პრეზიდენტის იმპიჩმენტის მთელი ეს პროცესი არის ფიქცია, რადგან კონსტიტუციური სამართლებრივი საფუძველი არ აქვს - ლევან ბეჟაშვილი

საქართველო, თბილისი - 15:41 | 04.10.2023
ნანახია: 1649

ზოგადად, მთელი ეს იმპიჩმენტის პროცესი არის ფიქცია, რადგან კონსტიტუციური სამართლებრივი საფუძველი არ აქვს, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარემ, ლევან ბეჟაშვილმა პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცედურასთან დაკავშირებით განაცხადა.

მისი თქმით, პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცესი უნდა შეფასდეს როგორც სამართლებრივად პოლიტიკური ფიქცია.

„ზოგადად, მთელი ეს პროცესი არის ფიქცია, რადგან კონსტიტუციური სამართლებრივი საფუძველი იმპიჩმენტის პროცედურას არ აქვს. ხელისუფლება მიზნად ისახავს ერთის მხრივ საზოგადოების ყურადღების გადატანას ამ არა არსებით თემაზე, იმავდროულად პრეზიდენტის წარმოჩენას იმისთვის, რომ თითქოს ის ერთადერთი ინსტიტუცია, რომელიც ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიღებისთვის იბრძვის, ამიტომ ეს პროცესი ზოგადად არის ფარსი, სადაც სამართლებრივ არგუმენტებს უკვე არსებითი მნიშვნელობაც აღარ აქვს. ისიც ვიცით წინასწარ საზოგადოებამ, რომ საკონსტიტუციო სასამართლო რა გადაწყვეტილებას მიიღებს, წინასწარ ისიც კი ვიცით რომელი მოსამართლეები დაწერენ განსხვავებულ აზრს, ამიტომ ეს პროცესი უნდა შეფასდეს, როგორც სამართლებრივად პოლიტიკური ფიქცია. სამწუხაროდ, პატარ-პატარა ორპროცენტიანი პარტიებს აქვს ეს ცდუნება, რომ მუდმივად „ნაციონალური მოძრაობა“ დაადანაშაულონ რამეში და აქ ამ შემთხვევაში ფოკუსი ცალსახად გასასწორებელი აქვს ყველას, რადგან ამ ქვეყნის მთავარი პრობლემა არის ის, რომ „ქართული ოცნება“ არის ხელისუფლებაში და პრაქტიკულად რუსულ პოლიტიკას ასრულებს. ამიტომ ამ სამართლებრივ ფიქციაში და ამ პროცედურებში ჩვენ მონაწილეობას არ მივიღებთ,“- განაცხადა ლევან ბეჟაშვილმა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე