დოქტორი ალბერტო ბინი თავდაცვის უწყებაში

საქართველო, თბილისი - 18:25 | 28.04.2016
ნანახია: 1694

საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილე ანა დოლიძე ნატოს პოლიტიკურ საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის სამმართველოს, პარტნიორობის, თანამშრომლობის და ინტეგრაციის დირექტორს, დოქტორ ალბერტო ბინს შეხვდა. შეხვედრას ნატოს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელი უილიამ ლაჰიუ, თავდაცვის სამინისტროს ადამიანური რესურსების მართვისა და პროფესიული განვითარების დეპარტამენტის უფროსი ნინო ბაქრაძე და პროფესიული განვითარების ცენტრის უფროსი თეა ნიკოლაშვილი დაესწრნენ.

შეხვედრის ძირითად განსახილველ საკითხებს კეთილსინდისიერების ამაღლების კუთხით თავდაცვის სამინისტროში მიმდინარე და დაგეგმილი ღონისძიებები, ნატოს კეთილსინდისიერების ამაღლების პროგრამისა და ნატო-საქართველოს პროფესიული განვითარების პროგრამის ფარგლებში თანამშრომლობა, თავდაცვის ინსტიტუციური აღმშნებელობის სკოლის ჩამოყალიბება და განვითარება წარმოადგენდა.

თავდაცვის მინისტრის მოადგილემ ყურადღება გაამახვილა თავდაცვის ინსტიტუციური განვითარების სკოლის ფორმირების გეგმებზე. ანა დოლიძის განცხადებით, სკოლას უსაფრთხოების სექტორის განვითარების კუთხით მნიშვნელოვანი როლი ექნება როგორც ეროვნულ, ასევე, რეგიონულ და საერთაშორისო დონეზე.

შეხვედრაზე აღინიშნა, რომ თავდაცვის ანტიკორუფციული ინდექსის მიხედვით, საქართველომ მნიშვნელოვანი პროგრესი განიცადა. ქვეყანამ მაღალი რისკის ჯგუფიდინ საშუალო რისკის ჯგუფში გადაინაცვლა.

მხარეებმა ასევე ისაუბრეს თავდაცვის სამინისტროში კეთილსინდისიერების ამაღლების კუთხით განხორციელებულ საქმიანობაზე. დოქტორმა ბინმა დადებითად შეაფასა თავდაცვის სამინისტროს მიერ კეთილსინდისიერების ამაღლების კუთხით გაწეული სამუშაო და რეფორმის მიმდინარეობის პროცესში აქტიური თანამშრომლობის მზაობა გამოთქვა.





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე