ბათუმში უცხოელი მცირე მეწარმეები გამოჩნდნენ

საქართველო, თბილისი - 10:58 | 15.07.2016
ნანახია: 2979

წლების წინ ალბათ ვერავინ წარმოიდგენდა, რომ ბათუმის ბულვარში ყოველ 20 მეტრში ინდიელი ტომების, ეკვადორელი და პერუელი ხალხის ხელნაკეთ ნივთებს წააწყდებოდა.  ტურისტები დღეს ბათუმში არა მხოლოდ დასასვენებლად, ფულის საშოვნელადაც ჩამოდიან. ზღვის სეზონზე, ბათუმში საღამო საათებში ყველაზე ხალხმრავალ ადგილას - ბათუმის პრომენადაზე გასაყიდად გამოფენილია სასტვირები, მაჩუ პიკჩუს მიმსგავსებული გამოთლილი ქვები, ინდიელების ეთნიკური ნიშნით - გამარჯვების სიმბოლოთი გაფორმებული სუვენირები და ეკვადორული სამკაულები.

ლუის კარლოს ურბინა საქართველოში ეკვადორიდან ჩამოვიდა და  ბულვარში საკუთარი ხელით გაკეთებული სუვენირებით ვაჭრობს. ამბობს, რომ მოგზაურობა უყვარს და საქართველოში მისი საინტერესო ადგილმდებარეობის, ისტორიის და სასაუბრო ენის გამო ჩამოვიდა. სამკაულების  გაყიდვით მოგზაურობისთვის ფულს აგროვებს და თანაც ტურისტებს თავისი ქვეყნის კულტურაც აცნობს.

ინდიელები კლიენტის მოზიდვისთვის კრეატიულ ხერხს მიმართავენ  და ბუმბულებით გალამაზებულ ტანისამოსში გამოწყობილები ტრადიციულ ცეკვა-თამაშობებს მართავენ, სასტვირზე უკრავენ და გართობასთან ერთად ვიზიტორებს სუვენირების ყიდვას სთავაზობენ.

ბულვარში გარე ვაჭრობაზე სხვადასხვა შეზღუდვებია. ბულვარის ადმინისტრაციაში ამბობენ, რომ ბულვარის ტერიტორიაზე ვაჭრობის უფლებაზე ელექტრონული აუქციონი ცხადდება, თუმცა ხელნაკეთი ნივთების შემთხვევაში გამყიდველებს აქვთ უფლება სკამზე დაალაგონ და ივაჭრონ ადმინისტრაციის მხრიდან ზედაპირული დათვალიერების შემდეგ.

ეკონომისტი ირაკლი მესხი აღნიშნავს, ''როცა უცხოელების მხრიდან ხდება დაინტერესება, ეს იმის მანიშნებელია, რომ ტურიზმი ჩვენს რეგიონში ვითარდება, მოთხოვნადია ჩვენი ქალაქი და რეგიონი სეზონზე, რაც ხელს უწყობს მცირე ბიზნესი აკეთონ არა მხოლოდ ადგილობრივმა მაცხოვრებლებმა, არამედ უცხო ქვეყნის მოქალაქეებმაც. ეს მოცემულ სეგმენტში ზრდის მრავალფეროვნებას და მომხმარებელს არჩევანის საშუალება ეზრდება".

ბათუმში ჩამოსული ტურისტები აღნიშნავენ, რომ ენის ბარიერის მიუხედავად, მათთვის მარტივია ადგილობრივ ხალხთან კომუნიკაცია და მათი უშუალო ხასიათის გამო.  აჭრის ტურიზმის დეპარტამენტის ინფორმაციით, წელს ტურისტების რაოდენობა შარშანდელთან შედარებით 18%-ით გაიზარდა.

თუ კი ტურისტების ზრდის არსებული ტემპი შენარჩუნდება, მაშინ სავარაუდოა მომავალ წელს ბულვარში უცხოელი მცირე მოვაჭრეების რაოდენობაც გაიზრდება.

ავტორი - მარიამ ნაცარიშვილი

სპეციალურად PrimeNewsGeorgia-სთვის ბათუმიდან.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე