პაატა ბურჭულაძე განცხადებას ავრცელებს
საქართველო, თბილისი - 12:06 | 12.05.2016 ნანახია: 1585”საქართველოს განვითარების ფონდის” დამფუძნებელი პაატა ბურჭულაძე პოლიტიკაში მიდის. აღნიშნულთან დაკავშირებით პაატა ბურჭულაძე განცხადებას ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:
”ძვირფასო თანამოქალაქეებო, 25 წელი გავიდა. 25 წლის განმავლობაში ბევრმა ადამიანმა იშრომა და იბრძოლა ამ ქვეყნისთვის, მისი დამოუკიდებლობისათვის, და პირველი, რაც მინდა გითხრათ, რის ვალდებულებასაც ვგრძნობ, არის ჩემი განუსაზღვრელი პატივისცემა ყველა იმ ადამიანისადმი, ვინც ქვეყანა შეინარჩუნა, ვინც ქვეყნის დამოუკიდებლობის მიღწევაში, მისი განვითარების საქმეში თავისი წვლილი შეიტანა. ჩემი უდიდესი მადლობა და პატივისცემა ყველა ამ ადამიანს, გმადლობთ!
იმავდროულად, 25 წელი ჩვენ ვყოფდით ქვეყანას, პატრიოტებად და მოღალატებად; 25 წელი ვეძებთ და ვპოულობთ მტრებს ჩვენს შორის; 25 წელი ვომობთ, ვაშენებთ, ვშრომობთ, ვღალატობთ, ვგმობთ, გვიყვარს, გვძულს; 25 წელი, მუდმივად, ჩვენს შორის ჩნდებიან პატრიოტები და მტრები. პატრიოტები მოდიან ხელისუფლებაში და იბრძვიან არა ქვეყნის გამთლიანებისთვის, გაძლიერებისთვის, ხალხის კეთილდღეობისთვის, არამედ მტრების დასჯისთვის, მათზე უპირატესობის მოპოვებისათვის, მათზე გამარჯვებისათვის. 25 წელი პატრიოტები სჯიან მტრებს, რომლებიც მანამდე თავად იყვნენ პატრიოტები და თავის მტრებს სჯიდნენ, აპატიმრებდნენ, მათზე გამარჯვებას ზეიმობდნენ.
25 წელი - იმედი, იმედგაცრუება, პროტესტი; იმედი, იმედგაცრუება, პროტესტი - ესაა მანკიერი წრე, რომელზეც 25 წელი ვტრიალებთ. ჩვენ უნდა გავარღვიოთ ეს მანკიერი წრე და ქვეყანა გავიყვანოთ სამშვიდობოს. შეუძლებელია ვერ დაინახოს ადამიანმა, რომ ამ 25 წელმა გაიარა, ეს ეპოქა დასრულდა, დამთავრდა, ის წარსულია, ის უკან აღარ დაბრუნდება. ეს გამარჯვებებითა და მარცხით სავსე 25 წელი, რა თქმა უნდა, მშენებლობის, მაგრამ იმავდროულად, ადამიანის უფლებების სრული იგნორირების 25 წელი, ადამიანების საარჩევნოდ ყიდვის და მერე გაყიდვის, სიცრუის, მაგრამ იმავდროულად გმირობის, თავდადების, ნამდვილი პატრიოტიზმის, სიყვარულის 25 წელია. ეპოქა დასრულდა, და ყველა, ვინც ცდილობს ეს ეპოქა ვირტუალურად უკან დააბრუნოს, წარსულში გვაცხოვროს, წარსულით გამოგვკვებოს, მტრის ხატით შეგვაშინოს, არის იმ 25 წლის საკუთრება, მისი მძევალი და ასეთი ხალხი პოლიტიკიდან უნდა წავიდეს.
უნდა მოვიდნენ სხვები. ვინ? მე გეტყვით ვინც! უნდა მოვიდნენ ადამიანები, რომლებიც აქამდე პოლიტიკაში არ მოდიოდნენ, რადგან ბევრი ამჟამინდელი პოლიტიკოსის გვერდზე დგომა არ უნდოდათ, უნდა მოვიდნენ ისინი, ვისაც ადამიანი არ სძულს. უნდა მოვიდნენ ისინი, ვისაც საქმის კეთება შეუძლია და არა ისინი, რომლებსაც ეს ქვეყანა გასართობად უნდათ და უნდა დარჩნენ სახელმწიფო სამსახურში ისინი, ვინც ამ 25 წლის განმავლობაში ქმნიდა, აშენებდა, წინ მიჰყავდა ქვეყანა, ვინც რეალურ რეფორმებს ატარებდა და ვისაც პოლიტიკოსები იყენებდნენ, მათ ნამოღვაწარს საკუთარ დამსახურებად თვლიდნენ და იყენებდნენ თავიანთი დიდებისათვის.
ნუ იფიქრებთ, რომ ქვეყანას მხოლოდ მავნე წარსული ჰქონდა, გვახსოვდეს, რომ საქართველო ნიჭიერი და მშრომელი ადამიანების სამშობლოა, თქვენი სამშობლო ჩემო ქართველებო, ჩემო თანამოქალაქეებო. მეკითხებიან, კონკრეტულად რის გაკეთებას ვაპირებ ან როგორ. მე გეტყვით, რომ როცა „იავნანას“ ფონდი შევქმენი, გავხდი ნიჭიერი და გულწრფელი ადამიანების ერთად შეკრების, მათთან ერთ გუნდში ყოფნისა და მუშაობის სპეციალისტი. სწორედ ეს გამოცდილება მინდა გამოვიყენო ჩემი ქვეყნისთვის, ხელი შევუწყო ნიჭიერი და გულწრფელი ადამიანების გაერთიანებას, ერთ გუნდად შეკვრას და მათთან ერთად დაუღალავ შრომას. და ასეთი ადამიანები ჩვენს გუნდში არიან, და იქნებიან მნიშვნელოვნად მეტნი, იმდენი, რამდენიც საჭიროა, რომ ქვეყანას ჰქონდეს დიდი წარმატებები. გვინდა ის, რომ ქვეყანამ არ გადაუხვიოს ევროპულ გზას, გვინდა რომ ამ ევროპულ ოჯახში დავიწყოთ ცხოვრება, გვინდა რომ ვიყოთ არა მხოლოდ ეკონომიკურად ძლიერი სახელმწიფო, არამედ ღირსეული, საკუთარი ტრადიციების მქონე, დამოუკიდებელი და სამაგალითო. გვინდა რომ ევროპულ ოჯახში თანაცხოვრებით მოვიგოთ ჩვენ და გავამდიდროთ ევროკავშირი ჩვენი ღირებულებებით. არ გვინდა რომ ქვეყანას ჰყავდეს არაფორმალური ბატონი და მისი გემოვნებით ვცხოვრობდეთ, მისივე გემოვნებით შექმნილ სამყაროში.
არ გვინდა, ცოტა არ იყოს, შეურაცხმყოფელი მდგომარეობა, როდესაც სხვაგან, დასავლეთში თუ აღმოსავლეთში გაკეთებულ შეფასებებს ველოდებოდეთ ყოველ დილით, გადიდებული თვალებით და მოლოდინში გასუსულები, რას იტყვიან ჩვენზე, შეგვიშვებენ თუ არა რომელიმე ქვეყანაში, დაგვეხმარებიან თუ არა ფულით, პოლიტიკური განცხადებებით თუ დემოკრატიის მშენებლობაში რჩევებით. გვინდა ვიყოთ ფრანგების, გერმანელების, ამერიკელების, ინგლისელების, უელსელების, შოტლანდიელებისა და ირლანდიელების, ნორვეგიელების, შვედებისა და დანიელების, ესპანელებისა და იტალიელების მეგობარი, ყველა ევროპელის მეგობარი, მათი ოჯახის სრულუფლებიანი წევრი, ჩვენი ევროპული ოჯახის ნამდვილი წევრი, ევროპის განუყოფელი ნაწილი, ევროპელების ტოლი და სწორი, და არა ღარიბი, კორუმპირებული და ოკუპირებული, რომელსაც სულ ხელი აქვს გაწვდილი, რომელიც სულ დახმარებას ითხოვს, დაჩოქილია, შეშინებული და უთავმოყვარეო. ჩვენ ვართ ქართველები! გვქვია საქართველო! ჩვენ, ყველანი, ყველა ერის წარმომადგენელი ვცხოვრობთ ერთ სახლში და ამ სახლს ჰქვია საქართველო. ჩვენ უნდა ვიყოთ და ვიქნებით ღირსეული ერის ღირსეული ქვეყანა და ევროპელები და ამერიკელები იქნებიან ჩვენი ტოლი და სწორი, ჩვენი თანაბარუფლებიანი მეგობრები! როგორ? დასაწყისისთვის, დავემშვიდობოთ წარსულს, უნდა გავიგოთ, რომ ეს ეპოქა დასრულდა, დამთავრდა, წარსულს ჩაბარდა და თან გაიყოლა ყველა ის პოლიტიკოსი, რომლის ამოცანა იყო სხვა პოლიტიკოსების წინააღმდეგ ბრძოლა და არა ქვეყნის აღზევება, სხვა პოლიტიკოსზე გამარჯვება და არა ქვეყნის გამარჯვება. 25 წელმა მოგვიტანა ის, რომ ჩვენი ქვეყანა მსოფლიოს პოლიტიკურ რუკაზე არსებობს, მადლობა ყველას, ვინც ამისთვის იხარჯებოდა. იმავდროულად, მსოფლიოს რუკაზე არსებობს ქვეყანა, რომელსაც არ აქვს მიზანი, რომელსაც არ აქვს მიმართულება, რომელიც არ გეგმავს მომავალს, რომელიც არ ცდილობს იყოს თავმოყვარე, ღირსეული, მებრძოლი, გავლენიანი. ჩვენ ამ ხელისუფლების პირობებში მივიღეთ ქვეყანა, რომელმაც არ იცის რა უნდა, გარდა იმისა, რომ მედია თურმე უნდა იყოს თავისუფალი და ბიზნესი ხელშეუხებელი. 21-ე საუკუნეში ეს არ შეიძლება იყოს ქვეყნის ამოცანა, ეს უთავმოყვარეო, უმიზნო, უსაგნო პოლიტიკის ამოცანაა. პოლიტიკა უნდა გვთავაზობდეს, ჩვენ კი უნდა ვირჩევდეთ ჩვენს მომავალს, ისეთს, როგორიც მოგვწონს. ამისთვის ცხოვრობს პენსიონერი, რომ შიმშილითა და ავადობით არ მოკვდეს?! ეს არის ჩვენი ოცნება, რომ მედია იქნება დამოუკიდებელი? რომ სახელმწიფო ბიზნესს არ შეუქმნის პრობლემებს? ამისთვის გავჩნდით? ეს გაგვხდის ჩვენ ბედნიერს? არა! ჩვენ ამისთვის არ გავჩნდით, ჩვენ გავჩნდით არა მხოლოდ მოთმინებისათვის, არამედ ბედნიერებისთვის. ჩვენ გვაქვს უფლება ვიყოთ ბედნიერი ერი! ჩვენ უნდა ვგრძნოდეთ, რომ ჩვენ ზურგს სახელმწიფო გვიმაგრებს, ძლიერი, დამოუკიდებელი სახელმწიფო! ამას გრძნობენ ებრაელები ისრაელში, ამას გრძნობენ ფრანგები საფრანგეთში, ამას გრძნობენ შვეიცარელები შვეიცარიაში! ჩვენი პოლიტიკა არ გვეუბნება, როგორი უნდა იყოს ქვეყანა სტრატეგიულად, რა როლი უნდა ითამაშოს მსოფლიო თანამეგობრობაში, რას გვინდა მივაღწიოთ როგორც ევროპელებმა ევროპულ ოჯახში, რა როლი უნდა ვითამაშოთ იქ, რის გამო უნდა გვცენ პატივი ჩვენმა მეზობლებმა და სხვა ქვეყნებმა. და ამიტომ ჩვენ, საქართველოს მოქალაქეები ვერ ვხედავთ, როგორი სამშობლო გვექნება ხვალ. ეს ეტყობა ჩვენი საქმე არ არის, ეტყობა, ჩვენ ეს არ უნდა ვიცოდეთ. და რატომ გინდათ ხელისუფლებავ, რომ ხალხმა კიდევ 4 წელი გითმინოთ? როგორ მოახერხებთ იმის გაკეთებას, რაც აქამდე ვერ შესძელით? როგორ გააკეთებთ იმას, რაც არ გინდათ გააკეთოთ? რაც არ შეგიძლიათ? ჩვენ ვაკვირდებოდით ყველას, ვინც ქართულ პოლიტიკაში რაიმე პოზიტიურის შექმნას ცდილობდა და გვერდით ვედექით; ჩვენ გვტკიოდა და გვიხაროდა და ბოლოს გასაგები გახდა, რომ არ შეგვიძლია გარედან ყველაფრის ამის ყურება. ჩვენ მოვდივართ პოლიტიკაში! ჩვენთან ერთად მსოფლიოს წარმატებული ადამიანები ქმნიან ჯგუფებს ჩვენს დასახმარებლად და თქვენ მათ იხილავთ! ჩვენ ემიგრაციაში წასული ქართველები გვიკავშირდებიან და დახმარებას აღგვითქვამენ და თქვენ იხილავთ მათ! და ჩვენ ველით ყველას, ვინც პირველ რიგში არის პატიოსანი და კვალიფიციური, რომ შემოუერთდეს ჩვენს გუნდს. თქვენ, კვალიფიციურო და პატიოსანო ადამიანებო, შემოგვიერთდით, ჩვენ არ ვყოფთ ქვეყანას ორ ნაწილად! ჩვენ საერთოდ არ ვყოფთ ქვეყანას ნაწილებად! ჩვენ ვამბობთ, რომ ყველა, ვინც ცხოვრობს საქართველოში, ჩვენთვის არის ქართველი, თუნდაც ის სხვა ეროვნების წარმომადგენელი იყოს. ჩვენ ვამბობთ, რომ შეიძლება პოლიტიკის კეთება სუფთა ხელებით! დიახ, ჩვენ ვამბობთ, რომ არაკეთილსინდისიერი ადამიანის ადგილი არ არის ჩვენს გვერდით! დიახ, ჩვენ ვამბობთ, რომ კანონი ყველასთვის ერთია და ის იქნება ერთი მდიდრისათვის და ღარიბისთვის; ჩვენ ვამბობთ, რომ პოლიტიკოსებს არ უნდა ჰქონდეთ შეღავათიანი პირობები სხვა ადამიანებთან შედარებით; დიახ, ჩვენ ვამბობთ, რომ ჩვენ ვართ უბრალო ადამიანები, დიახ, ჩვენ ვართ ჩვეულებრივი ადამიანები და ჩვენ ბევრნი ვართ. ქართული პოლიტიკის ტრაგედია სწორედ ისაა, რომ არსებობენ პოლიტიკოსები, რომლებიც ზემოდან გვიყურებენ, საკუთარი თავი პრივილეგირებული ჰგონიათ და დაავიწყდათ, რომ ჩვეულებრივი ადამიანები არიან, დაიბადნენ საქართველოს სოფლებსა და ქალაქებში, გაიზარდნენ საქართველოს სოფლებსა და ქალაქებში და ხშირად ივიწყებენ ამას. მეამაყება, რომ ძალიან ბევრმა ჩვენმა მოქალაქემ უარი უთხრა ასეთ პოლიტიკოსებს, ძალიან ბევრი ადამიანი ემიჯნება სიცრუეს საარჩევნო დაპირებებში, ბევრი ადამიანი აცნობიერებს, რომ ქართული პოლიტიკა ხშირ შემთხვევაში წარმატებასთან კი არა, გაჭირვებასთანაა ასოცირებული. არ შემიძლია ორიოდე სიტყვა არ ვთქვა თბილისზე, ჩემს ქალაქზე. ეს ლამაზად დაგეგმილი, უნიკალური, მდიდარი არქიტექტურის ქალაქი იყო, სანამ თანამედროვე ქართული პოლიტიკა არ მოვიდა ქალაქში. და აღმოჩნდა, რომ ქართული პოლიტიკის ერთ ნაწილს ეს ქალაქი განსაკუთრებით სძულდა: პრაქტიკულად აღარ არის ვერა და ვაკე, საბურთალო საცხოვრისად გამოუსადეგარი გახდა იქ არსებული ეკოლოგიური პირობების გამო და ახლა მივადექით ქალაქის ძველ უბნებს და მისი საუკეთესო ნაწილი გვინდა გარდავქმნათ, გადავაკეთოთ, ძველი გავაცუდოთ, ახალი გავაფეტიშოთ. აღმშენებლობა აუცილებლია, მაგრამ არა კულტურული მემკვიდრეობის განადგურების ხარჯზე. სოფელი მეორეხარისხოვანია ქართული პოლიტიკისთვის, თითქოს იქ ჩვენ არ ვცხოვრობდეთ, თითქოს სოფელი სხვა ქვეყანაა, სხვა სახელმწიფო. სოფლის განვითარების კონცეფცია არ არის ქართული პოლიტიკის პრიორიტეტი, სოფელი ტვირთია, სამწუხარო აუცილებლობა პოლიტიკისთვის, იმიტომ რომ არჩევნებიც მოვა, იმიტომ რომ სოფლის ხმები გვჭირდება და გვახსენდება სოფელი პერიოდულად . . . საქართველო მთის ქვეყანაა და ჩვენ მთას ვკარგავთ. ძალიან დაგვიანდა მთის შესახებ კანონმდებლობის მიღება და რასაც მივაღწიეთ, ის სრულიად არასაკმარისია. მთა დაიცლება, მთისგან მუზეუმიც აღარ დარჩება, ასე თუ გაგრძელდა. და ამ საქმეს გული სჭირდება, გონება და გული, თუმცა არ გვცალია, არ გვადარდებს, არ გვაღონებს, მთა ჩვენგან შორს არის . . . ამიტომ, ამოცანა შემდეგია: ჩვენ უნდა შევცვალოთ ხალხი პოლიტიკაში, ჩვენ უნდა შევცვალოთ თავად პოლიტიკა და გვექნება შანსი შევცვალოთ ქვეყანა. ეპოქა დასრულდა! ჩვენ, უბრალოდ, უნდა გავაცნობიეროთ ეს! აღარ არის პოლიტიკაში არც უმეცრების, არც უსინდისოების ადგილი, ისინი მაინც იქნებიან, მაგრამ შევეცადოთ, რომ ისინი იყვნენ უმცირესობაში. რას გპირდებით? ბრძოლას! ჩვენ ვიწყებთ პოლიტიკურ მოძრაობას „სახელმწიფო ხალხისათვის“! პაატა ბურჭულაძე ერთ-ერთი თქვენთაგანი”, -ნათქვამია განცახდებაში.
პოლიტიკა
- პარლამენტის დღევანდელ სხდომაზე პრეზიდენტის არჩევის თარიღი გახდება ცნობილი
- პუტინის რუსეთი თუ უკრაინაში გაიმარჯვებს, იმპერიულ პოლიტიკას სხვა მეზობლების წინააღმდეგ გააგრძელებს, ამ აგრესიული პოლიტიკის შედეგები უკვე ვნახეთ საქართველოსა და მოლდოვაში - ბორელი
- მე-11 მოწვევის პარლამენტმა 150 დეპუტატის უფლებამოსილება ცნო
- პრეზიდენტის არჩევის თარიღი ხვალ გახდება ცნობილი
მსოფლიო
- ჯონ კირბი ადასტურებს, რომ უკრაინამ მიიღო ნებართვა, შორ მანძილზე მოქმედი ATACMS-ის რაკეტები რუსეთის ტერიტორიაზე დარტყმებისთვის გამოიყენოს
- ვიქტორ ორბანი აცხადებს, რომ ბენიამინ ნეთანიაჰუს უნგრეთში მიიწვევს და აძლევს გარანტიას, რომ ჰააგის სასამართლოს გადაწყვეტილებას არ შეასრულებს
- ვერ ვხედავთ ნიშანს, რომ რუსეთი ემზადება უკრაინაში ბირთვული იარაღის გამოსაყენებლად - პენტაგონი
- ტრამპი უფრო ძლიერია, მას შეუძლია აიძულოს პუტინი დათანმხდეს მშვიდობას - ზელენსკი
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება
- საქართველოს ნაკრებმა ჩეხეთი დიდი ანგარიშით დაამარცხა
- საქართველოს ეროვნული ნაკრები ერთა ლიგის გათამაშებისთვის ემზადება
- თუშიშვილი ვერც გუნდურ შეჯიბრებაში მიიღებს მონაწილეობას, ქართველ ძიუდოისტს ეკრძალება სხვა ტურნირებზე გამოსვლაც, ვიდრე კომისია საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებს