ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი მოწინააღმდეგეებს გაურიგდა?!
საქართველო, თბილისი - 13:56 | 28.05.2016 ნანახია: 51410
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში განვითარებული მოვლენების ფონზე და ე.წ. სტუდენტური თვითმმართველობის ყოფნა-არყოფნის გაურკვეველ მოლოდინში, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ცოტა ხნის წინ „ამტყდარი ქარიშხალი“ „ხმა მღაღადებელსა უდაბნოსა შინა“ დარჩა!
კიდევ კარგა ხანს არ გაახსენდებოდა არავის „გეპეი“ რომ არა ერთი „უმნიშვნელო დეტალი“ - უნივერსიტეტში არავინ მალავს რომ ე.წ. აქციის მონაწილეთა და რექტორატს შორის გარიგება-მორიგება-შერიგების (რაც გინდათ დაარქვით, თუნდაც სამივე ვარიანტი ერთად) პროცესი მიმდინარეობს.
„ბოროტი ენები“ იმასაც ამბობენ, რომ ერთ-ერთ მოშიმშილეს კუჭში ხინკლის კუჭები ამოუვარდა და ამიტომ „ჩანასახშივე“ „ჩაიძირა“ „გეპეის“ გადარჩენის მამულიშვილური მისია და ამიტომაა რომ „მღაღადებელთა“ მიერ დაანონსებული „გადადებული აქცია“ (შეგახსენებთ, აქციის მონაწილეებმა აქციის დაშლის მიზეზად აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული დაასახელეს) ჯერაც არ განახლებულა და არც განახლდებაო.
პარალელურად სასამართლოში მიმდინარეობს ორიდან ერთი სარჩელის განხილვა. პირველი სარჩელი სასამართლოში უნივერსიტეტის რექტორობის კანდიდატმა გოდერძი ტყეშელაშვილმა შეიტანა, მეორე კი პროფესორმა ზაზა მიქაძემ.
სასამართლოში სარჩელების შესვლიდან ცოტა ხანში პროფესორებმა ზაზა მიქაძემ და ნოდარ უღრელიძემ შიმშილობა დაიწყეს, მათ შეუერთდათ „გეპეიდან“ კარგა ხნის წინ გაგდებული ფირან კობიაშვილი. აქციის ორგანიზატორი იყო კობიაშვილის ახლო ნათესავი, იურისტი დავით წიქარიშვილი, ხოლო აქციის „ზედამხედველი“ რექტორობაზე მეოცნებე ტყეშელაშვილი (ის არ შიმშილობდა). აქციის დაწყებიდან რამდენიმე ხანში მოშიმშილეებს შეუერთდა ერთი პროფესორი, ქალბატონი.
აქციის მსვლელობისას ტექნიკური უნივერსიტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსმა, დარეჯან მეფარიშვილმა, განაცხადა რომ აქციას მართავდა დეპუტატი ზაქარია ქუცნაშვილი.
მოგვიანებით ქუცნაშვილმა თავისი პირადი ინტერესი დაადასტურა და განაცხადა, რომ ის აქციის მონაწილეებს გვერდით დაუდგება. დღეს კი უკვე საუბრობენ რომ მოქმედი რექტორატის მხრიდან, გარიგება-მორიგება ქუცნაშვილთან და უნივერსიტეტის ყოფილ რექტორ რამაზ ხუროძესთანაც (ასევე ხუროძის რექტორობის დროინდელ „გეპეის“ ბუღალტერ ირინა ბადაგაძესთან) შედგა. მხარეები შეთანხმდნენ პოზიციაზე - შენც ჩუ, მეც ჩუ... ამ ყველაფერს ისიც ამყარებს რომ ორიოდ კვირის წინ ჩატარებულ სასამართლო სხდომაზე მომჩივანი მხარის ადვოკატმა პროცესის გადადება მოითხოვა მზად არ ვართო. ანუ, სარჩელი კი შემოვიტანეთ, მაგრამ 3 თუ 4 თვეზე მეტია ვერა და ვერ მოვემზადეთო.
რეალურად კი შეიძლება ვივარაუდოთ ერთი რამ - აქციის მონაწილეები „სალაფავიდან“ საკუთარ ლუკმას ელოდებიან! სამწუხაროა, თუ ეს ასეა!
ეს იყო ის, რისი შეხსენებაც გვინდოდა მკითხველისათვის. როგორც ზემოთ მოგახსენეთ, მიმდინარეობს სასამართლო პროცესი და მიუხედავად იმისა, რომ მომჩივნებს უნდა აწყობდეთ სხდომის მსვლელობის გაშუქება, ჟურნალისტებისათვის არავის მიუმართავს. ცხადია, ამ პროცესის გახმაურება ხელს სულაც არ აძლევს „გეპეის“ ადმინისტრაციას და ამიტომ არც მათგან მომხდარა ინფორმაციის „გაჟონვა“. ამ ცოტა არ იყოს უცნაურ ფონზე, ბუნებრივია, მორიგება-გარიგებაზე მოარული ხმები სარწმუნოდ შეიძლება ჩაითვალოს, დასკვნების გაკეთება მითუმეტეს არ გაგიჭირდებათ როცა წაიკითხავთ ჩვენს მიერ დასმულ კითხვებზე გაცემულ პასუხების შინაარსს.
„პრაიმნიუსჯორჯიამ“ რამდენიმე კითხვით მიმართა აქციის მონაწილეებს და ტექნიკური უნივერსიტეტის ადმინისტრაციას. ჩვენი კითხვები ძირითადად ეხებოდა იმ მოარულ ხმებს, რაზედაც ზემოთ უკვე მოგახსენეთ. გაგიკვირდებათ, მაგრამ ირიბად დადასტურდა ეს ხმები.
ნოდარ უღრელიძე, პროფესორი: „მე ვერ გეტყვით რატომ აქციები გრძელდება ან არ გაგრძელდება, მე არ ვყოფილვარ ორგანიზატორი. ჩემი მხრიდან შემიძლია გითხრათ, რომ არ მომხდარა არავითარი შეთანხმება. ორგანიზატორები ამბობენ რომ აქცია გაგრძელდება და როგორც კი დაიწყება, მე ეგრევე შევუერთდები. მე როცა ვიყავი ზაქარია ქუცნაშვილთან და სხვა დეპუტატებთან, მაინტერესებდა უბრალოდ მთავრობის დამოკიდებულება ამ პროცესებთან და ამიტომ ვიყავი ჩასული, მეტი არაფერი. აქციის შემდეგ არ ყოფილა შეხვედრა, მაგრამ თუ საჭირო იქნება შევხვდები, რა არის ამაში მიუღებელი? თუ რაღაც კითხვები გამიჩნდება მე შემიძლია შევხვდე, რათქმაუნდა თავად თუ იქნება თანახმა. კი, მხარდაჭერა იყო, ჩანდა ქუცნაშვილის მხარდაჭერა. ეს იყო ზოგადი მხარდაჭერა და არა კონკრეტული, მე მასთან არასდროს მქონია საუბარი იმაზე, რომ ჩემთვის მხარი დაეჭირა, მე არ მჭირდებოდა მისი მხარდაჭერა. თუ შეიცვალა რამე უნივერსიტეტში? უნივერსიტეტში ფაქტიურად არაფერი კეთდება. ჩვენ ვუყურებდით რა გადაწყვეტილებას მიიღებდა მთავრობა, უამრავი საკითხებია გადასაწყვეტი, მითუმეტეს ტექნიკურ უნივერსიტეტში მძიმედაა საკითხები... რექტორთან შიმშილობის ბოლო დღეებში მქონდა შეხვედრა, აქციის შემდეგ - არა”.
დავით წიქარიშვილი, იურისტი, აქციის ორგანიზატორი:
”- ორ-სამ დღეში გადაწყდება როდის განახლდება აქცია, იმიტომ რომ რაღაც მომენტებია გასათვალისწინებელი... ესენი არც ფილმებს უყურებენ და არც წიგნები წაუკითხავთ, იმას ამბობენ რომ თურმე რადგან სარჩელი არის სასამართლოში, ეს იმას ნიშნავს, რომ ამ თემაზე ხმა არ უნდა დაძრა. ეს იყო მიშას დროს, გეუბნებოდნენ სასამართლოსთან ნუ იქნება ხმაურიო. ეს რომ დემოკრატიული ყოფილიყო კანონში შეიტანდნენ მაშინ, მაგრამ რატომღაც ეს არ გააკეთეს ან ვერ გააკეთეს ხომ?.. შეხვედრები ხდება? ამ შეხვედრებს აქვს აზრი იმ ვარაუდით რომ რაღაც გარკვეული ინფორმაციები გვქონდეს, ეს ინფორმაციები მოდის ჩემამდე.
- პირადად თქვენ ხომ არ გქონიათ რაიმე სახის კონტაქტი რექტორატთან?
- არა, ჩემგან ეგეთი რამე არის გამორიცხული. მე საკმაოდ ჭკვიანი ვარ იმისთვის რომ... ჯერ ერთი რექტორთან რომ რაიმე კონტაქტი დაიწყო რაღაც დოზით მაინც უნდა სცნობდე მის უფლებამოსილებას და მე არა ვარ ის, რომ ვინმესთან შევიდე კონტაქტში, ასეთი რამ ჩემგან არ გამოვა, არა მხოლოდ მე, არის ერთი ორი კაცი კიდევ, მაგრამ ისეთებიც არიან, რომელთაც აქვთ თავისი უფლება მორალური და არა მხოლოდ მორალური ...
- თქვენ როგორ ფიქრობთ როგორ გაგრძელდება პროცესები?
- როგორ გაგრძელდება ახლა? ფრანგიშვილმა დაადანაშაულა ზაზა მიქაძე, რომელიც კინაღამ მოკვდა, მაგრამ რად გინდა, არც უფიქრია არაფერზე? ერთი სიტყვა არ თქვა კაცმა, იჯდა და წყნარად ელოდებოდა როდის მოკვდებოდა ზაზა მიქაძე. იმ დღეს სასწრაფიო იქ რომ არ ყოფილიყო და გამოსაძახებელი რომ ყოფილიყო, ზაზა მიქაძე ცოცხალი ვერ გადარჩებოდა. ამის გამკეთებელი ადამიანი, ამის მკადრებელი ადამიანი, როგორიც არის პატივცემული რექტორი, როგორ შეიძლება ამის გამკეთებელ ადამიანთან საერთოდ რაიმე კონტაქტში შესვლა? გამოვიდა ივანიშვილი და თქვა რომ ტექნოლოგიურ უნივერსიტეტს აშენებს, ანუ გეპეის დახურვას აპირებს ან ტექნოლოგიური უნივერსიტეტით უნდა გადაფაროს ყველაფერი ის სისაძაგლე რაც მანდ ხდება, მეცამეტე გოჭივით იყო იქ რექტორი... ანუ, აქ არის სამი ნაწილი, მე ვთქვლი რომ ეს მოლაპარაკებები საჭიროა, თუმცა მე თვითონ არ მივდივარ მოლაპარაკებებზე, მეორე - კაცი, რომელმაც ზაზა მიქაძე მოსაკლავად გაიმეტა, იმ კაცთან არანაირი კონტაქტი არ შეიძლება და მესამე არის ის, რომ ყველაფერი დანარჩენი ჯერჯერობით მოლაპარაკებების და მოფიქრების სტადიაშია.
გოდერძი ტყეშელაშვილი, რექტორობის ყოფილი კანდიდატი:
- ტექნიკური უნივერსიტეტის წინააღმდეგ ორი სარჩელია, ერთი იყო რექტორის უფლებამოსილების შეჩერების საკითხი, რაზედაც უარი მივიღეთ. უარი გავასაჩივრეთ კერძო საჩივრით, აქამდე არაფერი გააკეთეს და გუშინ დავწერეთ, რომ იქნებ არსებითი განხილვა მოხდეს, არ გვინდა გადაყენება, დაიწყეთ პირდაპირ სარჩელის განხილვა. როდის იქნება და როგორ არ ვიცი.
- უნივერსიტეტში მიდის კულუარული საუბარი რომ მიმდინარეობს რექტორატთან გარიგება და ადვოკატები შეგნებულად აჭიანურებენ სხდომის გადადების მოთხოვნით საქმის განხილვას.
_ არა, არა, ადვოკატები როგორ ჭიმავენ, რას ამბობთ, ადვოკატები არ ჭიმავენ. მე დიდი ეჭვი მაქვს რომ რაღაცას აკეთებენ რომ არ განიხილონ პროცესზე, იმიტომ რომ იმდენად რეალურია ჩვენი მოთხოვნა, რომ მოსამართლე უკანონო გადაწყვეტილებას ვერ მიიღებს და ამიტომ ჭიმავენ და გაჭიმვა შეუძლიათ 5 წლამდე.
- ერთი ნიუანსი, ადვოკატი არის ერთ-ერთი მოშიმშილის, ფირან კობიაშვილის ახლო ნათესავი... შიმშილობის დასრულების შემდეგ კობიაშვილს ხშირად ხედავენ უნივერსიტეტში ქეთი ქოქრაშვილთან მისულს და თქვენ გამორიცხავთ რომ რაიმე გარიგება ხდება?
_ მე ასეთი რამ ვიცი, ისიც გადმოცემით ვიცი, რომ ქოქრაშვილი რექტორატმა შესთავაზა თავად და კობიაშვილს მან შესთავაზა თუ გაჩერდები დეკანობას გაგიკეთებთო.
- ქოქრაშვილმა შესთავაზა?
_ დიახ, ქოქრაშვილმა რექტორთან შეთანხმებით.
_ თქვენ ხომ არ გქონიათ ამ პროცესების შემდეგ პირადად რექტორთან შეხვედრა?
_ არა, არ მქონია.
„პრაიმნიუს ჯორჯია“ კომენტარისათვის დაუკავშირდა ტექნიკურ უნივერსიტეტს. უნივერსიტეტის იურისტს, ბექა მაისურაძეს. ჩვენს კითხვას: - ჩვენი ინფორმაციით აქციის მონაწილეებს და რექტორატს შორის მიდის შეთანხმების პროცესი? მოკლედ უპასუხა: - ეგ ინფორმაცია სად ვრცელდება არ ვიცი, მაგრამ მე არ მაქვს მსგავსი ინფორმაცია.
და ბოლოს, იმისათვის რომ სრულყოფილი სურათი დაგვეხატა ორი დღის განმავლობაში ვცდილობდით ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორთან დაკავშირებას. მოკლე ტექსტური შეტყობინებაც გავუგზავნეთ, მაგრამ მრავალი სტუდენტის აღმზრდელ-გამზრდელმა რექტორმა „ჩირადაც არ ჩაგვაგდო“.
ჩვენ ასევე მივმართეთ საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტს და რაოდენ გასაოცრადაც არ უნდა მოგვეჩვენოს, ყოფილმა ჟურნალისტმა დარეჯან მეფარიშვილმა, მოისმინა ჩვენი კითხვები, თხოვნაც რექტორის კომენტარის შესახებ და „მომსახურეობის ზონიდან გავიდა“.
”პრაიმნიუსჯორჯია”, გიორგი საკარული
პოლიტიკა
- საქართველოს ხელისუფლებამ კრიტიკულად განწყობილ მაუწყებლებზე სამართლებრივი და მარეგულირებელი ზეწოლა უნდა შეწყვიტოს - „პრესის საერთაშორისო ინსტიტუტი“
- გაერო-ს ადამიანის უფლებათა საბჭოს სესიაზე საქართველოს შესახებ ადამიანის უფლებათა საკითხებში გაერო-ს უმაღლესი კომისრის ანგარიში წარადგინეს
- იმ ფონზე, როდესაც საქართველოს ე.წ. პრეზიდენტი სამძიმარზე თეირანში მიემგზავრება, ე.წ. პრემიერ-მინისტრი აშშ-თან გადატვირთვაზე საუბრობს, რაც პოლიტიკური სიბეცისა და შიზოფრენიის მკაფიო გამოხატულებაა - გრიგოლ გეგელია
- ევროსაბჭოს რეზოლუცია არის კიდევ ერთი „ქოცური“, რეკორდული მონაპოვარი საგარეო ასპარეზზე - გრიგოლ გეგელია
სამართალი
- გიგა ავალიანის საქმეზე დაკავებულ გიორგი მალანიას ბრალდება წარედგინა
- კუსტარული ნარკოლაბორატორია აღმოვაჩნეთ, ამოღებულია 7 კგ-მდე ნარკოტიკი - შსს
- 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულ მარიამ მეყანწიშვილს 5000-ლარიანი ჯარიმა, ნანა სანდერს - 7 წლით, ანტონ უპერსა და აბო ნავერიანს კი 5-5 წლით პატიმრობა მიესაჯა
- ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობა უარესდება, აქვს მოძრაობის გაძნელება, თურქი ექიმების შეფასებით, სათანადო მკურნალობის გარეშე, შესაძლოა, მის ჯანმრთელობას გამოუსწორებელი ზიანი მიადგეს - ადვოკატი
მსოფლიო
- მოლდოვის პრემიერ-მინისტრი თანამდებობიდან გადადგა
- საფრანგეთში მაღალი ტემპერატურის გამო, ბოლო 5 დღეში 1 000-მდე ადამიანი დაიღუპა - Reuters
- კიევზე თავდასხმებს მხოლოდ დაგმობა ვერ შეაჩერებს, რუსეთისთვის ამ ომის ფასი გაიზრდება, ვიდრე მოსკოვი არ გააცნობიერებს, რომ ომს ვერ მოიგებს - კაია კალასი
- დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ აშშ-მექსიკა-კანადის სავაჭრო შეთანხმების გახანგრძლივებაზე უარი თქვა
კონფლიქტები
- სოფელ ბერშუეთის მიმდებარედ რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
ბიზნესი
- როგორ ცვლის AI ავტოინდუსტრიას? - „თეგეტამ“ Change Inspire 2026-ზე ტექნოლოგიური ხედვა გააზიარა
- „თეგეტამ“ საგზაო-სამშენებლო სექტორის წარმომადგენლებს ბიზნესის მხარდაჭერის კონცეფცია გააცნო
- „თეგეტამ“ „დეილი ჯგუფს“ საოპერაციო ლიზინგის ფარგლებში FAW-ის 50 სატვირთო ავტომობილი მიაწოდა
- „თეგეტა“ კავკასიის რეგიონში UD Trucks-ის ოფიციალური იმპორტიორი გახდა
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება

















