ერთიანი ნაციონალური მოძრაობა ქართველ ხალხს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს

საქართველო, თბილისი - 12:23 | 26.05.2016
ნანახია: 1312

ერთიანი ნაციონალური მოძრაობა ქართველ ხალხს ულოცავს საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს. 98 წლის წინ დღევანდელ დღეს საქართველოს ეროვნულმა საბჭომ - რუსეთის 117 წლიანი ბატონობის შემდეგ - საქართველო თანამედროვე დემოკრატიულ რესპუბლიკად გამოაცხადა. 1918 წლის 26 საქართველოს ევროპული ცივილიზაციისა და თავისუფლებისკენ სწრაფვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სიმბოლოა. თავისუფლების მოკლე პერიოდში საქართველოს დემოკრატიულმა რესპუბლიკამ შეეძლო შეექმნა მომუშავე დემოკრატიული ინსტიტუტები - პირდაპირი გზით არჩეული მრავალპარტიული პარლამენტი, ნაფიც მსაჯულთა სასმართლო, შეიარაღებული ძალები, ცენტრალური ბანკი, ევროპული ტიპის, სახელმწიფოსადმი სრულიად ლოიალური პარტიები და ა.შ. საქართველომ ასევე მოიპოვა საერთაშორისო აღიარება და იქცა საერთაშორისო სამართლის სრულფასოვან სუბიექტად. წარმატების გზაზე მდგარ საქართველოს დამოუკიდებლობა საბჭოთა რუსეთის 1921 წლის მუხანათურმა თავდასხმამ და ოკუპაციამ შეწყვიტა.

დღევანდელ დღეს ვიხსენებთ და პატივს მივაგებთ ყველა იმ მამულიშვილს - ოფიცერს, ჯარისკაცს, პოლიტიკოსს თუ უბრალოდ მოქალაქეს რომელთაც სიცოცხლე საქართველოს თავისუფლების იდეას შესწირეს როგორც საბჭოთა ოკუპაციის ასევე 1991 წლის 9 აპრილს დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ. ჩვენი თაობის ვალია იმ იდეებს, რომლებსაც 1918 წლის 26 მაისის დამოუკიდებლობის აქტი ეფუძნება, ხორცი სრულფასოვნად შევასხათ. დამოუკიდებლობა და სუვერენიტეტი ქართველი ხალხის უდიდესი მონაპოვარია რომლის შენარჩუნება და განმტკიცება მხოლოდ ერთიანობითა და სიმტკიცითაა შესაძლებელი.

გაუმარჯოს თავისუფალ საქართველოს! 

 





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე