Editorial - გარიგება «გაზპრომთან» იგივეა, რაც გეოპოლიტიკური გარიგება ვლადიმერ პუტინთან
საქართველო, თბილისი - 09:58 | 12.10.2015 ნანახია: 6410ქვეყნის მთავარი პოლიტიკური დისკურსი «გაზპრომთან» ურთიერთობა და შესაძლო შეთანხმება ხდება. ეს უკვე ნათელია, რადგან მთავრობამ ამ მიმართულებით უკვე იმდენად ღრმად შეტოპა, უდანაკარგოდ გამოსვლა ყველა შემთხვევაში გაუჭირდება.
დღევანდელი სიტუაცია ძალიან ჰგავს 2003 წელს შექმნილ მდგომარეობას, როდესაც ამერიკულმა კომპანიამ «ეი-ეს–თელასი» თბილისის ელექტროგამანაწილებელი ქსელი მიჰყიდა რუსულ «რაო–ეეს როსსიას», რასაც ნამდვილი ისტერიკა მოჰყვა იმდროინდელი ოპოზიციის (განსაკუთრებით ჟვანია–ბურჯანაძის) მხრიდან.
მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილება არა ედუარდ შევარდნაძემ, არამედ მისმა ამერიკელმა მეგობრებმა მიიღეს, ეს თემა კარგი «გასაპიარებელი» აღმოჩნდა. აწგანსვენებულმა ზურაბ ჟვანიამ ორ კერძო კომპანიას შორის გარიგებას «სახელმწიფო გადატრიალებაც» კი უწოდა. სხვათა შორის, მიხეილ სააკაშვილი ბევრად ზომიერი და ფრთხილი იყო შეფასებებში. თუმცა, პოლიტიკური კაკაფონია გრძელდებოდა და იმდროინდელი ხელისუფლების საბოლოო დაგლახავების ერთ–ერთ ფაქტორადაც იქცა.
რევოლუციის შემდეგ, ანუ მას შემდეგ რაც ძალაუფლება გაინაღდეს, იმ ისტერიკის ავტორებს «უკანონო და ანტიეროვნული» გარიგების გაუქმება აზრადაც არ მოსვლიათ: ტკბილად თანამშრომლობდნენ «რაო»–ს მაშინდელ მესვეურ ანატოლი ჩუბაისთან («ლიბერალური იმპერიის» კონცეფციის ავტორთან) და მადლობასაც კი უხდიდნენ საერთაშორისო ფორუმებზე იმისთვის, რომ სწორედ რუსული კომპანიის საქართველოში შემოსვლამ, ბოლოს და ბოლოს, წერტილი დაუსვა გაუთავებელ, მარაზმატულ ენერგოკრიზისს ქვეყანაში, ხოლო ადამიანები ზამთარში შუქს ეღირსნენ – ათწლიანი ტანჯვა–წამების შემდეგ.
რაღაც ამის მსგავსი მეორდება დღესაც. თუმცა პოლიტიკურ ინტრიგებზე და ქართველ პოლიტიკოსთა გაუთავებელ ხრიკებზე ბევრად უფრო საინტერესო ამჯერად ისაა, მთავრობას რა აქვს ჩაფიქრებული და მას რატომ გაუჩნდა ასეთი სურვილი – წინასაარჩევნოდ ესოდენ სახიფათო თემას ჩაჭიდებოდა?
მართლაც, «გაზპრომის» შემოყვანა ისეთი «სათქმელია» ოპოზიციისათვის, ლამის ახალი რევოლუციის გასამართლებლად გამოდგება! მაშ რატომ იტკივებენ თავს კალაძე და ღარიბაშვილი, თუკი, როგორც «ექსპერტთა» ლეგიონი გვიმტკიცებს, აზერბაიჯანთან ისეთი კონტრაქტი გვაქვს გაფორმებული, უახლოეს ათწლეულებში გაზის მოწოდება მხოლოდ მოიმატებს და არავითარ შემთხვევაში არ დაიკლებს!
. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
სანამ ამ კითხვას ვუპასუხებდეთ, აუცილებელია გავიხსენოთ, რას წარმოადგენს «გაზპრომი» და რა ადგილი უკავია მას რუსეთის სახელმწიფოებრივ სისტემაში.
«გაზპრომი» არ არის უბრალოდ სააქციო საზოგადოება, რომელშიც საკონტროლო პაკეტს, ანუ ე.წ. «ოქროს აქციას», ესე იგი გადამწყვეტ სიტყვას, რუსული სახელმწიფო ფლობს. სინამდვილეში, გაზპრომი არის . . . . თვით რუსული სახელმწიფო!!! შეთანხმება «გაზპრომთან», ნიშნავს შეთანხმებას რუსულ სახელმწიფოსთან. გარიგება «გაზპრომის» ხელმძღვანელ ალექსეი მილერთან იგივეა, რაც გეოპოლიტიკური გარიგება ვლადიმერ პუტინთან!
ამ უცნაური ფენომენის წარმოშობას ისტორიული მიეზები აქვს: 1990–იან წლებში, როდესაც რუსეთი ნავთობზე დაბალი ფასებით იხრჩობოდა, ხოლო «საერთაშორისო სავალუტო ფონდი», ახალი კრედიტების გასაცემად, მასშტაბურ პრივატიზებას მოითხოვდა, რომელიღაც საკმაოდ ჭკვიანმა, პრეზიდენტ ელცინის ადმინისტრაციაში, ასეთი ეშმაკური სვლა მოიფიქრა: «ავიღოთ ბუნებრივი მონოპოლია («გაზპრომი»), მოვახდინოთ მისი ფორმალური აქციონირება ისე, რომ საკონტროლო პაკეტი სახელმწიფოს დარჩეს და შემდეგ, ფართო პრივატიზებისას, მანვე შეიძინოს სხვა აქტივები, რომელთა ხელიდან გაშვება არ გვაწყობს!
ასეც მოხდა: «გაზპრომის» მფლობელობაში გადავიდა, ესე იგი, ფაქტიურად, სახელმწიფოს საკუთრებაში დარჩა უამრავი რამ, რასაც ენერგეტიკასთან საერთოდ არავითარი კავშირი არა აქვს, დამოუკიდებელი ტელეკომპანიების და პოპულარული გაზეთების ჩათვლით: მაგალითად, ტელეკომპანია «ნტვ», რომელიც პუტინმა მილიარდელ გუსინსკის წაართვა, თითქოს სახელმწიფოს არ ეკუთვნის, მაგრამ ეკუთვის «გაზპრომს» და «გაზპრომი» იგივე სახელმწიფო არაა? მერე რა, რომ 49%–ს კერძო პირები და უცხოელები ფლობენ – ის ერთი «ოქროს აქციაა» გადამწყვეტი, რადგან ტელევიზიის მენეჯმენტის დანიშვნას უზრუნველყოფს.
ასეა ყველა სხვა სფერში. ანუ, «გაზპრომი» ისეთივე სააქციო საზოგადოებაა სინამდვილეში, როგორი «საზოგადოებრივი მაწუყებელიცაა» რუსეთის ტელევიზიის «პირველი არხი». თუმცა, «საზმაუ» კი ქვია რელურად!
ამრიგად, საქართველოს ხელისუფლება ცდილობს, ენერგეტიკის სფეროში მიაღწიოს რუსულ სახელმწიფოსთან ისტორიულ გარიგებას, რომელიც «გაზპრომის» ქვეყანაში დაბრუნებას უზრუნველჰყოფს პირველად, საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ!
საქმე ის გახლავთ, რომ თუ არ ჩავთვლით იმ 10%–ს, რასაც ქართული ენერგოსისტემა იღებდა (და იღებს) ბუნებრივი აირის სომხეთში ტრანზიტის სანაცვლოდ, რეალურად, საქართველო ბუნებრივ აირს იძენდა კომპანია «იტერასგან», რომელიც გვაწვდიდა თურქმენულ, ნაწილობრივ უზბეკურ და ყაზახურ გაზს. მაგრამ, «იტერა» იყენებდა «გაზპრომის» კუთვნილ გაზსადენებს რუსეთის ტერიტორიაზე, ანუ მაინც მთლიანად მოსკოვს ემორჩილებოდა და კრემლთან შეთანხების გარეშე ვერაფერს იღონებდა.
მოსკოვს ეს სიტუაცია სტრატეგიულად ხელს არ აძლევდა, ამიტომ მის შესაცვლელად მრავალწახნაგოვანი ინტრიგა წამოიწყო. ჯერ ერთი, პრემიერ–მინისტრ ზურაბ ჟვანიას შესთავაზა, განეხილათ ე.წ. «დიდი გაზსადენის» «გაზპრომისათვის» მიყიდვის საკითხი – ბუნებრი აირის დაბალ ფასად მოწოდების თაობაზე გრძელვადიანი ხელშეკრულების სანაცვლოდ.
პრემიერ–მინისტრი, რომელიც, ოპოზიციაში ყოფნისას, ამერიკული კომპანიის მიერ თელასის გაყიდვას «შევარდაძის მოწყობილ სახელმწიფო გადატრიალებას» უწოდებდა, «გაზპრომის» წინადადებით აშკარად მოიხიბლა და თანამემამულეებს მოუწოდებდა: «ამ დაჟანგულ გაზსადენს «სვეტიცხოვლად» ნუ გამოაცხადებთო». თუმცა, ნინო ბურჯანაძე გარიგების წინააღმდეგ გამოვიდა და ახალ პრემიერ მინისტრ ზურაბ ნოღაიდელს იმპიჩმენტითაც კი დაემუქრა.
იმ დროს ქალბატონ ნინოს ცოტა სხვა რიტორიკა ჰქონდა მოსკოვის მიმართ.
მაშინ კრემლმა რადიკალურ ზომებს მიმართა: ჩრდილო ოსეთის ტერიტორიაზე გაზსადენი ააფეთქა და საქართველო, სუსხიან ზამთარში, ბუნებრივი აირის გარეშე დატოვა. შემდეგ კი, პუტინი სპეციალურად შეხვდა ილჰამ ალიევს და საოცარი გარიგება შესთავაზა: «მთელს შენს ბუნებრივ აირს გაზპრომი თუნდაც 1000 დოლარად იყიდის, ოღონდ კი საქართველოს არ მიაწოდოო».
ალიევმა უარი უთხრა, რადგან მეტისმეტად აშკარა არამაგობრული ნაბიჯი იქნებოდა, ანუ თურქეთისა და ევროპის მიმართულებით «დიდი გაზსადენის» პროექტს დააყენებდა ეჭვქვეშ.
სამაგიეროდ, სააკაშვილმა მოახერხა ბაქოსთან ისეთი გრძელვადიანი ხელშეკრულების გაფორებმა, რომელიც ქვეყნის მოთხოვნილებებს, ასე თუ ისე, აკმაყოფილებდა: საქართველო იღებდა ბუნებრივი აირის ნაწილს ტრანზიტის საფასურად, ნაწილს იძენდა ძალზე შეღავათიან ფასად (50–60 დოლარი 1000 კუბური მეტრისათვის), ხოლო ნაწილს – ევროპულზე დაბალ ფასად ცალკე ხელშეკრულებით. მთლიანობაში, შეწონილი ფასი გამოდიოდა სულ რაღაც 140–145 დოლარი 1000კბმ, რაც მართლა საოცნებო ღირებულებაა ასეთი საწვავისათვის.
. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
თითქოსდა, რატომ უნდა აიტკივოს ასეთ პირობებში აუტკივარი თავი ხელისუფლებამ და რატომ უნდა მისცეს «სალაპარაკო» სამკვდრო–სასიცოცხლოდ დაგეშილ ოპოზიციას? ბიძინა ივანიშვილის 1%–იანი წილით ამის ახსნა აშკარა სისულელეა: ივანიშვილი ალბათ მართლა ფლობს «გაზპრომის» აქციათა ამ 1%–ს, მაგრამ საქართველოსთან გარიგებით მათი ღირებულება იმდენად არ აიწევს, ჩიტი ბრდღვნად, ანუ სამკვდრო–სასიცოხლო პოლიტიკურ რისკად ღირდეს.
როგორც ჩანს, ნამდვილი მიზეზი ორია: იმ ვითარებაში, როდესაც, ცბობილი მიზეზების გამო, ხელისუფლება ვერ ახერხებს «ხუდონჰესის» პროექტის დაწყებას, ხოლო ეკონომიკის დაპირებულ განვითარებას ენერგიის მზარდი ოდენობა სჭირდება, მთავრობას გაუჩნდა სურვილი, ახალი წყარო მოიძიოს ბუნებრივი აირის მისაღებად. აზერბაიჯანი მზადაა, დამატებითი რესურსი მოგვაწოდოს, მაგრამ მზადაა თუ არა იგი ეს დამატებითი ოდენობა მოგვყიდოს იმავე ფასად – აი, ესაა მთავარი კითხვა!
გარდა ამისა, სააკაშვილი–ალიევის «ისტორიული შეთანხმების» ვადა უახლოეს მომავალში იწურება და პირველ რიგში ენერგეტიკის მინისტრს, ასევე პრემიერ ღარიბაშვილს ბუნებრივად გაუჩნდათ კითხვა: «მერე რას ვშვრებით?»
შემთხვევითი როდია, რომ სწორედ ამ საკითხთა საჯარო სივრცეში გაჟღრების შემდეგ, აზერბაიჯანის ხელმძღვანელობამ ქართველ პრემიერთან სასწრაფო შეხვედრა მოითხოვა.
მეორე მიზეზი კი ბევრად არსებითი ჩანს: ხელისუფლებას ესმის, რომ ვერ შეძლებს რუსეთთან ურთიერთობების სტრატეგიულად მოგვარებას, თუ არ გადადგამს რადიკალურ ნაბიჯებს. მაგალითად, რადიკალურად არ გადაჭრის აფხაზეთზე გამავალი რკინიგზის ამოქმედების საკთხს, რაც მოსკოვის უპირველეს ინტერესად რჩება სომხეთის გამო.
მაგრამ ამ რკინიგზის ამოქმედებას აზერბაიჯანის უმწვავესი რეაქცია მოჰყვება და ბაქო უეჭველად შეეცდება ჩვენს დასჯას იმით, რომ არ გაგვიგრძელებს ხელშეკრულებას და უარს გვეტყვის ბუნებრივი აირის დამატებითი მოცულობის მოწოდებაზე იმავე (შეღავათიან) ფასად, რაც მოსახლეობისათვის კუბური მეტრის ღირებულებას კიდევ უფრო გააძვირებს.
ამ დისპოზიციაში, ხელისუფლება ცდილობს ეძებოს ალტერნატივა – «გაზპრომის» სახით, რაც სულაც არ ნიშნავს აზერბაიჯანზე მთლიანად უარის თქმას, მაგრამ ნამდვილად უქმნის მანევრის შესაძლებლობას: ორ მომწოდებელზე დამოკიდებულება სჯობს ერთ მომწოდებელზე დამოკიდებულებას. ასეა ყველა შემთხვევაში და ყოველთვის – გამონაკლისის გარეშე.
თუ მოვლენები ამ მიმართულებით განვითარდა, მაშინ «გაზპრომთან» შეთანხმება, «დომინოს პრინციპით», დაანგრევს ადრე არსებული მიმართებების მთელს წყებას: არა მხოლოდ აფხაზური რკინიგზის თემას წამოსწევს, არამედ იმავე «დიდი გაზსადენის» და «თბილგაზისა»: ყაზახები უკვე ღიად აცხადებენ, რომ მზად არიან მოიშორონ ეს ტვირთი, ხოლო დღეს «ყაზტრანსგაზის» კუთვნილი გამანაწილებელი ქსელი იმავე «გაზპრომს» მიჰყიდონ. ნურც იმას დავივიწყებთ, რომ «ყაზტრანსგაზის» მფლობელი «ყაზმუნაიგაზია», ამ უკანასკნელში კი, გადამწყვეტი სიტყვა იმავე გაზპრომს ეკუთვნის.
დასკვნა: «გაზპრომთან» შეთანხმება ნამდვილად ნიშნავს სერიოზულ შემობრუნებას საქართველოს ხელისუფლების გეოპოლიტიკურ სტრატეგიაში. მაგრამ თუ იმ საწყალობელი თავის მართლებისა და შიშნეული კნავილის მიხედვით ვიმსჯელებთ, რაც ოპოზიციის მრისხანე რეაქციას მოჰყვა, უნდა ვივარაუდოთ, რომ ხელისუფლება (მით უმეტეს არჩევნებამდე თვეებით ადრე) ამ ნაბიჯის გადადგმას ვერ გაბედავს, შეშინდება, უკან დაიხევს და ყველაფერს დატოვებს ისე, როგორც არის ამჟამად: ბოლოს და ბოლოს, რეალურ ენერგოკრიზისამდე, ანუ ბუნებრივი აირისა და ელექტროენერგიისი დეფიციტამდე ორიოდე წელი კიდევ აქვთ. მანამდე კი, ერთი აზიური სიბრძნისა არ იყოს: «ან სახედარი მოკვდება, ან ფადიშაჰი», ან ოდესის გუბერნატორს გამოიძახებენ ჰააგის სასამართლოში.
ამით, დღევანდელი ხელისუფლება თუ ვინმეს ჰგავს, ყველაზე მეტად და ტიპოლოგიურად ჰგავს შევარდნაძეს! «თელასის» გაყიდვისას ამერიკელებს მისთვის არაფერი უკითხავთ, - ფაქტის წინაშე დააყენეს, რადგან იცოდნენ, უარს მიღებდნენ.
მართლა შევარდნაძეზე რომ ყოფილიყო დამოკიდებული, ანატოლი ჩუბაისს იგი საქართველოში არაფრის დიდებით არ შემოუშვებდა: თუნდაც ის «ბნელი მარაზმი» კიდევ წლობით გაგრძელებულიყო, ოღონდ კი პოლიტიკური მტრებისთვის სათქმელი არ მიეცა!
Editorial
პოლიტიკა
- პარლამენტის დღევანდელ სხდომაზე პრეზიდენტის არჩევის თარიღი გახდება ცნობილი
- პუტინის რუსეთი თუ უკრაინაში გაიმარჯვებს, იმპერიულ პოლიტიკას სხვა მეზობლების წინააღმდეგ გააგრძელებს, ამ აგრესიული პოლიტიკის შედეგები უკვე ვნახეთ საქართველოსა და მოლდოვაში - ბორელი
- მე-11 მოწვევის პარლამენტმა 150 დეპუტატის უფლებამოსილება ცნო
- პრეზიდენტის არჩევის თარიღი ხვალ გახდება ცნობილი
მსოფლიო
- ჯონ კირბი ადასტურებს, რომ უკრაინამ მიიღო ნებართვა, შორ მანძილზე მოქმედი ATACMS-ის რაკეტები რუსეთის ტერიტორიაზე დარტყმებისთვის გამოიყენოს
- ვიქტორ ორბანი აცხადებს, რომ ბენიამინ ნეთანიაჰუს უნგრეთში მიიწვევს და აძლევს გარანტიას, რომ ჰააგის სასამართლოს გადაწყვეტილებას არ შეასრულებს
- ვერ ვხედავთ ნიშანს, რომ რუსეთი ემზადება უკრაინაში ბირთვული იარაღის გამოსაყენებლად - პენტაგონი
- ტრამპი უფრო ძლიერია, მას შეუძლია აიძულოს პუტინი დათანმხდეს მშვიდობას - ზელენსკი
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება
- საქართველოს ნაკრებმა ჩეხეთი დიდი ანგარიშით დაამარცხა
- საქართველოს ეროვნული ნაკრები ერთა ლიგის გათამაშებისთვის ემზადება
- თუშიშვილი ვერც გუნდურ შეჯიბრებაში მიიღებს მონაწილეობას, ქართველ ძიუდოისტს ეკრძალება სხვა ტურნირებზე გამოსვლაც, ვიდრე კომისია საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებს