საქართველოში მოსავლის აღების სამუშაოებში აზერბაიჯანის სასოფლო-სამურენო ტექნიკა ჩაერთვება

საქართველო, თბილისი - 12:11 | 18.07.2016
ნანახია: 1174

წელს საქართველოში  თავთავიანი კულტურების რეკორდულად მაღალი მოსავალია.  უამინდობის გამო ალოობა  კახეთისა და ქვემო ქართლის რეგიონებში  თითქმის ერთდროულად  დაიწყო.  მოსავლის აღების სამუშაოებში  სრულად არის ჩართული შპს ,,მექანიზატორის“ სასოფლო-სამეურნეო ტექნიკა - 86 ერთეული კომბაინი.  პროცესში ჩართულია კერძო სექტორში არსებული დაახლოებით იგივე რაოდენობის ტექნიკაც. მიუხედავად ამისა,  უხვი ნალექის გამო მოსავლის აღების სამუშაოების დაგვიანებით დაწყებამ ზოგიერთ რაიონში ტექნიკით მომსახურების დეფიციტი შექმნა.

მოსავლის აღების შეუფერხებლად და აგროვადების მაქსიმალური დაცვით უზრუნველყოფის მიზნით, საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრომ დამატებითი კომბაინები აზერბაიჯანის რესპუბლიკიდან შემოიყვანა. საქართველოსა და აზერბაიჯანის სოფლის მეურნეობის მინისტრების შეთანხმების საფუძველზე, აზერბაიჯანული სასოფლო-სამეურნეო ტექნიკა მოსავლის აღების სამუშაოებში  ერთი თვის განმავლობაში  იქნება ჩართული.

სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის საქართველოში შემოსვლის პროცესს ,,წითელი ხიდის“ სასაზღვრო - საბაჟო გამშვებ პუნქტზე  სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ლევან დავითაშვილი დაესწრო.

,,საქართველოში წინა წლებთან შედარებით, თავთავიანი კულტურების რეკორდულად მაღალი მოსავალია. საშუალო მოსავლიანობა თითქმის გაორმაგებულია და საპროგნოზო მონაცემებით ერთ ჰექტარზე 4 ტონას შეადგენს. გასულ წელთან შედარებით,  გაზრდილია ნათესი ფართობებიც  -  ქვეყნის მასშტაბით  ხორბლის ნათესი ფართობები 80 000 ჰა-ზე მეტი, ხოლო ქერის 40 000 ჰა-ზე მეტია.  სოფლის მეურნეობის სამინისტრო ხელს შეუწყობს ფერმერებს აგროვადების მაქსიმალური დაცვით  უზრუნველყონ მოსავლის აღება და  დაბინავება“, - აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე