კატარინა მატერნოვა ევროკავშირის მიერ აჭარაში დაფინანსებულ სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებს გაეცნობა

საქართველო, თბილისი - 11:52 | 15.07.2016
ნანახია: 1286

16 ივლისს, ევროკავშირის სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში გენერალური დირექტორატის ხელმძღვანელის მოადგილე, კატარინა მატერნოვა სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარებისთვის ევროპის სამეზობლო პროგრამის (ENPARD) ფარგლებში ევროკავშირის მიერ აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში დაფინანსებულ სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებს გაეცნობა.

ENPARD აღიარებულია ევროკავშირის დაფინანსებით განხორციელებულ ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ ინიციატივად სოფლის მეურნეობის სფეროში. პროგრამის ფარგლებში საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების სფეროებისთვის ევროკავშირის დახმარება 2013 წლიდან დღემდე 250 მილიონ ლარზე მეტია. აჭარაში ENPARD ხორციელდება გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მეშვეობით.

ევროკავშირის მიერ დაფინანსებულ სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებში ვიზიტი და მცირე ფერმერებთან გასაუბრება შესაძლებლობას მისცემს გენერალური დირექტორატის ხელმძღვანელის მოადგილეს თავად გაეცნოს ფერმერთა წარმატებულ კოოპერატივებს და მათ როლს საქართველოს სოფლის მეურნეობის განვითარებაში.

10:00 საათზე ქნ. კატარინა მატერნოვა ეწვევა სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივს „საწური“, ქ. ბათუმში, სადაც იგი კოოპერატივის ხელმძღვანელობას შეხვდება და მათ ღვინის მარანში კოოპერატივის საქმიანობის შესახებ მოკლე პრეზენტაციას მოისმენს.   

11:00 საათზე შედგება ქნ. მატერნოვას ვიზიტი სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივში „ნატურგიფტი“. დირექტორატის ხელმძღვანელის მოადგილე კოოპერატივის წევრებს შეხვდება და მათ საქმიანობას გაეცნობა. ვიზიტისას, ქნ. მატერნოვა კოოპერატივს 60,000 ლარის ღირებულების თაფლის წარმოების დანადგარებს გადასცემს.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე