პრემიერი: არანაირად არ ვისურვებდი შეიცვალოს „რუსთავი 2“-ის სარედაქციო პოლიტიკა

საქართველო, თბილისი - 13:47 | 29.04.2016
ნანახია: 1391

საქართველოს პრემიერ-მინისტრის განცხადებით, „რუსთავი 2“-ის არსებული სარედაქციო პოლიტიკის შენარჩუნება მნიშვნელოვანია. გიორგი კვირიკაშვილმა ამის შესახებ ბოსტონში, ქართველ სტუდენტებთან შეხვედრის დაწყებამდე, ქართველ ჟურნალისტებთან განაცხადა. 
„ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია მედიის თავისუფლება. როგორც მოგეხსენებათ, ამ საქმეს აქვს ორი განზომილება - ეს არის საკუთრების და სიტყვის თავისუფლების და სარედაქციო პოლიტიკის დამოუკიდებლობის განზომილება. მე, რა თქმა უნდა, არ მაქვს უფლება და ვერც ჩავერევი ვერანაირად სასამართლო განხილვაში, თუმცა ერთი რამ მინდა ვთქვა - არანაირად არ ვისურვებდი, რომ ის სარედაქციო პოლიტიკა, რომელიც დღეს „რუსთავი 2“-ს გააჩნია, რამენაირად შეიცვალოს, განსაკუთრებით არჩევნებამდე“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
მისივე განმარტებით, მოქმედ ხელისუფლებას მედიის თავისუფლების შეზღუდვა ნამდვილად არ სჭირდება. 
„ჩვენ გვჭირდება, რომ დამოუკიდებელმა მედიაკომპანიამ აწარმოოს ის სარედაქციო პოლიტიკა, რომელიც მას მიაჩნია, რომ უნდა აწარმოოს. არანაირად არ ვისურვებდი, რომ „რუსთავი 2“-ის ის სტილი, რომელიც დღეს მას გააჩნია, რამენაირად შეიცვალოს“, - აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა.

 

 





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე