა.რ უმაღლესმა საბჭომ აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრად რამაზ ბოლქვაძე დაამტკიცა. მინისტრობის კანდიდატმა უმაღლეს საბჭოში გამოსვლისას დეპუტატების შეკითხვებს უპასუხა და თავის სამომავლო გეგმებზე ისაუბრა.
„ძალიან დიდი პასუხისმგებლობა მერგო წილად და მზად ვარ ჩემი რეგიონის განვითარების უმნიშვნელოვანეს საქმეში, ჩემი ენერგია და შესაძლებლობები მაქსიმალურად გამოვიყენო.
მინდა მადლობა გადავუხადო ჩემს წინამორბედ მინისტრს,რომლის დროსაც აჭარის რეგიონში არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი განხორციელდა და დაიწყო. წარმატებებს ვუსურვებ მას სამომავლო საქმიანობაში. ჩვენ რეგიონის ეკონომიკის განვითარებისთვის მუშაობას კიდევ უფრო აქტიურად გავაგრძელებთ.
ჩემი საქმიანობის ერთ-ერთი უმნიშვნელესი პრიორიტეტი რა თქმა უნდა საინვესტიციო პოლიტიკის გაძლიერება და რეგიონის საინვესტიციო პოტენციალის კიდევ უფრო ეფექტურად წარმოჩენა იქნება. ჩვენ არ გვაქვს არც ერთი დღე დასაკარგი. რეგიონის მოსახლეობა ძალიან მოკლე დროში სწორედ ეკონომიკურ სარგებელს საჭიროებს და ელოდება ჩვენგან. ეხლა მყისიერი და კიდევ უფრო ეფექტური გადაწყვეტილებების მიღების დროა. საჭიროა კიდევ უფრო მეტი და დაუღავლავი მუშაობა და მე მზად ვარ სამინისტროს ძალიან ძლიერ ეკონომიკურ გუნდთან ერთად ამისთვის.
ყოველწლიურად აჭარის ა.რ რესპუბლიკურ ბიუჯეტს სოციალური მიმართულება აქვს და ეს ჩვენი უმთავრესი პრიორიტეტია. 2014 წელს ბიუჯეტის პროგრამული ფრომატით დაგეგმვაზე გადასვლის მთავარი მიზანიც სწორედ ეს იყო,რომ რეგიონის მთავარი ფინანსური დოკუმენტი პირველ რიგში სწორედ ჩვენი მოსახლეობის საჭიროებისთვის მოგვერგო და ჩვენ ამ პროცესს დღეიდან კიდევ უფრო ეფექტურად განვახორციელებთ.
აჭარის ა.რ ქონების მართვა ასევე ძალიან მნიშვნელოვანი მიმართულებაა და ამ კუთხით ჩვენ სწორ და თანმიმდევრულ პოლიტიკას გავაგრძელებთ. საკმაოდ დიდია რესპუბლიკურ ბიუჯეტში პრივატიზებიდან მიღებული შემოსავლები და ეს რესურსი რეგიონის ინტერესების გათვალისწინებით სწორად უნდა გამოვიყენოთ.
მჯერა დღეს თქვენს მიერ მხარდაჭერილი აჭარის მთავრობის ძლიერი გუნდი,საკანონმდებლო ორგანოსთან კოორდინირებული მუშაობით, ძალიან ბევრ სასიკეთო საქმეს გააკეთებს აჭარის რეგიონისთვის“ - განაცხადა რამაზ ბოლქვაძემ.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე